"ომარ ნიშნიანიძეს ვურჩევ, კარგად ჩამოყალიბდეს რა უნდა"
ელზა პაპოშვილი
04.06.2016

 პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური პარტიით და გუნდით აპირებს. მისი თქმით, მოლაპარაკება სხავადსხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან ჯერ თავს შეიკავებს.

მეჭიაური ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის გუნდში შესაძლოა გაწევრიანება სურდეს როგორც ნონო ბურჯანაძის, ასევე გოგი თოფაძის პარტიის წევრებს. თუმცა ის მათ მოუწოდებს, რომ ურთიერთობა ჯერ საკუთარი გუნდის ლიდერებთან გაარკვიონ და მის პარტიაში გადასვლაზე შემდეგ იფიქრონ.

დეპუტატი ამბობს, რომ მას არ სურს პარტია "ქართული ოცნების" მიერ დაწუნებული დეპუტატებით დააკომპლექტოს. მის განცხადებით, "ოცნების" ზოგიერთი დეპუტატი, ჯერ მოვლენების განვითარებას ელოდება - იქნება პარტიის საარჩევნო სიაში სასურველი ადგილები მიიღონ, თუ არა და შემდეგ მის პარტიაში გადავლენ. მეჭიაურს ასეთი საქციელი სწორად არ მიაჩნია და მათ დროზე ჩამოყალიბებას ურჩევს.

თამაზ მეჭიაური: დიახ, მე გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის წინაშე ჩემი ახალი გუნდით წარვდგე. ამისთვის მოლაპარაკება მიდის სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, თუმცა მოლაპარაკების დასრულებამდე ჯერ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემს წინასაარჩევნო გეგმებს და ახალ პოლიტიკურ პარტიას უახლოეს მომავალში წარვუდგენ.

"რეზონანსი": იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ, პარტიის დასარეგისტრირებლად არც ისე დიდი დრო დაგრჩათ. თუ გაქვთ უკვე გადაწყვეტილი პარტიის სახელი და ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც თქვენს პარტიაში გაწევრიანდებიან?

თ.მ.: სახელი გადაწყვეტილი მაქვს, თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ მოლაპარაკებები არ დამისრულებია და მათთან შეთანხმების გარეში სახელის თქმისგან თავს შევიკავებ. ორი კვირა არც ისე ცოტა დროა და პარტიის დარეგისტრირებასაც მოვასწრებ. მხოლოდ მთავარი საკითხების გარკვევაღა დარჩა და ამის შემდეგ უკვე ყველაფერზე ჩავმოვყალიბდებით.

"რ": ჩვენი ინფორმაციით, თქვენ პარტიის შექმნაზე სანდრო ბრეგაძესთან გქონდათ მოლაპარაკება...

თ.მ.: კი, სანდრო ბრეგაძესთან მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებმადე არ მივსულვართ. მის გარდა კიდევ სხვა ადამიანებთანც მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ მათ სახელებს და გვარებს ჯერჯერობით ვერ გავამხელ, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება. იმას დავადასტურებ, რომ პარტიაში შეიძლება ცნობადი სახეებიც ვიხილოთ.

"რ": ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თქვენ მოლაპარაკებებს ნინო ბურჯანაძის და გოგი თოფაძის პარტიის წევრებთანაც ახორციელებთ. შესაძლოა, თქვენს პარტიაში ეს ხალხიც ვიხილოთ?

თ.მ.: მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ - რომ არავის თანაგუნდელებზე არ ვნადირობ და არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მათი პარტიის წევრების გადაბირებას ვაპირებდე. მე იმ ადამიანებს, ვისაც ჩემს პარტიაში გაწევრიანება სურთ, ერთი რამ მინდა ვუთხრა - ჯერ საკუთარ ლიდერებთან გაარკვიონ ურთიერთობა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ.

არ მივესალმები იმას, რომ იმ გუნდის ლიდერებთან, რომელთაც პერსპექტივაში პოლიტიკურ პარტნიორებად მივიჩნევ, მათ ყოფილი გუნდის წევრებს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდეთ. სწორად არ მიმაჩნია, რომ პოტენციურმა პარტნიორმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთის თანაგუნდელებზე ინადირონ. მე გოგი თოფაძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მის გაფუჭებას არ ვაპირებ.

"რ": რას იტყვით იმაზე, რომ შესაძლოა ომარ ნიშნიანიძე თქვენს პარტიაში ვიხილოთ, შეიძლება "ქართული ოცნებიდან" კიდევ სხვა წევრებიც გადმოვიდნენ, მაგალითად, დავით ლორთქიფანიძე?

თ.მ.: ომარ ნიშნიანიძეს ვურჩევ, კარგად ჩამოყალიბდეს, რა უნდა. ვფიქრობ, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ახლა "ოცნების" წევრები თუ დაელოდებიან, რომ მათ იმ მანდატებს მისცემენ, რომლიც სურთ და თუ არა და გაბრაზებულები მერე ჩემთან წამოვლენ, მე ასეთი საქციელი სწორად არ მიმაჩნია.

მაპატიეთ, მაგრამ არ მსურს, რომ ჩემი ახალი პარტია "ქართული ოცნების" დაწუნებული დეპუტატებით დაკომპლექტდეს. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ისინი ჩამოყალიბებული უნდა იყვნენ, ეთანხმებიან თუ არა იმ ხედვას, რაც მე მაქვს და რაც საზოგადოებისთვის არჩევნებზე ჩემი მთავარი გზავნილი იქნება. ახლა თუ მათ განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ და ჩემს პარტიაში მხოლოდ იმიტომ წევრიანდებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, ასე ნამდვილად არ მინდა.

"რ": რა იქნება თქვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური აქცენტები, რომელზეც წინასაარჩევნოდ ყურადღებას გაამახვილებთ?

თ.მ.: ძირითადად აქცენტს ეროვნულობაზე გავაკეთებ და ჩემი პოლიტიკური პარტია არც დასავლეთიდან და არც ჩრდილოეთიდან მართული არ იქნება.

რაც შეეხება საგარეო კურსს, ჩემი გუნდი, პირველ რიგში, ორიენტირებული ქვეყნის ინტერესებზე იქნება. მთავარი აქცენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გაკეთდება.

რაც შეეხება საგარეო ვექტორს, თუ საჭიროა დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც უნდა ველაპარაკოთ. ყველა ქვეყანასთან ურთიერთობა მხოლოდ ქვეყნის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, რაც მნიშვნელოვან საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს ეხება, ეს ყველაფერი მოსახლეობასთან შეთანხმებით პლებისციტით და რეფერენდუმით უნდა წყდებოდეს.

ყველა ამბობს, რომ ნატოში შესვლას მხარს უჭერს, თუმცა არ ამბობენ, როგორ შედიან - ტერიტორიების გარეშე თუ მასთან ერთად. პირველ რიგში, ასეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისგან მანდატი უნდა ავიღოთ. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ამერიკის ელჩი ჩვენს ქვეყანაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით ზეწოლას ახორციელებდეს.

"რ": გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი მისი დაწერილი არ არის და მას საკუთარი გარემოცვა ატყუებს. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

თ.მ.: პირველ რიგში, წერილს მის გარეშე რომ არ დაწერდნენ, ფაქტია. თუმცა მთავარი მაინც მისი შინაარსია, რომელსაც ის ხელს აწერს. წერილში სიმართლე ის არის, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ნამდვილად გაუმჯობესდა, მოხდა ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება, მთის კანონის მიღება, განათლებაში მთელი რიგი წარმატებები გვაქვს და ასევე სოფლის მეურნეობაში რიგი რეფორმები გატარდა.

თუმცა წერილში არ იყო ნახსენები, რომ ივანიშვილმა დაპირებული სამართლიანობის აღდგენა ვერ უზრუნველყო, რასაც შედეგად კარგი სიტუაცია არ მოჰყვება. არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ პროცესები უმართავი გახდეს. მითუმეტეს ვნახეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე "ოცნება" "ნაციონალების" პროვოკაციას ადვილად წამოეგო. შემოდგომაზე კი ეს დაძაბულობა პიკს მიაღწევს.

თუ სამართლიანობის აღდგენის დაჩქარება არ მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ სამოქალაქო დაპირისპირება ვიხილოთ.

წერილში ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციად განიხილავს, რაშიც არ ვეთანხმები. ასევე ის ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების პერსპექტივას კვლავ იმედის თვალით უყურებს, რაც საზოგადოების მოტყუებას ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×