"მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ჩამოაყალიბოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭო, რომელიც მეცნიერულ დონეზე მიაწვდის ანალიტიკურ ინფორმაციას ქართულ საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე," - აცხადებს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ახლად შექმნილ საბჭოსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": რა აუცილებლობით იყო გამოწვეული შექმნილიყო კიდევ ერთი ახალი ექსპერტთა ჯგუფი?
იგორ კვესელავა: საქართველო ნამდვილად არ განიცდის ექსპერტთა ნაკლებობას და დღეს ვისაც უნდა ჰკითხო, ყველა ექსპერტია, მაგრამ ეს საქმე ასე იოლი არ არის. ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს ქართველი მეცნიერების აზრი რომ გაეთვალისწინებინათ, ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ. რას იზამ, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერებს არ უსმენენ.
არავინ მინდა გამინაწყენდეს, მაგრამ განა ის ექსპერტული მოსაზრებები, რომლითაც გაჯერებულია დღეს ქართული მედია, სიღრმისეულია? მე ვფიქრობ, რომ ზერელეა და ხშირად ტენდენციურია, რადგან ან ხელისუთლების ნებას ახორციელებს ან რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესს გამოხატავს. ჩვენ კი აქედანვე ვაცხადებთ, რომ არავის ნავში ჩასხდომას არ ვაპირებთ და ეს იქნება სრულიად დამოუკიდებელი ჯგუფი.
"რ": საბჭოში მხოლოდ მეცნიერები შევლენ?
ი.კ: "საქართველოს მეცნიერ-ექსპერტთა საბჭოში" მხოლოდ მეცნიერები შევლენ, ეს დებულებაშიც გვიწერია. მაგრამ გამონაკლისის სახით დაიშვებიან ის ადამიანებიც, რომელთაც საექსპერტო მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ვვარაუდობთ, რომ ამ ჯგუფში იმუშავებს დაახლოებით 20-30 ადამიანი. საბჭო შეიკრიბება თვეში ერთხელ და დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს, მიაწვდის ანალიტიკურად დამუშავებულ მასალას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე. ასევე მომზადდება ანალიტიკური მასალები სამართლის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობის და სამხედრო მიმართულებით. ჩვენი კარი ასევე ღია იქნება მასმედიისთვის, რომელსაც ასევე არ მოვაკლებთ ანალიტიკურ მასალებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"რ": დღეს როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს, როგორ ემზადებიან პოლიტიკური ძალები არჩევნებისთვის?
ი.კ: დღეს სიტუაცია სრულიად გაუგებარია, თუმცა გარკვეული ანალიზის გაკეთება შეიძლება. დავიწყებ ოპოზიციური ძალებით. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა" თუ დღეს კიდევ ახერხებს, რომ იყოს პოლიტიკურ არენაზე, ეს "ოცნების" დამსახურებაა და მათ მიუძღვით ამაში ყველაზე დიდი როლი. "ოცნებას" თავის დროზე რომ გაეტარებინა სისტემური ცვლილებები და მთელი ენერგია არ შეელია "ნაცმოძრაობასთან" კოჰაბიტაციაზე, ეს პოლიტიკური ძალა დღეს ვერ იქნებოდა ვერც მატერიალურად უზრუნველყოფილი და არც მხარდამჭერები ეყოლებოდა. ასეთ ვითარებაში კი მათ შეუძლიათ ააგორონ გარკვეული უსიამოვნებები. დღეს მათ ხელთ არსებული ფინანსების დამსახურებაა, რომ მცირე გამარჯვებებს მაინც აღწევენ; თუმცა მათი დაბეჯითებული განცხადებები, რომ ამ ხელისუფლებას ოქტომბერში გაისტუმრებენ და კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, არარეალურია. "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, გაერთიანების შემთხვევაში გამარჯვების რაღაც შანსი ექნებათ.
"რ": პაატა ბურჭულაძის პოლტიკურ მომავალს როგორ ხედავთ?
ი.კ: საერთოდ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არც - ადრე უნდა მოხვიდე და არც გვიანო. სწორედ ეს კითხვა მიჩნდება, და არა მარტო მე, ამ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით - ადრე მოვიდნენ თუ უკვე დააგვიანეს? ისე, პაატა ბურჭულაძე ნამდვილად წესიერი და პატრიოტი კაცია და იმედია, საქართველოს საკეთილდღეოდ კიდევ მრავალ კარგ საქმეს გააკეთებს. ლევან ვასაძესაც რომ ჰყავდეს თავის გუნდი, ისიც საინტერესო პოლიტიკური ფიგურა გახდებოდა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვურჩევდი, შექმნას თავისი გუნდი და ჩაებას პოლიტიკურ პროცესებში.
"რ": როგორია თქვენი პროგნოზი, ეს არჩევნები მშვიდად ჩაივლის თუ კვლავ ქარიშხალი დაგვატყდება თავს?
ი.კ: რევოლუციის ქარიშხალს თუ გულისხმობთ, ეს გამორიცხულია, რადგან ამისათვის დღეს არც ქართული საზოგადოებაა მზად და არც ოპოზიცია, სულ ერთიანად რომ გაერთიანდნენ. პროგონზი კი ასეთია: თეორიულადაც და პარქტიკულადაც მომზადებულია "ქართული ოცნების" გამარჯვება არჩევნებში.