ძი იანჩი: "ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში ახალ რეკორდს ამყარებს"
აკაკი გვიმრაძე
02.06.2016

 "სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტთან მიმართებაში - 2015 წელს საქართველოდან 2 670 000 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 122-პროცენტიანი ზრდაა. და ეს არ არის მაქსიმუმი - 2016 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ჩინეთში უკვე 770 000 ბოთლი გაიგზავნა, რაც კიდევ დამატებით 58-პროცენტით მატებაა.

"ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ, მაგრამ მუდამ გვიგულეთ თქვენს შორეულ ნათესავებად, ვისაც ქართველ ხალხთან მეგობრობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სურს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბარში ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, რომელმაც ჩინეთიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონის პოლიტიკური ვიზიტი დააანონსა.

"რეზონანსი": ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს. რა მთავარ სიახლეებს უნდა ველოდეთ 2016 წელს ორი ქვეყნის ურთიერთობაში?

ძი იანჩი: საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის დინამიკა ყოველ წელს მზარდია და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხარისხობრივად გამუდმებით უმჯობესდება.

ამ მხრივ გასული წელი გამორჩეული იყო - ორი ქვეყნის ლიდერებს შორის განხორციელდა რამდენიმე მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა. სავაჭრო ტვირთბრუნვამ 713 მილიონ დოლარს მიაღწია.

სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტთან მიმართებაში - 2015 წელს საქართველოდან 2 670 000 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც 122-პროცენტიანი ზრდაა. და ეს არ არის მაქსიმუმი - 2016 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ჩინეთში უკვე 770 000 ბოთლი გაიგზავნა, რაც კიდევ დამატებით 58 პროცენტით მატებაა.

ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს. ყოველ წელს ჩინეთის მთავრობა 20 სტიპენდიას გამოყოფს ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ეძლევათ საშუალება გაემგზავრონ ჩინეთში, მიიღონ უმაღლესი განათლება და შეისწავლონ ჩინური ენა. გვინდა, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ საქართველოში ახალგაზრდები, რომლებიც დაეუფლებიან ქართულ ენას და გაეცნობიან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

მყარდება პოლიტიკური ურთიერთობა. 2 ივნისს საქართველოში ჩამოვა ჩინეთის დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი უხელმძღვანელებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ დონის პოლიტიკური ვიზიტი ჩინეთიდან საქართველოში არ განხორციელებულა და სწორედ ეს იქნება მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" მშენებლობას, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს.

"რ": საქართველოსა და ჩინეთს შორის ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. რა სარგებელს მოუტანს ეს შეთანხმება ორ ქვეყანას?

ძ.ი: თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, მისი ხელმოწერა შესაძლებელი გახდება წლის ბოლომდე. ეს ხელშეკრულება სტიმულს მისცემს ვაჭრობის, ტურიზმის განვითარებას და ინვესტიციების ზრდას.

"რ": ტურიზმის თემა ახსენეთ და როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა ამ სფეროში?

ძ.ი: ტურიზმის განსავითარებლად კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. გასულ წელს ჩინეთიდან მხოლოდ 7 ათასამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც ძალიან ცოტაა. მიმდინარე წელს მატება შეიმჩნევა. საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას ახმარს ტურიზმის განვითარებას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უკეთესი შედეგები გვექნება.

ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება თბილისი-ურუმჩის მიმართულებით, რომელიც ზაფხულში კვირაში 3, ხოლო ზამთარში კვირაში 1 სიხშირით ხორციელდება და თვითმფრინავი მუდამ სავსეა მგზავრებით.

თუმცა, ამჟამად რამდენიმე ჩინური ავიაკომპანია, მათ შორის უმსხვილესი "ეარ ჩაინა" სწავლობს ქართულ საავიაციო ბაზარს და თბილისი-პეკინის მიმართულებით პირდაპირი რეისის გახსნის შესაძლებლობას, ეს დამატებით სტიმულს მისცემს ტურიზმის განვითარებას.

"რ": მოსალოდნელია თუ არა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსა და ჩინეთს შორის?

ძ.ი: სავიზო სისტემა გამართულად მუშაობს და ამ მხრივ არავითარი პრობლემები არ ექმნებათ არც ჩინელ და არც ქართველ ტურისტებს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი ბარიერების გარეშე მიიღონ ჩინეთის ვიზა და გაემგზავრონ ჩვენს ქვეყანაში. უარის თქმის მაჩვენებელი სავიზო მოთხოვნაზე ჩვენი მხრიდან ძალიან დაბალია.

ასევე ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ინტერნეტში ელექტრონულად შეავსონ სავიზო აპლიკაცია და მიიღონ საქართველოს ვიზა.

"რ": რა მსხვილი პროექტების განხორციელებას გეგმავს ჩინეთი საქართველოში და როგორ მიმდინარეობს "აბრეშუმის გზის" პროექტის რეალიზება მთლიანობაში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში?

ძ.ი: ჩინური კომპანია "დუნფანი" გეგმავს ქართველ პარტნიორთან ერთად ტყიბულში ქვანახშირის ელექტროსადგურის მშენებლობაში ინვესტიციის ჩადებას.

ყველაზე მსხვილი პროექტებიდან ასევე აღსანიშნავია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ლიფტების მწარმოებელი ქარხნის გახსნის პროექტი, ასევე ჩინელ ბიზნესმენთა ჯგუფი დაინტერესებულია საქართველოში ჩაის პლანტაციების გაშენებით, რადგანაც თქვენს ქვეყანას ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება და კულტურა აქვს, ასევე აქ შესაბამისი კლიმატური და გეოგრაფიული პირობები არსებობს.

საერთოდ ჩინეთის მთავრობა ცდილობს, რომ ჩინელი ბიზნესმენების სტიმულირება მოახდინოს საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებით და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია, რომ თქვენს ქვეყანაში ინვესტიციები განხორციელდეს.

"რ": თქვენ გასული წლის მიწურულს ჩამობრძანდით საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ?

ძ.ი: თითქმის 6 თვეა, რაც საქართველოში ვიმყოფები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან სტუმართმოყვარე, გახსნილი, მეგობრული და მათთან ძალიან ადვილი და სასიამოვნოა ურთიერთობის დამყარება.

თქვენი სიმბოლო - ქართლის დედა კარგად გამოხატავს ქართულ ხასიათს: ხმალი მტრებისთვის და ღვინით სავსე ფიალა მეგობრებისთვის. ამით ყველაფერი ნათქვამია.

ქართული ხაჭაპური ძალიან გემრიელია და რაღაც საშუალოა ჩინურ ღვეზელსა და იტალიურ პიცას შორის. ცალკე საუბრის თემაა ქართული ღვინო, რომელიც ისეთივე სავიზიტო ბარათია საქართველოსთვის, როგორც ჩაი ჩინელებისთვის. სულ უფრო მეტ ჩინელს ეძლევა საშუალება გემო გაუგოს ქართულ ღვინოს და ამით ნამდვილ საქართველოს ეზიაროს.

ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობთ, მაგრამ მუდამ გვიგულეთ თქვენს შორეულ ნათესავებად, ვისაც ქართველ ხალხთან მეგობრობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სურს.

ჩემი, როგორც ელჩის, მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და ქართველ და ჩინელ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×