"მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მარგველაშვილის ამ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
"გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად იცის, რა გუნდია წარმოდგენილი "ქართულ ოცნებაში" და რა გუნდი ხელმძღვანელობს მას, ამ გუნდის დახმარებით გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი", - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
არიან თუ არა "ქართულ ოცნებაში" "მოძველბიჭო" ტიპის ადამიანები?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): "ვერ გეტყვით, მსგავსი დაჯგუფება არის თუ არა, მაგრამ კალაძე რომ პირდაპირ არის დაკავშირებული "შავ ძალებთან", ამაში ეჭვი არ მეპარება.
"თუ გამოთქმებს დავაკვირდებით, ვინ როგორ გამოხატავს აზრს, ჩანს ქუჩური ლექსიკა. მეც კარგად მახსოვს, როგორ "ძველბიჭობდნენ" "პლეხანოვზე", მთაწმინდაზე...
"ლექსიკა ძალიან ძველბიჭურია და ალბათ ასეთი მორალიც აქვთ, მაგრამ ძირითადად "შავ ძალებთან" უფრო მგონია, რომ აქვთ კონტაქტი. შიშის დათესვა, აგრესია და მსავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, ქუჩის ფაქტორიდან გამომდინარეობს და თქვენ თუ გინდათ, "ძველბიჭობა" უწოდეთ."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "რაზე დაყრდნობით გააკეთა პრეზიდენტმა მსგავსი განცხადება და ვის გულისხმობს "მოძველბიჭოში", გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი რამ არ შემინიშნავს და არც ის ვიცი, რას ნიშნავს ეს ტერმინი.
"ხელისუფლებაში ასეთი პირები მე არ დამინახავს. უკეთესი იქნებოდა, დაეკონკრეტებინა, ვის გულისხმობდა და ვის განიხილავს "ძველ ბიჭად". ასე უფრო გასაგები გახდებოდა მისი განცხადება."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): რას ნიშნავს "მოძველბიჭო," არ ვიცი. ადამიანს თუ კაცურად შეუძლია ხელი გაიქნიოს და შეიგინოს, ასეთები ყველგან არიან - "ქართულ ოცნებაშიც", "ნაციონალებშიც", კომუნისტებშიც და ყველგან. გააჩნია, რა კონტექსტში გვინდა ვთქვათ ეს "მოძველბიჭო.
"პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები. "ძველბიჭობა" იმას არ ჰქვია, თუ მუშტის გაქნევა შეგიძლია."
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): "თუ იმას ჩავთვლით, რომ ორგანიზებული იყო მოჭიდავეების კორცხელში ჩაყვანა, მაშინ ეგეთი პირი უჩანს. რადგან თავისი სურვილით ისინი არ ჩავიდოდნენ და ცხადია, რომ ვიღაცამ ორგანიზება გაუკეთა. ამიტომ ეს "მოძველბიჭობა" არის თუ რა, არ ვიცი.
"ფაქტი ისაა, რომ ჩასულები იყვნენ იქ, რათა დაძაბულობის შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორება მომხდარიყო. ამისთვის არსებობს პოლიცია და თუ "ნაციონალების" მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს ელოდებოდნენ, გაეზარდათ პოლიციელების შემადგენლობა და აღმოეფხვათ ეს დაპირისპირება.
"თუ ვინმემ ამას "ოცნებაში" გაუკეთა ორგანიზება, ვფიქრობ, იმისთვის, რომ მთელ გუნდს არ დაბრალდეს ასეთი არასწორი ნაბიჯი, მათ უნდა გამოავლინონ და დასაჯონ დამნაშავეები."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე