ივანიშვილის სკანდალური ინტერვიუ, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა
ეკატერინე ბასილაია
03.06.2016

 "ჩემი წერილი წაკითხული გაქვთ?" - ეს იყო ყველაზე ხშირად და გაღიზიანებით ნათქვამი ფრაზა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გუშინ პირველ არხზე, გადაცემა "ინტერვიუში" დასმული კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ და გადაცემასაც ეს ფრაზა ერთგვარ რეფრენად გასდევდა.

"ჩემი არ გაგიგიათ და თქვენი არ მოგიმზადებიათ... მე წერილში ყველაფერი არგუმენტებით მქონდა წარმოდგენილი და ჩემი ციტატა არც ერთი არ გაწყობთ?.. ჩვენ წერილი უნდა გაგვერჩია და თქვენ ის უნდა გაგეკრიტიკებინათ... გახვედით ჩემი წერილიდან...

"ძირითადად თქვენ საუბრობთ და ჩემი წერილი არ გაინტერესებთ..."- ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას გაცხარებით აღნიშნავდა ივანიშვილი ამ ერთგვარი სატელევიზიო დუელისას, რომელიც ბოლოს უკმაყოფილოდ დაასრულა იმ წინადადებით, რომ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული წერილის ირგვლივ საუბრის შესაძლებლობა არ მიეცა.

შეკითხვების გამო გაღიზიანება და ჟურნალისტის კრიტიკა კი გუშინდელ ინტერვიუს არ აკლდა. არაფორმალურ მმართველობაზე და საყდრისზე დასმულ შეკითხვას მოჰყვა ივანიშვილის მხრიდან პირველი შენიშვნა იმაზე, რომ ის ყველაფერს გასაგებად ხსნიდა, მაგრამ ჟურნალისტი მას არ უსმენდა. ასევე საყვედური იმაზე, რომ ჟურნალისტი ძალიან ბევრ შეკითხვას უსვამდა ისეთს, რომელიც მის წერილს არ ეხებოდა და ანალიზის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, ამ საყვედურის პარალელურად იყო პასუხგაუცემელი შეკითხვებიც.

ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრსა და "პანორამა თბილისზე" საუბარი კატეგორიულად არ ისურვა. არ ისაუბრა არც იმაზე, რა კეთდება კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანთა უფლებების გასაუმჯობესებლად. ასევე რუსეთთან ურთიერთობაზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე შეკითხვისას განაცხადა, რომ ამ თემაზე ბევრჯერ უსაუბრია და პოზიცია იგივე აქვს.

დაძაბულობის პირველი მუხტი არაფორმალური მმართველობის გამო დასმული შეკითხვიდან დაიწყო. ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ერთი რიგითი მოქალაქეა და არა არაფორმალური მმართველი, მიუხედავად იმისა, აღიარა, რომ ღარიბაშვილის გადადგომაში და შემდეგ კვირიკაშვილის დანიშვნაში მონაწილეობა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ეკონომიკის მინისტრსაც ხვდება.

თქვა, რომ ყოფილი პრემიერი ხშირად მის რჩევებს არ ისმენდა, კვირიკაშვილი კი კიდევ უფრო პრინციპულია. ამიტომ არ ესმის, რატომ ითვლება, რომ ის მართავს მთავრობას. "მე მოქალაქის რანგში წარმოგიდგებით თქვენ დღეს და სხვა სპეციალური სტატუსი არ გამაჩნია", - ასე უპასუხა ივანიშვილმა წამყვანის შეკითხვას "ვის ვესაუბრებით დღეს ჩვენ?".

ხოლო შეკითხვაზე, რამდენად უქმნის ქვეყანას საფრთხეს ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირება, ივანიშვილის თქმით, თუ ხალხი "რუსთავი 2"-ს და სიცრუის მანქანას არ მოუსმენს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია, ამიტომაც მასთან მიმართებაში სიტყვა "საფრთხის" გამოყენება გადაჭარბებულია.

ჟურნალისტს მოუწოდა, რომ ბოლომდე მოესმინა, თუ "რა კარგად სცემდა პასუხს". განაცხადა, რომ საყდრისის თემა სულაც არ იყო პრობლემური და ის, რაც ამ საკითხის გარშემო მოხდა, "რუსთავი 2"-მა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელოვნურად შექმნეს.

მოსამართლე მურუსიძის შესახებ აღნიშნა, რომ "ნაციონალებისგან" მურუსიძის კრიტიკა მიანიშნებს, რომ მან თავი დააღწია მათ ზეწოლას და მისთვის მურუსიძის ქცევაზე მეტად სამარცხვინო იყო, გირგვლიანის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ გიგი უგულავა რომ პოლიტპატიმრად დაასახელა; თქვა, რომ ადამიანის უფლებებით დღეს საქართველო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს თამამად შეიძლება შეედაროს; განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა, ევროატლანტიკური სტრუქტურის ნაწილი გავხდეთ და რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს სახიფათოა მათი სახელმწიფოსთვის...

"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, განვლილი წლების მიუხედავად, ივანიშვილმა ვერა და ვერ შეიძინა უნარი საჯარო სივრცეში საკუთარი თავის წარმატებით გამოსაჩენად. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ ეს ეთერი "ბიძინისტებისთვის" იქნება უაღრესად დიდი ძალის მიმცემი ფაქტი, ხოლო მის მიმართ კრიტიკულად განწყობილები არც დამალავენ ნეგატიურ შეფასებებს.

"ივანიშვილი საკუთარი ინტერვიუებით თუ ვინმეს ვნებს, ეს თავადაა. ამ გამოსვლით მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩეული რესპონდენტი თუ გამოთქვამს კმაყოფილებას. ამ ადამიანს შეიძლება სინანულით მოვაყოლოთ, სინამდვილეში რა უნდოდა და რა გამოუვიდა. ამიტომ თავს ვიკავებ კომენტარებისგან, რომ ტკივილი არ მივაყენო.

"ბატონი ბიძინა აპირებდა, მხოლოდ საკუთარ წერილზე ესაუბრა და იქ მოყვანილი ფაქტებით ეტრაბახა. ამის საშუალება ჟურნალისტმა არ მისცა, ეს ადამიანი კი ექსპრომტისთვის მზად არ არის. მას აქვს გარკვეული დაზეპირებული თემები. ამიტომაც არის, რომ ყოველი გამოსვლისას ერთნაირად მოთქვამს ქვეყნის წარსულზე "ნაციონალების" ხელში.

"როდესაც ეს ხდებოდა 2012 წელს, ასეთ შეფასებებში, ცხადია, უფრო ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე 2016-ში. არა იმიტომ, "ნაციონალებში" ანგელოზები აღმოაჩინა ვინმემ, არამედ იმიტომ, რომ ბატონი ბიძინას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა სივრცემ თავი შეირცხვინა. ამიტომ ჟურნალისტთან პირისპირ საუბრის შეფასება მხოლოდ მაშინაა საინტერესო და ღირსი, როდესაც რესპონდენტი მჭევრმეტყველი, გახსნილი და თვითკმაყოფილების გარეშეა, რასაც ვერ ვიტყვით იმ სანახაობაზე, რაც პირველმა არხმა გვაჩვენა.

"მაღალი ჟურნალისტური კლასის მქონე წამყვანი არ შედრკა და მისგან უფრო საინტერესო იქნება აზრის მოსმენა იმაზე, თუ თავად რას გრძნობდა ამ არასტანდარტულ რესპონდენტთან საუბრისას,"- აღნიშნავს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, ივანიშვილი ვერც კი ხვდება, "საოცარ დემოკრატიაში" რამდენად უცნაურად ჩანს მის მიერ ნათქვამი ის ფრაზა, რომ პრემიერების შეცვლაში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, დამაჯერებელი არ იყო მისი ოდა, თუ როგორ და რატომ გადადგა ღარიბაშვილი და ასეთი პასუხგაუცემელი შეკითხვები ბევრი იყო.

"ეტყობა, ასაკის ბრალიცაა, რადგან კარგად მახსოვს, ივანიშვილი ტრაბახობდა, ღარიბაშვილს ჩემგან 2-ჯერ თქმაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე იგებსო, ახლა კი თქვა, რომ საერთოდ არ მისმენდაო. ვუსურვებდი, რომ ჯერ სათქმელი კარგად მოამზადოს და ისე დაიპყროს ტელესივრცე. დემოკრატიის იმ წარმოდგენაში, რომელიც ბატონ ბიძინას ეამაყება, მაფიქრებინებს, რომ ის კარგად ვერ აცნობიერებს განსხვავებას დემოკრატიასა და "მეჭიაუროკრატიას" შორის," - დასძენს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს ინტერვიუ არ იყო, იყო კინკლაობა და მას კრიტიკული შენიშვნები უფრო წამყვანის მიმართ გაუჩნდა.

"ზოგადად ამ ინტერვიუსაგან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა. ფაქტობრივად არც არაფერი თქმულა, მთელმა ინტერვიუმ ჟურნალისტსა და ივანიშვილს შორის კინკლაობაში გაიარა. "გულწრფელად რომ გითხრათ, მე ჟურნალისტის ქცევამ უფრო გამაოცა, ვიდრე ივანიშვილის პასუხებმა. ივანიშვილი ხშირად იმეორებდა, რომ მისი წერილის ირგვლივ უნდა ყოფილიყო შეკითხვები. თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა, მაშინ მართლა წერილზე უნდა ელაპარაკათ.

"მე წერილი წაკითხული მაქვს და იქ უამრავი ისეთი საკითხია, რაზეც მწვავე შეკითხვების დასმა შეიძლებოდა. რა კითხვებიც დაისვა, ის ათასჯერ იყო დასმული და მას აზრი გამოთქმული ჰქონდა. ის, რომ რეფრენად გასდევდა "წაკითხული გაქვს წერილიო", ზოგჯერ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წერილი მხოლოდ გადაკითხული ჰქონდა. "იყო მომენტები, როდესაც ივანიშვილამ თქვა - ჩავამთავრებ პასუხს და შემდეგ დამისვით შეკითხვაო. საერთოდ მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა," - აღნიშნავს ძაბირაძე. ამბობს, მოეჩვენა, რომ ჟურნალისტმა თავიდანვე აგრესიული ტონი აიღო. "მე ველოდი, უფრო მომზადებული იქნებოდა ერთი მხარე და ადეკვატური იქნებოდა პასუხებიც," - ამბობს ძაბირაძე და დასძენს, რომ ასეთი ინტერვიუები ივანიშვილის იმიჯის საზიანო არ არის, პირიქით, ხვალ სატელეფონი გამოკითხვა რომ ჩაატაროს ვინმემ, 80% იტყვის, რომ ჟურნალისტი ცუდად იქცეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×