განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.
განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ლოგიკურს და გონივრულს უწოდებს. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაიარა განათლების სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და ქმედების ოთხმა წელმა და მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი თვალით შეფასდეს განვლილი სამუშაოები და დაიგეგმოს ახალი მიმართულება.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკური, მარტივი, არგუმენტირებული, და გონივრული იყო ეს გადაწყვეტილება. იწურება 4 წელი განათლების სისტემაში განხორციელებული ქმედებების და რეფორმების და ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს რეფორმები, ასევე დაიგეგმოს შემდგომი 4 წლის მიმართულებები, რომელიც სჭირდება სისტემას განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ დამოუკიდებელი თვალით იქნას დანახული და შეფასებული ის ქმედებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 3-4 წლის განმავლობაში", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორ აფასებთ, განათლების მინისტრის ცვლილებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): "სიმართლე გითხრათ, განათლების მინისტრის გადაყენებას არ მოველოდი და ძალიან მეწყინა. გული დამწყდა, მგონი, თავის საქმე ძალიან კვალიფიციურად აკეთებდა, ძალიან კარგი პიროვნება იყო და მართლაც მთელი გულით და სულით შრომობდა.
"ამ საქმეში რაც შეეძლო მაქსიმუმს დებდა, არაერთი კარგი რეფორმის ავტორი იყო. 24 საათის განმავლობაში საქმეს აკეთებდა.
"რა თქმა უნდა, პრემიერმა უკეთ იცის, მინისტრი რატომ გადააყენა. ამასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებები ექნება და ალბათ გამართლებაც აქვს. თუმცა პირადად მე გული ძალიან დამწყდა".
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): "ბოლო დროს უამრავი ადამიანი განათლების სამინისტროს მუშაობით უკმაყოფილო იყო. თუნდაც უნივერსიტეტის ამბები რომ ავიღოთ, ვერაფრით ვერ ცხრება, იგივე მეცნიერებათა აკადემია და სკოლებში რა მდგომარეობაა.
"როგორც იცით, პრემიერი შეპირებული იყო, რომ სამთავრობო ცვლილებებს გააკეთებდა. არ ვიცი რამდენად გამართლებული და უკეთესი იყო. პირადად მე მისი საქმიანობა შესწავლილი არ მაქვს და არ ვიცი, მაღალ სტანდარებს შეესაბამებოდა თუ დაბალს".
გიგი თევზაძე (სოციოლოგი და ფილოსოფოსი): "ამ ბოლო დროს სამინისტროს მუშაობა აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ფაქტიურად ეს მიმართულება საბჭოთა კავშირისკენ მიდიოდა. რაც შეეხება ახალ მინისტრს, სანდროს ძალიან დიდი ხანია, რაც ვიცნობ და დადებითი დამოკიდებულება მაქვს. ვიცი, რომ კარგი რაღაცების გაკეთება მოუნდება იმისათვის, რომ სისტემა გამოასწოროს.
"ვფიქრობ, მინისტრის გადაყენებას უნივერსიტეტის მოვლენებთან იყოს დაკავშირებული. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ეს მოსალოდნელიც იყო, აისბერგის წვერია, ამიტომ არ მგონია, რომ კავშირი ჰქონდეს. სისტემაა გამოსასწორებელი და სანდრო ამისთვის საუკეთესო კანდიდატია."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ჩემთვის მოულოდნელი არასოდეს, არც ერთი მთავრობის წარმომადგენლის გადაყენება არ არის იმიტომ, რომ როდესაც ესა თუ ის უბანი ჩვენი ცხოვრების არ არის ისეთი წარმატებული, როგორც საჭიროა, ბუნებრივია, მინისტრების როტაცია სრულიად მოსალოდნელია.
"თამარ სანიკიძე ლამაზი ქალია, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, მას პატივისცემით შევცქეროდით, როგორც ნაზად მოსაუბრე ქართველ მანდილოსანს, თუმცა მისი წარმატება ამის იქით არ მიდიოდა. განათლების სფეროს მან თავისი კვალი ვერ დაატყო. "უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო განათლების მინისტრს უნივერსიტეტიდან სააკაშვილის მიერ გაგდებული 800 პროფესორი დაებრუნებინა, ამის ნაცვლად ის მივიღეთ, რომ დღესაც უნივერსიტეტში არეულობაა და სტუდენტები ამის გამო შიშს გამოთქვამენ. "ჩვენმა ძვირფასმა ქალბატონმა, როგორც საჭირო იყო ვერც მეცნიერებათა აკადემიას მოუარა. არ ვიცი, ეს ყველაფერი თამარის ბრალია თუ არა, მაგრამ მისმა უმოქმედობამ განათლების სისტემა წინ ვერ წაწია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე