ლიკა ამირაშვილი
03.06.2016

 დღეს პარლამენტში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონპროექტს უყრიან კენჭს. ამ საკითხის განხილვამ შესაძლოა სერიოზული ვნებათაღელვის ფონზე ჩაიაროს. ყოველ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი თავად აკადემიაში სერიოზული დაპირისპირების მიზეზია.

კანონპროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ვანო კიღურაძემ მოამზადა. პროექტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს 70 წელს გადაცილებული პირი. წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტი კი სტიპენდიანტთა ინსტიტუტმა უნდა ჩაანაცვლოს.

აკადემიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ასაკობრივი ცენზის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ახალი თაობის მეცნიერებს უფრო მეტ პერსპექტივებს მისცემს და აკადემიის "გაახალგაზრდავებას" შეუწყობს ხელს. მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კანონის მომხრეთა აზრით, ასაკობრივი ცენზის დაწესების მოწინააღმდეგეები პირადი მოტივებით ხელმძღვანელობენ, რადგანაც ეს საკანონმდებლო ცვლილება ასაკის გამო მათ პირდაპირ ეხება.

ახალი კანონის მოწინააღმდეგეების ინიციატივით ბოლო პერიოდში აკადემიაში რამდენიმე კრება ჩატარდა. ზოგ შემთხვევაში ამ კრებებს გარეშე პირებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც აკადემიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ და განსაკუთრებული აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ.

აკადემიკოსთა ამ შეკრებებმა სიტყვიერი და ლამის ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. დაპირისპირება იყო 31 მაისს გამართულ კრებაზეც, სადაც კამათის მიზეზი კრების ლეგიტიმურობა გახდა, რადგან კანონის მომხრე აკადემიკოსთა უმრავლესობა კრებებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი არ არსებობდა, სხდომა მაინც ჩატარდა.

კვორუმის პრობლემა იყო აკადემიაში გუშინ გამართულ კრებაზეც, თუმცა, კრების მონაწილეებმა მაინც მიიღეს საგანგებო მიმართვა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელის სახელზე.

როგორც აკადემიკოსმა გოგი ჩაგელიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, გუშინდელი სხდომა დარღვევით დაიწყო და ამ კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს იურიდიული ძალა არ აქვს.

"სხდომის დაწყებამდე განცხადება კეთდება - რამდენი წევრია, რამდენი ესწრება და შედგა თუ არა კვორუმი. გუშინდელ სხდომაზე გამოაცხადეს, რომ სიითი შემადგენლობა 82-ს შეადგენსო, ამ რაოდენობაზე კი 50 კაციც საკმარისი იყო.

"სინამდვილეში სიითი შემადგენლობა 96 ადამიანს შეადგენს. ამ რაოდენობისთვის კი 58 ადამიანია საჭირო, რათა კვორუმი შედგეს. არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს, რომ განაცხადონ 82-იაო. მათი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ყველაფრის ფასად როგორმე კვორუმი შეეგროვებინათ. კანონის დარღვევაა, როდესაც სიით შემადგენლობას ცვლიან", - აღნიშნა ჩაგელიშვილმა.

მისი თქმით, სხდომას სოფლის მეურნეობის აკადემიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც ეროვნულ აკადემიასთან არავითარი იურიდიული კავშირი არ აქვთ.

"ისინი ცდილობენ ილუზია შექმნან, თითქოს ეს ორი აკადემია ამ კანონპროექტის წინააღმდეგია და ცდილობენ როგორმე პარლამენტზე იმოქმედონ, რათა კონკრეტულად ამ ადამიანების საწინააღმდეგო კანონი არ მიიღონ.

"მათ არავითარი იურიდიული ძალა არ აქვთ და არავითარი მნიშვნელობაც არ აქვს. ერთად გამოსვლა, ვფიქრობ, ორივე აკადემიისთვის ცუდია. წინა შეკრებაზე ვიცოდით, რომ მიმართვა უნდა გაგზავნილიყო პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის. გადაწყვიტეს, რომ წერილს გაუგზავნიან გია ვოლსკისაც. გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ამით ვოსლკისაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ.

"საქართველოში ყველა სოციალურ ერთობას გაუმჯობესება სჭირდება, ეს იქნება პარლამენტი, პროკურატურა თუ აკადემია. ამიტომაც რეფორმა აუცილებელია. თუკი ადამიანთა ერთობა რეფორმას ეწინააღმდეგება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფორმა არ უნდა მოხდეს. სისტემა თავის თავს ვერ გააუმჯობესებს. იმედია, პარლამენტზე დაყრდნობით ამ ცვლილებების კანონში მიღება მოხდება.

"მათ უბრალოდ თანამდებობების დატოვება არ სურთ. თავს იტყუებენ და იმის ილუზიას ქმნიან, თითქოს აკადემიაში ყველა ამ კანონის წინააღმდეგია, სინამდვილეში ეს ასე არაა. ცდილობენ, რადაც უნდა დაუჯდეთ, კვორუმი შეკრიბონ. როდესაც ნახეს, რომ წინა დღეს კვორუმი ვერ შედგა, განყოფილების წარმომადგენელს ყველა წევრთან დაარეკინეს. ვინც ეტყოდა, რომ ვერ მოდიოდნენ, მაშინ თავად ურეკავდნენ. რამდენიმემ უთხრათ კიდეც, რომ თქვენი მოვალეობა გამაფრთხილოთ და დასწრება ჩემი საქმეაო. ზოგიერთი ვერ ეწინააღმდეგებოდა, ყველა ძლიერი არაა, ამიტომ იძულებული გახდნენ, რომ მოსულიყვნენ", - აღნიშნა აკადემიკოსმა.

"რეზონანსი" შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია თავად აკადემიის პრეზიდენტთან, გიორგი კვესიტაძესთან გადაემოწმებინა, რომელიც ხსენებული კანონის მიღების წინააღმდეგია. "კვორუმი შედგა, მეტიც იყო ორივე აკადემიიდან. კრება, რასაკვირველია, ჩვეულებრივ ჩატარდა და აკადემიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და წერილი მთავრობას გადაუგზავნა. გავაგზავნეთ პრემიერ-მინიტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან", - აღნიშნა კვესიტაძემ.

კითხვაზე, გააგზავნეს თუ არა წერილი ფრაქციის თავმჯდომარის გია ვოლსკის სახელზე, გვიპასუხა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამთ.

რაც შეეხება სიით შემადგენლობას, როგორც კვესიტაძემ აღნიშნა, 96-დან 13 კაცი სიის გარეთაა.

"ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. 96-დან 13 კაცი დღეს ახლა გარეთ იმყოფება, ამიტომ, რასაკვირველია, სიებში გათვალისწინებული არ იყო. ვისაც ეს აინტერესებს, გადაეცით, რომ დროს ტყუილად ნუ კარგავს.

"პარლამენტში არის ხალხი, ვინც ჩვენს პოზიციას იზიარებს. გვარები და სახელი გითხრათ? ეგ რა კითხვაა? ძალიან ბევრს მეკითხებით", - გვიპასუხა აკადემიის პრეზიდენტმა.

დამატებითი კითხვებისთვის და სრულყოფილი პასუხებისთვის "რეზონანსმა" კანონის კიდევ ერთ აქტიურ მოწინააღმდეგესთან, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესთან სცადა დაკავშირება, თუმცა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ "რეზონანსს" მეცნიერებათა აკადემიიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

"მეცნიერებთა აკადემიიდან წერილი მივიღე. მათ თავისი შეფასებები აქვთ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო განხილვისათვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ვანო კიღურაძემ შემოიტანა.

"მენციერებათა აკადემიის სისტემას ძალიან ღრმად უნდა იცნობდე იმისათვის, რათა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა შეხედულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, უცებ გასცე პასუხი. ვითარებაში გასარკვევად სპეციალისტებსაც უნდა დავეკითხო და, რასაკვირველია, კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უაღრესად კომპეტენტური პიროვნებაა, მისი აზრიც დეტალურად გავიარო. მან ფრაქციის წინაშე მოხსენება გააკეთა და თავისი შეხედულებები წარმოადგინა, თუმცა იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ხედვა არ ჰქონდა. იქ უამრავი ადამიანი ჩაერთო რაღაც სტატიების დონეზე, შეხედულებები, მოსაზრებები, ხშირ შემთხვევაში მწარე ეპითეტების გამოყენებით და ეს საკითხი საქმიან შეფასებას ნამდვილად მოისაკლისებდა.

"ეს წერილი მეც მივიღე და ალბათ სხვა დეპუტატებიც მიიღებდნენ, რაც მეტი განსჯის საფუძველს იძლევა, ვიდრე ცალკეული გამოქვეყნებული სტატიები. საქმიანი ატმოსფეროს შექმნა იქნება უპრიანი, ვიდრე რაღაც ამ პოლემიკაში ჩართვა კამათის და ურთიერთშეფასებების დონეზე, მაგრამ ამას სათანადო კომპეტენცია სჭირდება. გია ვოლსკი იქნება თუ ნებისმიერი სხვა დეპუტატი, ვერ შეძლებს ამას, თუ არ დაეკითხა უფრო გამოცდილ საზოგადოებას.

"ცალკეული დეპუტატების მოსაზრება უნდა ჩამოყალიბდეს უფრო ფართო კომპეტენციის ადამიანებთან მსჯელობის საფუძველზე. საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც მეცნიერებათა აკადემიაში თავისი პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, რაღაც საკითხებია, რაზეც ეჭვები გამოითქვა. მათ შორის თუნდაც ასაკობრივი ცენზსა და წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით უფრო ღრმა ანალიზია საჭირო", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×