ია აბულაშვილი
02.06.2016

 "ოცნებას" აქვს ძალიან მაღალი შანსი ტოტალურად გაიმარჯვოს მაჟორიტარებში და საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღოს პარტიული სიით," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოს თავისებურებაზე ესაუბრა.

პეტრე მამარაძე: მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსების გათვალისწინებით "ოცნებას" აქვს ძალიან მაღალი შანსი, ტოტალურად გაიმარჯვოს მაჟორიტარებში, იმაზე დიდი პროპორციით, ვიდრე ახლა შვიდი-ორთან დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები; ასევე აქვს შანსი, საკმაოდ მაღალი პროცენტი აიღოს პარტიული სიით.

"ნაცმოძრაობას", რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ჩემი შეფასებით, ამ პოლიტიკურ ძალას მხარს უჭერს არა უმეტეს ამომრჩეველთა 10%-ისა, მაგრამ ეს არის სტაბილური და ერთგული ამომრჩეველი, ის ადამიანები, ვინც ძალიან იხეირა ნაცების რეჟიმის დროს და იმედი აქვს, რომ დაიბრუნებენ დაკარგულ პოზიციებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად "ოცნების" რეიტინგის კატასტროფული ვარდნისა, ნაცებს არ შეემატათ ახალი ხმები. პრობლემა ის არის, რომ თუ ბევრი ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე, და ეს კი შესაძლებელია, ვინაიდან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბევრი გაწბილებულია პოლიტიკოსებით, მაშინ შეიძლება მოხდეს, რომ ნაცების ამომრჩეველთა 10%, რომელიც ნებისმიერ ამინდში მივა არჩევნებზე, გაცილებით დიდ რიცხვს აჩვენებს. 40% რომ მივიდეს, ნაცების 10% იქნება ხმების 25%. სწორედ ასე აიღო დავით ბაქრაძემ ის 22% საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"რ": "ნაცმოძრაობას" გამოყოფილი ახლად შექმნილი ძალები ხმებს არ წაართმევენ?

პ.მ: "გირჩი" და ვაშაძე, რომელმაც მხოლოდ განცხადება გააკეთა და სხვა ნაბიჯები მისგან ჯერ არ ჩანს, ნაცების ერთგული ამომრჩევლების ხმას ვერ წაიღებენ. თუმცა ივანიშვილმა დადებითად ილაპარაკა "გირჩის" შემქმნელებზე, და მათ მაშინვე დიდი დაფინანსება მიიღეს. სააკაშვილის და მისი თანამზრახველების აქტიურობა "ოცნების" მიღწევაა, სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ შეუქმნა ის პირობები "ნაცმოძრაობის" ნარჩენებს, რომ არ ჩაძირულიყვნენ, ეტივტივათ და შეენარჩუნებინათ ორგანიზაცია და ფინანსები. ივანიშვილთან ამ მხრივ არავითარი პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ კოალიციას, სადაც იყვნენ და არიან გარკვეული პოლიტიკური გამოცდილების ადამიანები, სხვანაირად უნდა ემოქმედა. მაშინათვე უნდა დაეწყოთ მასშტაბური და ღრმა რეფორმები, ხალხისაგან მიღებული ნდობის კრედიტი მაშინ ამის საშუალებას იძლეოდა; ასევე, მაშინათვე უნდა მიეღოთ ზომები მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ხაზს ვუსვამ, არავითარი დევნა არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ მართლმსაჯულების აღსრულება. უნდა მიეღოთ ზომები მონოპოლიების წინააღმდეგ და ინვესტიციების მოსაზიდად. ეს ყველაფერი რომ გაეკეთებინათ, "ნაცმოძრაობას" ის ბაზაც არ შერჩებოდა, რაც ახლა აქვს.

"რ": თუ მოვლენები მათ სასარგებლოდ არ განვითარდა, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ "ნაცმოძრაობამ" ბრძოლის სხვა მეთოდები გამოიყენოს?

პ.მ: ექსცესების საშიშროება მათი მხრიდან ნამდვილად არის, მითუმეტეს თუ "ოცნება" ისე შეუწყობს ხელს როგორც შეუწყო ახლახან სამეგრელოში, ან პარლამენტში, როცა ბობოხიძის მორიგ პროვოკაციას წამოეგნენ და ჩხუბის კადრებმა მსოფლიო მოიარა. დაძაბულობის შექმნა მათი მხრიდან მოსალოდნელია, მაგრამ ვიცი, რომ "ოცნებაში" არიან ადამიანები, ვინც ამას ითვალისწინებს, ვინც ეცდება, რომ სპორტსმენები აღარ გამოჩნდნენ... ვფიქრობ, "ნაცების" პროვოკაციები ვერ მიაღწევს დიდ მასშტაბს.

"რ": რატომ აჭიანურებს "ოცნება" ახალი პარტიული სიის გამოქვეყნებას?

პ.მ: ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. გასულ წლებშიც ასე იყო, მახსოვს, კამათი და შეთანხმებები სიის წარდგენასთან დაკავშირებით ბოლო მომენტამდე გრძელდებოდა და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ოცნებას" გაუჭირდა ხალხის შეგროვება, ანუ ახალი სახეების მოძიება და სიის დაკომპლექტება. საქართველოში ამ მხრივ ადამიანური რესურსის დიდი დეფიციტია. ვრცელდებოდა ასეთი ხმებიც, რომ იყვნენ ადმიანები, რომლებმაც ოცნების შემოთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან გარკვეულ წრეებში "ოცნებას" იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, რომ ეთაკილებათ.

"რ": პოლიტიკურ არენაზე ახლად შემოსულ პაატა ბურჭულაძის და მის გუნდის მომავალზე რა პროგნოზს გააკეთებდით?

პ.მ: არა მგონია, ბურჭულაძის პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი ჰქონდეს. საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება, გადალახავს თუ არა ეს პარტია ბარიერს. ყურადღებით გავეცანი და გავაანალიზე ბურჭულაძისა და მისი თანაგუნდელების განცხადებები. მიმაჩნია, რომ სუსტი იყო, ვიტყოდი, უსუსურიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×