საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერიუს ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა. ინტერვიუ ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის კამათისა და კონფრონტაციის ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი სალომე ასათიანი ინტერვიუსთვის მოუმზადებელი იყო, მეორე ნაწილი კი ექსპრემიერს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კრიტიკულმა კითხვებმა მისი გაღიზიანება გამოიწვია.
როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მგონია, რომ ინტერვიუ ვერ შედგა. ბატონ ბიძინას ალბათ აკადემიურობა, დამაჯერებლობა დააკლდა, რაღაც მომენტებში ნერვებმაც უმტყუნა, მაგრამ სალომე ასათიანმაც რაღაც მომენტებში თითქოს ეთიკის ნორმები დაარღვია.
"საერთოდ, ქარველ ჟურნალისტებს მეტი სიდინჯე მართებთ. აქეთა მხრიდანაც მეტი აკადემიურობაა საჭირო. ორივე მხრიდან რაღაც ხარვეზები დავინახე, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბატონ ბიძინას მეტი სიმშვიდე და დამაჯერებლობა მართებდა."
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი): "ის განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება და კრიტიკულ შეკითხვებს თავს არიდებს. როდესაც ქალბატონი სალომე ასათიანი მას კითხვებს უსვამდა, ის ღიზიანდებოდა. აშკარად გამოჩნდა, რომ განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემს. ხაზს უსვამდა წერილს, რომელიც გამოქვეყნებული იყო, სადაც არ ჩანდა არანაირი კრიტიკა, მხოლოდ მიღწევებზე საუბრობდა, რომელიც შესრულებული არ არის.
"აქედან გამომდინარე, გაღიზიანება ქალბატონის მიმართ აშკარად ჩანდა. ამ დროს სოციალურ ქსელში ივანიშვილის მხარდაჭერები ჟურნალისტის ნაკლზე მიუთითებდნენ, ვის რა უფლება აქვს, მის ფიზიკურ ნაკლზე მიუთითოს?! ეს აბსოლუტურად მიუღებელია."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "შემიძლია გითხრათ, რომ მისი პირველი ინტერვიუს შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ტელევიზიაში მისი პირველი გამოჩენის დროსაც ზუსტად ისეთივე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომფორტული ჟურნალისტი შეხვდა.
"ნებისმიერი მისი ასეთი შეხვედრისას, ჟურნალისტებთან იქნება თუ სხვაგან, ის არ არის შეჩვეული, რომ მას არ აქებენ. ახლაც არაფერი არ შეცვლილა. არაფერი არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "ივანიშვილმა "პირველი არხის" ჟურნალისტს მოუგო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ინტერვიუს დროს მომზადებული უნდა მივიდეს და ფაქტების ძებნა იქ არ დაიწყოს. ფსიქოლოგიურად უნდა მომზადებულიყო. ეს ივანიშვილის ის გამოსვლაა, რომელმაც გამარჯვება უნდა მოუტანოს, რაც ოქტომბერში გამოჩნდება. მისი გამარჯვების შემთხვევაში, წინასაარჩევნო ეს კამპანია გამართლებული იქნება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე