ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი, ეუთოს შუალედური დასკვნა, წინასაარჩენო გარემო, ხურჩაში მომხდარი მკვლელობა, პრეზიდენტის განცხადება "ქართულ ოცნებაში" "თავქარიანი", "მოძველბიჭო" დაჯგუფების შესახებ - ეს ის საკითხებია, რომელზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, ღია წერილში გადმოცემული აზრები ივანიშვილს ეკუთვნოდა და "იქ ვინ ანდაზას ჩართავს და ვინ მხატვრულად გააფორმებს, ეგ მეორეხარისხოვანია".
პოლიტოლოგის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი არ იყო ამომწურავი და ბევრი საკითხი ისევ პასუხგაუცემელი დარჩა.
სოსო ცინცაძე: რა თქმა უნდა, არ იყო ამომწურავი. მაგალითად, მე ყველაზე ძალიან მაინტერესებდა, რას იტყოდა მეცნიერებისა და განათლების კრიზისთან დაკავშირებით და საერთოდ არაფერი თქვა. თითქოს ახლა ჩვენთან მეცნიერება არის ამერიკის ან ევროპის დონეზე. საერთოდ არაფერი იყო ამ მხრივ ნათქვამი.
იგივეს თქმა შემიძლია სოფლის მეურნეობაზე. მე ძალიან კარგად ვიცი, ამ მიმართულებით რაც ხდება, ძალიან ხშირად ვსტუმრობ რეგიონებს და ვიცი, რა პრობლემები გვაქვს. ვიცი, რომ გლეხების უმეტესობა საშინელ მდგომარეობაშია, მითუმეტეს მთის რაიონებში, ხალხი შიმშილობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამიტომ, როგორ შეიძლება თქვა, რომ წერილი სრული და ამომწურავი იყო?!
"რეზონანსი": წერილთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა, მათ შორის ისიც, რომ ეს არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ რამდენიმე ადამიანის ნააზრევი იყო...
ს.ც.: თუ ვსაუბრობთ იმაზე, ეს იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ღია წერილი, ეს ჩეულებრივი მოვლენაა, როდესაც ლიდერს თუ თანამდებობის პირს ჰყავს მრჩეველთა გუნდი, რომელიც აძლევს მითითებებს, რჩევებს. იქ იმდენი სტატისტიკური მონაცემებია, იმდენი პროცენტული მაჩვენებლებია, რომ 1 ადამიანი როგორ შეიძლება თავში ინახავდეს ამდენს?!
მთავარი ის არის, რომ წერილში გადმოცემულია ივანიშვილის ხედვები, აზრები, მიდგომები, პრინციპები და იქ ვინ ანდაზას ჩართავს და ვინ მხატვრულად გააფორმებს, ეგ მეორეხარისხოვანია.
"რ": გამოქვეყნდა ეუთოს შუალედური კრიტიკული დასკვნა წინასაარჩევნო გარემოზე. როგორ შეაფასებდით ამ დასკვნას და თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო გარემო?
ს.ც.: საარჩევნო გარემო ისეთია, როგორიც საქართველოში ყოველთვის არის ხოლმე. ეს არის ქართული სინამდვილე და ამაში გასაკვირი არაფერია. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო კომპრომატების ომი, ურთიერთდაბრალებები, ძველი ცოდვების გახსენება. ვისაც სჯეროდა, რომ 2-3 წელიწადში ჩვენ ევროპას გავაოცებდით ჩვენი დემოკრატიის ხარისხით, ამაზე ლაპარაკსაც არ აქვს აზრი.
მერე გვიკვირს ევროპაში რატომ არ გვიშვებენ და ვიზალიბერალიზაციას არ გვაძლევენ. როდესაც უმრავლესობის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წევრი ამბობს, რომ მთელი საქართველო მარჯვენას ულოცავს იმ ბიჭებს, ვინც ვიღაცები ცემაო, კორცხელის ინციდენტს ვგულისხმობ, ეს უკვე ევროპა არ არის, ეს აზიაა. ყველას შეუძლია უკანონოდ, მაგრამ თავად აღადგინოს სამართლიანობა, არავითარი პროკურატურა, არავითარი სასამართლო... არსენა ოძელაშვილების დრო მოვიდა? ვინმე რამეს რომ დააშავებდა, სასამართლო არ იყო საჭირო, თვითონ დაიჭერდა და სჯიდა. ესე იგი ჩვენ ისევ იმ დროში ვართ?
ამიტომ ნუ გვიკვირს, რომ ევროპასთან ურთიერთობაში გარკვეული გართულებებია. ეს არის ქართული რეალობა.
"რ": ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე მინდა გკითხოთ. თავიდან გავრცელდა ხმა, რომ თითქოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მოგვიანებით ეს არ დადასტურდა. თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ მას დააკავებენ?
ს.ც.: ეს იყო დიდი ტრაგედია და თავის დროზე შეცდომა იყო ის, რომ იქ ყოფილა საგუშაგო და გაუქმდა. ჩვენ თუ თვითონ ვიღებთ საგუშაგოებს იმისთვის, რომ ხალხი ადვილად გადავიდეს და გადმოვიდეს, რომ ადვილად ივაჭროს, მაშინ იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ მსგავსი ტრაგედიები მოხდება.
თუ ეს დე ფაქტო საზღვარია, მას ისეთივე დაცვა სჭირდება, როგორც დე იურე საზღვარს. გასაგებია, რომ ამ საზღვარს არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს საზღვარი უკანონოა თუ კანონიერი, მაინც სჭირდება დაცვა. თუ ამ ხაზის იქით არის ჩვენდამი მტრულად განწყობილი, აგრესიული ხალხი და აქეთ - მშვიდობიანი მოსახლეობა, მაშინ ის გამართლება აღარ არის, რომ ეს ოფიციალური საზღვარი არ არის.
მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმ ვიღაც ოღლის დაიჭერენ და გაასამართლებენ. იქნება ის, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოცხადდა ძებნა, მაგრამ გადავიდა რუსეთში და ვეღარ პოულობენ. აი, ამით დასრულდება. მე არც ის გამიკვირდება, თუ ის ახლა მშვენივრად გრძნობს თავს გუდაუთაში ან სოხუმში.
"რ": როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, "ქართულ ოცნებაში" არის "თავქარიანი", "მოძველბიჭო" დაჯგუფება. ვის შეიძლება გულისხმობდეს პრეზიდენტი?
ს.ც.: მე ვერ გეტყვით ვის შეიძლება გულისხმობდეს გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ ის, რომ ბოლო ხანებში "ქართული ოცნება" "აიჭრა" და იქ ათასგვარი დაჯგუფებებია, ამას არ სჭირდება პრეზიდენტის დონის პოლიტიკოსი, რომ ეს შეამჩნიო. ეს ყველასთვის თვალნათლად ჩანს.
ცხადია, იქ ათასი დაჯგუფებაა არიან: "მრეწველები", ჯერ კიდევ სანახევროდ, მაგრამ მაინც, "სოციალ-დემოკრატები", ასევე არიან თითო-ოროლა "ვის დაკარგვიხარო" - ასეთი პოლიტიკოსები. ამიტომ კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ალბათ მხოლოდ მარგველაშვილმა იცის.