საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის ეპოპეა ამ კვირას კვლავ გაგრძელდება ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, თუმცა, თუ საკითხს ევროპული სტანდარტებით მივუდგებით, იმედგაცრუება ნამდვილად არ უნდა დაგვეუფლოს.
სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტის სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ "მთელ კვირასთან" საუბრისას. მის აზრით, საკითხის გადადება ჯერჯერობით არ აფერხებს ლიბერალიზაციის პროცესს.
მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება, კორეპერი კვლავ შეიკრიბება და კონსენსუსის შემთხვევაში, საბჭო განხილვის გარეშე დაამტკიცებს მას.
თუნცა, როგორც მან აღნიშნა, სამი ქვეყანა ჯერჯერობით მართლაც არაა მზად, მყისიერად მხარი დაუჭიროს ევროკომისიის ინიციატივას. ამ სამ ქვეყანას შორის ბელგიის გარდა საფრანგეთი და გერმანიაა. რაც შეეხება ნიდერლანდებს, მათ ივლისამდე თავმჯდომარის ფუნქცია აკისრიათ და უფრო მედიატორის როლს ასრულებენ.
"მთელი კვირა" შეეცადა, გაერკვია საფრანგეთისა და გერმანიის პოზიცია უფრო დეტალურად და შესაბამისი კითხვები გაუგზავნა მათ წარმომადგელობებს. სტატიის დაწერის მომენტისთვის არც ერთი მათგანისგან რედაქციას პასუხი არ მიუღია.
ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა "რეზონასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებული იქნება თუ არა, ვიზალიბერალიზაცია ძალაში შევა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის ძალაში შესვლის შემდეგ და ეს ეხება არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა ახვა პრეტენდენტსაც.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოსხენების მომზადება ევროკომისიის 25 აპრილის წინადადების საფუძველზე. მე და სხვა ჩრდილოვანმა მომხსენებლებმა უკვე შევათანხმეთ მუშაობის გრაფიკი, თუმცა ჯერ არ შემიძლია დავასახელო კომიტეტში განხილვის ზუსტი თარიღი, მაგრამ ეს იქნება ძალიან მალე", - განაცხადა "რეზონასთან" საუბრისას ბულგარელმა ევროდეპუტატმა, სახალხო პარტიის ფრაქციის წევრმა მარია გაბრიელმა.
კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს ვიზალიბერალიზაციაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იგი არ აკავშირებს ამ ორ დოსიეს ერთმანეთთან.
"თითოეული ქვეყნის შეფასებისას ჩვენ გვაქვს წინასწარ შემუშავებული მეთოდოლიგია, თითოეული მათგანის საკითხს განვიხილავთ სხვებისგან განყენებულად. თუ კანდიდატი აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პროცედურები გაგრძელდება. მე ვცდილობ, რომ ვიყო მაქსიმალურად ნეიტრალური.
"მაგრამ, რა თქმა უნდა, მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ჩვენ მართლაც გვჭირდება პოლიტიკის გადახედვა, რადგანაც ვიმყოფებით ექსტრაორდინალურ სიტუაციაში. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიურები, გვჭირდება უფრო რეგულარული დიალოგი ევროკომისიასთან, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ვიზალიბერალიზაციასა და შეჩერების მექანიზმის გამარტივებას შორის პირდაპირი კავშირი არ არის.
"ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ - ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ვართ თანაკანონმდებლები და საქართველოს დოსიეზე ვმუშაობთ პარალელურად. ჩვენ კენჭს ვუყრით აქ პარლამენტში და ისინი მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას და შემდეგ გაიმართება "ტრაილოგი", ანუ მოლაპარაკება სამ მხარეს - ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას შორის და ასე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება", - აღნიშნა მარია გაბრიელმა.
დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოვა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. დისკუსიის თემა იქნება ევროკავშირისა და საქართველიოს ურთიერთობები, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები და, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი.
კორეპერი 2-ის შემდეგი შეხვედრა ჩანიშნილია 7 და 8 ივნისს, თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი, კომიტეტი კვლავ დაუბრუნდება თუ არა საქართველოს საკითხს.
ხოლო უკვე პარასკევს, 10 ივნისს ევროკავშირის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭო თავის მორიგ სხდომას გამართავს ლუქსემბურგში. გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ოთხი ქვეყნის - კოსოვოს, თურქეთის, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების განხილვაც არის ჩანიშნული.