ზუსტად იმ რაოდენობის სურსათს ვაწარმოებთ, რამდენიც შემოგვაქვს
მაკა ხარაზიშვილი
07.06.2016

 ყოველწლიურად მოსახლეობის გამოსაკვებად საქართველოში 1 მილიარდ დოლარზე მეტი პროდუქტი შემოდის. ქვეყანა, ძირითადად, დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების მოსავლიანობაზე. რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში თუკი ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით. თანაც, ეროვნულმა ვალუტამაც არ უნდა გვიმტყუნოს, რათა გაღარიბებულ მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება, საქართველო სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით ჯერ კიდევ საგანგაშო ზღვარზეა.

სასურსათო უსაფრთხოების საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ხორბლის მაჩვენებელს ეთმობა. ამ თვალსაზრისით საქართველოში მძიმე მდგომარეობაა. ბოლო 5 წლის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მოსახლეობის გამოსაკვებად 130-230 მილიონი დოლარის ხორბლისა და ფქვილის იმპორტია საჭირო. აღსანიშნავია, რომ შარშან ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა - 118 მილიონ დოლარამდე. ამის სამი მიზეზი არსებობს - ერთია, რომ ხორბლის წარმოება ცოტათი გაიზარდა, ვალუტების დევალვაციის გამო ეს პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გაიაფდა და წინა წლებთან შედარებით, ფქვილის იმპორტი გაიზარდა (2 მილიონი დოლარიდან 10,5 მილიონ დოლარამდე).

მიუხედავად ამისა, ხორბლით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, საშუალოდ, 8-12%-ის ფარგლებშია. მოსახლეობა წელიწადში 800 ათასიდან 1 მილიონ ტონამდე ხორბალს მოიხმარს, ანუ ყველაზე მოხმარებადი პროდუქტის 90% შემოტანილია.

100 მილიონი დოლარის ხორცის იმპორტი გვჭირდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, დაახლოებით, 41%-ია (აქედან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის - 70%, ღორის - 42%, ცხვრის - 79%, ხოლო ფრინველის - 25%). წლის განმავლობაში ქვეყანის მოსახლეობა 136 ათას ტონა ხორცს მიირთმევს, აქედან 55 ათასი ტონა ადგილობრივია, ხოლო 79 ტონა - უცხოური.

წლების განმავლობაში ყველაზე სტაბილური სიმინდისა და კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელია, რომელიც 85-100%-ის ფარგლებში მერყეობს, ბოსტნეულმა კი 70%-ზე მეტად ვერ მოიმატა. მთლიანობაში მოსახლეობა 300 ათას ტონა ბოსტნეულს მოიხმარს, საიდანაც 90 ათასი ტონა იმპორტია, ხოლო 200 ათას ტონაზე მეტი - ადგილობრივი წარმოების. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერთადერთი ყურძენია, რომელიც გაცილებით მეტი მოდის, ვიდრე გვჭირდება. ყურძნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა და უკვე 140%-ს აღწევს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მთლიანი სასურსათო პროდუქტის იმპორტ-ექსპორტის ბალანსი 50-50%-ზეა, ანუ ზუსტად იმ რაოდენობის სურსათს ვაწარმოებთ, რამდენიც შემოგვაქვს. შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოება ძალიან მყიფეა და დიდწილად მიბმულია მსოფლიო ბაზარზე.

"ადგილობრივი წარმოება არ აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოთხოვნას და იძულებულები ვართ, პროდუქტი გარედან შემოვიტანოთ. შარშან ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაციამ სურსათი გააიაფა, ამიტომ იმპორტი შემცირდა თანხობრივად, თუმცა რაოდენობა იგივე დარჩა. 2015 წელს სასურსათო პროდუქტის (როგორც ნედლეული, ისე პირდაპირი კვების პროდუქტები) იმპორტი 1,3 მილიარდი დოლარიდან 1,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ანუ მთლიან იმპორტში 200 მილიონი დოლარის ეკონომია მარტო სურსათზე გაკეთდა.

ამ ფაქტმა კარგად აჩვენა, რომ ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე, თუ როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდება და ფასი. ამან შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა ბაზარზე ან კიდევ სავალუტო რეზერვების სტაბილურობაზე", - აცხადებს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას ყოველთვის გააჩნდა სწრაფად აღდგენის უნარი.

დღევანდელ პირობებში კი ქვეყნის აგრარულ სექტორში შრომის მწარმოებლურობა დანარჩენი ეკონომიკის დარგებზე 10-ჯერ დაბალია. ჩვენი სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ იმ დონეზეა, როგორიც იყო 1890-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში. არადა, ქვეყანას შეუძლია სურსათის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 80%-მდე გაზარდოს.

"ეს უნდა მოხდეს არა იმპორტის შემცირების ხარჯზე, არამედ საკუთარი წარმოების გაზრდის კვალდაკვალ. ამ შემთხვევაში იმპორტის წილი იქნება 20%-ის ფარგლებში", - ამბობს სოსო არჩვაძე.

განვითარებულ ქვეყნებში სამამულო ბაზარზე სურსათის 15-20%-იან იმპორტს დასაშვებად მიიჩნევენ. ამ პირობებში არც ეკონომიკური სარგებლის მიღების შანსი მცირდება და სამამულო საქონელმწარმოებელთა შორის არც კონკურენცია სუსტდება. საფრთხე არ ემუქრება არც ეკონომიკურ და არც სასურსათო დამოუკიდებლობას.

"სასურსათო უსაფრთხოება განეკუთვნება ფუნდამენტურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხმლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნავს აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში გადასაჭრელი პრობლემებიდან უპირველესს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. აქ მოიაზრება ქვეყნის უნარი უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა კვების ძირითადი პროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე.

"ეს პრობლემა არა მარტო საფრთხეს უქმნის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობის გამოკვებას, არამედ გამორიცხავს ქვეყნის შემდგომ ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში. მთლიანობაში კი საფრთხის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების პერსპექტივას", - აცხადებს კოღუაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკუთარი წარმოებით მოსახლეობას გამოკვებას ვერ ახერხებს, მთავრობაში იმედი აქვთ, რომ მალე საქართველო აგროსურსათის მსხვილი ექსპორტიორი გახდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამისთვის მთავრობა ღონეს არ იშურებს.

"ტრადიციულად, სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა წინა წლებში იგი მნიშვნელოვნად დასუსტდა და საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში მისი წილი შემცირდა. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს და ეს მოვლენა მათზე უაროფითად აისახა.

სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიზნით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო. ეს ღონისძიებები ექსპორტისა და წარმოების მოცულობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას ისახავდა მიზნად. ჩვენი მთავრობა ყველა ღონეს მიმარავს, რომ სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის მოსახერხებელი გარემო შექმნას და საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქციის წარმოება 1990 წლიდან დღემდე ქვეყანაში 3-ჯერ შემცირდა, ხოლო, 2004 წლიდან დღემდე - 2-ჯერ. ქვეყანაში წარმოებული სურსათი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამის რაოდენობასაც კი. ნათესი ფართობების 2-ჯერ შემცირებასთან ერთად, 4-ჯერ შემცირდა ხორბლის წარმოება (თვითუზრუნველყოფა 35%-დან 8-12%-მდე დაეცა), სიმინდის - 1,6-ჯერ, კარტოფილის - 2-ჯერ, ბოსტნეულის - 2,5-ჯერ, ხორცის - 2-ჯერ, ხილის - 5-ჯერ და ა.შ.

ფაქტობრივად შეწყდა ისეთი სტრატეგიული ნედლეულის წარმოება, როგორიცაა ჩაი და თამბაქო (ეს უკანასკნელი სურსათს არ მიეკუთვნება, მაგრამ მემცენარეობის უმნიშვნელოვანესი დარგი იყო ადგილობრივი საწარმოებისათვის. ამასთანავე, თამბაქოს ნედლეული წარმატებით გამოიყენებოდა ექსპორტისათვის).

საყურადღებოა ის, რომ ბოლო წლებში თითქმის 2-ჯერ შემცირდა ძირითად სასოფლო სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობაც, რაც, საშუალოდ, 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

"მოსავლიანობის შემცირება პირდაპირი შედეგია წინა ხელისუფლების მიერ იმ ღონისძიებებზე უარის თქმისა, რომლებიც აუცილებელია აგროწარმოების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. მხედველობაში გვაქვს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების მასობრივი გაუქმება, სოფლად საქონელმწარმოებლების ბედის ანაბარად მიტოვება, მათი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგებასა და პროდუქციის რეალიზაციაზე ხელის აღება და სხვა", - მიიჩნევს პაატა კოღუაშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება.

კერძოდ, ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში - 350 გრამს, ხორცი - 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი - 960 გრამს, კარტოფილი - 170 გრამს, ბოსტნეული - 370 გრამს, ხილი - 210 გრამს, თევზი - 50 გრამს, ცხიმი - 30 გრამს, შაქარი - 100 გრამს. ეს ნორმები ემყარება საერთაშორისო ნორმებს და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის 70 კგ, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკაცისათვის (იგივეა 60 კგ წონის ქალისათვის) და შეადგენს 2800 კკალ დღეში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებული ნორმა შეადგენს 2450 კკალ).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×