სოსო ცისკარიშვილი: "კვირიკაშვილი მოახერხებს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური"
თიკო ოსმანოვა
04.06.2016

 "უფრო ხმაურიანი და სანახაობითი იქნება წინასაარჩევნო კამპანია. "ქართული ოცნებისთვის" დებიუტია ეულად გასვლა საარჩევნო სივრცეში. და ჩემი აზრით, მიუხედავად არსებული განსხავებული მიდგომისა, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ჩართვა არჩევნებში მაინც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე დამოუკიდებლად გასვლა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის გადაყენებაზე და ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე "რეზონანსი" სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: ალბათ არსებობს მიზეზი იმ ცვლების, რომელიც პრემიერ-მინისტრმა განახორციელა. განათლების მინისტრის შეცვლაზე საუბარი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და თავისთავად ახალი მინისტრის მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნა იქნება წამოყენებული.

გავეცანი ახალი მინისტრის განათლების წყაროებს, თუმცა ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია არსებობს მისი სამსახურებრივი კარიერის შესახებ.

ჩემთვის სრულიად სანდოა პრემიერ-მინისტრი, მას რაიმე შეცდომა საკადრო საკითხებში ჯერ არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება ახალი მინისტრიც, მაგრამ რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას ახალ მინისტრთან დაკავშირებით, მით უფრო სიმშვიდე იქნება ამ სისტემაში.

თავისთავად არცთუ მშვიდი გარემო ელოდება ახალ მინისტრს სამასახურებრივი საქმიანობისას და საინტერესოა მისი უნარი აჯანყებულ სტუდენტებთან ურთიერთობისა.

ჩემთვის ერთი რამ ცხადია - ბატონი კვირიკაშვილი ბევრად უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელია და უფრო მეტი გამოცდილების მქონე, ვიდრე მისი წინამორბედები. ამიტომ გამიკვირდება, თუ რომელიმე ისეთი პირი დაინიშნა მაღალ თანამდებაზე, რომელიც მისაღები არ იქნება საზოგადოებისთვის. ბატონი გიორგი საკმაოდ გამოცდილია, რომ რაიმე მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიიღოს. ეცადოს, იყოს დამოუკიდებელი მთავრობის თავმჯდომარე და არ იყოს დაქვემდებარებული რაიმე სახის ზეწოლას ნებისმიერი მხრიდან.

"რ": თუმცა ის, რომ მთავრობას არაფორმალურად ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს, ეს ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუში პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დადასტურდა და შეძლებს გიორგი კვირიკაშვილი დამოუკიდებლად მართვას?

ს.ც.: ეს მასზე დამოკიდებული არ გახლავთ მხოლოდ. თუმცა პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად გამაჩნია. ვკითხულობ და ვუსმენ მისი წინამორბედის სტატიებს და გამოსვლებს ტელევიზორში. საზოგადოების პოზიცია ბატონი კვირიკაშვილისთვის ცნობილია და დარწმუნებული ვარ ის მოახერხებს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, იყოს წარმატებული თავმჯდომარე ჩვენი მთავრობის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და წერილს, ჯერჯერობით როგორც დავინახე, ცნობიერებითი ცვლილება ამ ადამიანში არ მომხდარა და მისი დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ ალბათ უფრო აღიქმება, როგორც ქართული "მეჭიაუროკრატია" და არა დემოკრატია.

საშურ ვითარებაშია ჩვენი პრემიერი, მაგრამ განვმეორდები, რომ მისი განვლილი ცხოვრების გზა და პირადი თვისებები გახლავთ საყრდენი, რომელიც თვალსაჩინო წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

"რ": ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვას გეგმავს. როგორც აცხადებს, მოივლის რეგიონებს და ისევ შეხვდება მოსახლეობას. თქვენი აზრით, ამით გაიზრდება თუ არა "ქართული ოცნების" რეიტინგი,?

ს.ც.: რასაკვირველია, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით დღევანდელი "მეოცნებეებისთვის" ეს საკმაოდ ძნელი იქნება. განვლილი 4 წელი, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა რაიმე სახით მიახლოებული საერთო ოცნებებთან, მაგრამ ნათქვამია - ფული ჯოჯოხეთს ანათებსო.

უფრო ხმაურიანი და სანახაობითი იქნება წინასაარჩევნო კამპანია. "ქართული ოცნებისთვის" დებიუტია ეულად გასვლა საარჩევნო სივრცეში. და, ჩემი აზრით, მიუხედავად არასებული განსხავებული მიდგომისა, ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ჩართვა არჩევნებში მაინც იქნება უკეთესი შედეგის მომტანი, ვიდრე დამოუკიდებლად გასვლა.

"რ": რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ხედავთ თუ არა ამ პროცესებში პოლიტიკურ სარჩულს?

ს.ც.: პოლიტიკური სარჩული ძნელია რომ არ დავინახოთ, მაგრამ რასაც თვალყურს ვადევნებთ ტელეკრანებზე, პოლიტიკური სარჩული გადადის უკანა პლანზე და არანაკლებ მიუღებელი ფორმატის მომსწრენი ვართ.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები ფართო საზოგადოებას უზრდელობის გაკვეთილებს უტარებენ და ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საერთოდ გასულია ცივილიზებული ფორმატიდან.

ასეთი სასამართლო სხდომის წარმართვა გაუჭირდებოდა ძალიან გამოცდილ მოსამართლეებსაც, მაგრამ ამჟამად უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია, რომ, რაც უნდა განაწყენებული იყოს ბრალდებული მოსამართლის მიმართ, უნდა იყოს გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული და სპექტაკლები უზრდელობისა და თავხედობისა გარიყული იქნას ქართული მართლმსაჯულებისგან, რომელსაც ისედაც უამრავი ცოდვა აქვს მოსანანიებელი.

ის, რაც ყოველდღე ისმის საქართველოდან ევროპის დედაქალაქებში, არის მზაობა, რომ არ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია.

ახლა გამოჩნდა თურმე "რუსთავი 2" აუცილებელი სუბიექტი მეპატრონის შეცვლისა. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევის რეალობაც ადვილად გასაშიფრია. არის ბევრი ასეთი თემა, რომელიც შეიძლებოდა გადადებულიყო ივნისის ბოლოსკენ, რომ მანამდე ვიზალიბერალიზაცია მიგვეღო.

ასევე ის დღე და ის კადრები როდის დაავიწყდება ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჯერ კიდევ საკითხავია. ვგულისხმობ შუალედურ არჩევნებს, რაც იყო სრულიად შემარცხვენელი ჩვენი ქვეყნისა. მის შემდეგ გატრუნული პროკურატურა იმის მიმანიშნებელია, რომ ეს არ იყო სპონტანური დაპირისპირება.

"რ": ანუ, თქვენი აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერეხება საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია?

ს.ც.: რასაკვირველია. ჩვენ ისედაც ძალიან ფრთხილნი უნდა ვყოფილიყავით და უნდა შეგვეთავაზებინა სრულიად მკაფიო შესაძლებლობები რეადმისიის მიმართ. მაგრამ როდესაც ქვეყნდება სტატისტიკა, რომ მხოლოდ გერმანიაში 2015 წელს ციხეებში აღმოჩნდა საქართველოს 4 ათასზე მეტი მოქალაქე, აქ დიდი მოლოდინი მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო.

ერთადერთი შანსი უვიზო მიმოსვლის მიღების იყო ჩვენი დემოკრატიის გაჯანსაღების მიმანიშნებელი ბევრი შემადგენელი ნიშნები, თუმცა მოხდა პირიქით.

ძალიან კარგია მეგობრობა, ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავს ასე უთავმოყვარეოდ თუ წარვუდგენთ ევროპას, საოცრება იქნება, თუ ასეთ დათმობაზე წამოვლენ ჩვენი ევროპელი მეგობრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×