რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა "პრიორიტეტებში" წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალაზე ისაუბრა. მისი აზრით, ამ კადრების განადგურება არ შეიძლება და ის საზოგადოებას უნდა აჩვენო, რათა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.
"ძალადობით არის სავსე ეკრანი. ჩართე ტელევიზორი, - ძალადობა, სექსი, ძალადობა, სექსი. სხვისი ყურება თუ შეიძლება, შენი დანაშაული რატომ არ უნდა ნახოს საზოგადოებამ?!" - განაცხადა ხაინდრავამ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში.
"მისაღებია თუ არა თქვენთვის წამების კადრების ხალხისთვის ჩვენება?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): რა თქმა უნდა, ეს კადრები საზოგადოებას უნდა აჩვენონ, რადგან ესაა ჩვენი მოურჩენელი ტკივილი. ცხადია, მისი ნახვა ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენება აუცილებელია. არ ვამბობ, რომ ამაზე 2-საათიანი გადაცემები უნდა გააკეთონ, მაგრამ ჩვენებისთვის მცირე ფორმატით რაღაც სხვა ფორმა მაინც უნდა მოინახოს. ამის დამალვა არ შეიძლება მარტო იმიტომაც, რომ მეორედ ამგვარი ფაქტი არ განმეორდეს. გარდა ამისა, რატომ უნდა მოატყუონ ხალხი, როცა ვიღაცები ამტკიცებენ, რომ წამებაში მონაწილეობა არ მიუღიათ? ხალხმა თავად უნდა ნახოს, ვინ იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები და შემსრულებლები, სახელებით და გვარებით უნდა იცოდნენ.
გიგი თევზაძე (სოციოლოგი და ფილოსოფოსი): რა თქმა უნდა, წამების კადრების ჩვენება მისაღები არაა და ცუდის მეტს არაფერს მოიტანს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ დასადგენია, რა წამების კადრებია, ამიტომ პოლიტიკური ძალებისთვის ამის გამოყენება, ყოვლად მიუღებელია. ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ახსნან, რა კადრებს აჩვენებენ და წარმოადგინონ მტკიცებულება, ესა თუ ის ფაქტი ხელისუფლების გაკეთებულია თუ მათი წინამორბედის.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): რა თქმა უნდა, ამ კადრების ჩვენება არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის მისაღები არ იქნება. თუკი ვინმე არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მონაწილეობას იღებდა, მაშინ ეს გამოძიებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს და დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ. სახალხოდ წამების კადრების ჩვენებით პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გალაშქრება და ამით ხაინდრავასთვის ქულების ჩაწერა, ვფიქრობ, მისთვის ცოტა ზედმეტი იქნება.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ შემთხვევაში ბატონ გოგა ხაინდრავას სრულიად ვეთანხმები, რადგან ასეთი ფაქტი მეორედ და მესამედ არსად არ უნდა განმეორდეს. ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა," როგორც პოლიტიკური პარტია, საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. მათ იმდენად საშინელი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ეს საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს და ნახონ კიდეც. ეს კადრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა განადგურდეს, არამედ უნდა დარჩეს, როგორც მსჯავრი "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ უსაშინლესი და უსასტიკესი კადრები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს ეხება, საზოგადოებამ უკვე ნახა. არ მგონია, ახლა ამ კადრების განმეორებით ჩვენება ნორმალური და ცივილური იყოს. ეს უკვე წარსულია და კიდევ ერთი ახალი შოკის მიღება ხალხისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.
მერე იტყვიან: აი, ასე რომ ლაპარაკობს "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალსო, მაგრამ კარგად გაიხსენონ, რომ 9 წელიწადი სწორედ მათ წინააღმდეგ გამოვდიოდი. დავიჯერო, ახლა ხელისუფლებას მეტი საჩვენებელი არაფერი აქვს? - ანახონ მათ მიერ გაკეთებული კარგი საქმეები, კიდევ კადრებზე ყურადღების გამახვილება წინასაარჩევნო სპეკულაციას უფრო დაემსგავსება, რაც არასწორად მიმაჩნია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე