აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლას საქართველოს ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებს და იგი ამ საკითხებში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ექსპერტ კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განმარტებით კი, საქართველოში მთავარი პრობლემა იდეოლოგიური ტერორიზმია, რომლის მიმართლებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშით მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი ანტიტერორისტული თვალსაზრისით გაიზარდა. ეს ანგარიში მოგვეხმარება ზოგიერთ საერთაშორისო ფორმტაში აქტიურობისთვის. იგივე ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან სასარგებლოა.
"თუმცა, ანტიტერორიზმის მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. აქ ლაპარაკია ტექნიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნველოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული, მაგრამ არსებობს იდეოლოგიური ტერორი.
"საქართველოში ვხედავთ სურათს არა იმისას, რომ ვიღაც ტერორისტულ აქტებს აწყობს, არამედ იმისას, რომ ზემოქმედებას ახდენენ სოციუმზე, ახალგაზრდებზე, რაც იდეოლოგიური ტერორიზმის ნაწილია და ამის წინააღმდეგ ბრძოლა გასააქტიურებელია რისი რესურსიც საქართველოს სპეცსამსახურებს აქვთ. თავში არ უნდა ჩაიკეტონ გამოიყენონ მუხტი, რომელიც არსებობს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას არეშიძე.
რა წერია სახდეპის ანგარიშში
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უსაფრთხოების საკითხებზე მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იმ მიღწევებზეა საუბარი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ანტიტერორიზმის მიმართულებით განახორციელა.
"2015 წელს საქართველო, რომელიც წარმოადგენს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი გლობალური კოალიციის წევრს, აშშ-სთან ერთად განაგრძობს აქტიურ ჩართულობას კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და კვლავაც წარმოაგდენს აშშ-ის ძლიერ პარტნიორს უსაფრთხეობის საკითხებში.
"კონტრტერორიზმთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ განახორციელა რამდენიმე დაპატიმრება ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების მუხლებით, მათ შორის დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობის ხელშემწყობი. ამასთან, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები საზღვრის დაცვის გაუმჯობესებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. საქართველომ მონაწილეობა მიიღო ლიდერთა სამიტში, რომელსაც ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში უმასპინძლა", - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ყველაზე დიდი ტერორისტული საფრთხე ჯიჰადისტთა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოდან" მოდის. ისინი ძირითადად სირიასა და ერაყს აკონტროლებენ.
"აი-სი-სიმ" ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპაში არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, რის შემდეგაც მსოფლიო ქვეყნებმა მასთან საბრძოლველად კოალიაცია შექმნეს. ამ კოალიაციის წევრია საქართველოც.
"ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებაში მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მოქალაქე იბრძვის, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ოფიციალური ინფორმაციით, სირიაში საბრძოველად საქართველოს 100-მდე მოქალაქეა წასული. მათ შორის ზოგი "ისლამურ სახელმწიფოში" ზოგი კი "სირიის თავისუფალ არმიის" რიგებში იბრძვის.
წასული არიან ძირითადად ქვემო ქართლიდან, აჭარიდან და პანკისიდან.
სწორედ ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ კონტრტერორიზმის სფეროში კანონდებლობა გაამკაცრა, რომელიც ასევე მოხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გააჩნია მყარი საკანონმდებლო ნორმები ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სამართლებრივი რეაგირების მოსახედენად.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წამყვანი სტრუქტურაა ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის ანტიტერორისტული დანაყოფები კარგად შეიარაღებულები და გაწვრთნილები არიან. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობა ეფექტურია ტერორისტული ინციდენტების დადგენის, აღკვეთისა და რეაგირების კუთხით.
"საქართველომ გააუმჯობესა საზღვრის უსაფრთხეობა ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის მოპოვების გზაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ქვეყანა ვერ ამყარებს კონტროლს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე. საქართველომ გადადგა ნაბიჯები დოკუმენტების უსაფრთხეობის დაცვის კუთხით და ქართველი სამართალდამცავები იყენებენ კამერებს, ტერორისტების ბაზას (სიას), მგზავრთა ინფორმაციასა და მგზავრთა ვინაობის ჩანაწერებს, რაც ეხმარება საზღვარზე პოტენციური ტერორისტის გადაადგილების დადგენაში.
"ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უფრო დეტალური სკრინინგი და სტანდარტული ოპერაციების იმპლემენტაცია, კიდევ უფრო გააძლიერებდა ეფექტურობას. აშშ-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთესად არის აღჭურვილი, შესაბამისად, სათანადოდ კონტროლდება საზღვაო საზღვარი, გარდა აფხაზეთისა. ხდება ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი - პოლიციის ატაშეებისა და საზღვარზე თანამშრომლობის ფარგლებში", - აღნიშნულია ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ტერორიზმის ფინანსირებასთან აქტიურად იბრძვის, "ოცნების" მთავრობამ აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა და საერთაშორისო რეკომენდაციები შეასრულა.
"ივნისში პანკისის ხეობაში საქართველომ დააკავა ისლამური სახელმწიფოს საქმიანობის ხელშეწყობაში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილი სამ პირთან ერთად, რომლებიც თურქეთის გავლით სირიის მიმართულებით აპირებდნენ გამგზავრებას. ნოემბერში სირიიდან დაბრუნების შემდეგ "ისლამურ სახელმწიფოში" ბრძოლის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი პანკისელი, დავით ბორჩაშვილი. ნოემბრის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა 4 პირი აჭარასა და გურიაში, რომელთაც ბრალად ედებოდათ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი კუთვნილი ბინებიდან ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ისლამური სახელმწიფოს დროშები", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობაში საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროები სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობას ახორციელებენ.
"აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთქმედების პარალელურად, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ ფორმატებში", - ნათქვამია ანგარიშში.
ტურიზმის ზრდა, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ნიშანი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოში ტურისტების ნაკადის გაზრდა შეიმჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მისი თქმით, აშშ-ის ანგარიში მიუთითებს, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პარტნიორი გახდება და არის კიდეც.
"თუ გადახედავთ რუკას, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება. რეგიონში ძალიან სერიოზული საფრთხეებია. სირია ტერორიზმის ბუდეა და ამ ფონზე საქართველო გამორჩეული, განსაკუთრებული პარტნიორია აშშ-სთვის.
"საქართველოს თანამშრომლობა ამ დონეზე შერთებულ შტატებთან ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთვის საქართველო ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პარტნიორი გახდება და არის კიდეც.
"გადახედეთ სიტუაციას - საკმაოდ მომატებულია ტურიზმი. ტურისტები პატარა ბავშვებთან ერთად ჩამოდიან, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ ქვეყანა უსაფრთხოა. თანაც ამ ბოლო დროს არ გვსმენია, რომ ვინმე გასულიყო სირიაში. საიდუმლო სამსახურები ოპერატიულ დონეზე ძალიან სერიოზულად მუშაობენ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიური კავშირი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან შერთებულ შტატებში და თანაბარი შესაძლებლობებით ვმუშაობთ",- გვითხრა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ტერორისტებმა საქართველოს საზღვარით ისარგებლონ.
"მინდა მადლობა გადავუხადო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ტერორიზმის მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ, არავის ვებრძვით, არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ტერორიზმმა რაიმეთი ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიით. საზღვარი დაცულია, საშიშ ნივთიერებს ვერ შემოიტანენ, ე.წ. ვერბოკას, ვერ ახერხებენ, ფულის რეალიზაცია არ ხორციელდება და ასე მათი ინტერესი ქრება. რატომ უნდა დახარჯოს რესურსი და დრო, როცა ქვეყანა კარგად იცავს თავის საზღვრებს?!
"ასე რომ, ეს ამ შემთხვევაში ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა კი არაა, ჩვენს თავს ვიცავთ და ამ საქმეს სპეცსასმახურები ეფექტურად ახორციელებენ. ამდენი ხანია, უკვე ტერორისტებისგანაც არ გვსმენია მუქარა ან რაიმე სხვა. სწორედ ეს განაპირობა იმ პრევენციულმა სამუშაოებმა, რომლებიც განხორციელდა", - უთხრა "მთელ კვირას" სესიაშვილმა.
"ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია"
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარშს ასევე დადებითად აფასებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, თუმცა დასძენს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია, მხოლოდ და მხოლოდ ლოკალური წარმატებაა.
"ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც თანამშრომლობა ნატოსთან რუსული საფრთხის პრევენციის მიზნით. თანამშრომლობის გარეშე საქართველო ვერ გაუძლებს "აი-სი-სის" ან თუნდაც სხვა ჯიჰადისტური დაჯგუფების შემოტევებს. ამიტომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კარგია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს ძალისხმევას თუ დადებითად აფასებს. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის ნაწილია. შიგნით რა ტენდენციებია, რთული სათქმელია.
"ზევიდან არ ჩანს, თუმცა საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ამიტომ გულხელდაკრეფილები არ უნდა ვიყოთ. სტრატეგიულმა პარტნიორმა შეგვაქო, თუმცა, რეალურად, ამ მიმართულებით სახარბიელო სიტუცია ნამდვილად არ გვაქვს.
"ჩვენთან რომ მოხდეს ისეთი ტერაქტი, როგორიც საფრანგეთში, დაინგრევა მთელი სახელმწიფო სისტემა. ეს არის ტაქტიკური და ლოკალური ტიპის წარმატება, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო.
"კანონში სერიოზული ცვლილებებია შესატანი და ახალი დოკუმენტებია მისაღები, რომლებიც შესაბამისი საფრთხის დონეს დააყენებს ჩვენ ამ საფრთხეებისთვის მოუმზადებლები ვართ. რეალური საფრთხე ემუქრება საფრანგეთს. ამიტომ მე ფრანგების მოსაზრება უფრო მაინტერესებს, ვიდრე- ამერიკელების", - გვითხრა მაისაიამ.