ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრემიერი საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს
ლიკა ამირაშვილი
07.06.2016

 "პოლიტსაბჭოში ახალი ხალხის შეყვანა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა - ის ნელ-ნელა საკადრო ცვლილებების განხორციელებას იწყებს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელმაც ასევე ახალი პოლიტიკური ძალების შანსებზე ისაუბრა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

როგორც ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს.

ვახტანგ ძაბირაძე: როგორც ჩანს, გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას იწყებს - პოლიტსაბჭოში ახალი კადრების შეყვანა სწორედ მისი ინიციატივით მოხდა. ნელ-ნელა საკადრო ცვლილებების განხორციელებას იწყებს. ამ შემთხვევაში ყველაზე უმტკივნეულო განათლების მინისტრის ცვლილება გახდა.

თამარ სანიკიძის გადაყენების მიზეზები არ დაუსახელებია, ზოგადად საქართველოში, ასეთი გადაწყვეტილებების გამჟღავნებისას ყოველთვის კეთდება განცხადება, რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა ახალი სისხლია საჭირო. ასეთია მინისტრის გადაყენებისას ტრადიციული კომენტარი, სხვას არც უნდა ველოდოთ.

იმის გამო, რომ სულ მალე "რესპუბლიკელი" მინისტრები მთავრობას დატოვებენ, შესაძლოა მათ მიმართებაში სხვაგვარი გამოსვლა ჰქონდეს, თუმცა დანარჩენ შემთხვევაში ყოველთვის ასეთი კომენტარებია ხოლმე.

მინისტრის გაშვებაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, აუცილებელი არ არის, რომ რომელიმე მინისტრის წასვლა კრიტიკას უკავშირდებოდეს. ზოგადად მეთოდი ასეთია, იცვლება პრემიერი და მოჰყავს ახალი გუნდი.

საქართველოში განათლების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს, თუმცა არ მგონია, ამაში ლომის წილი თამარ სანიკიძეს მიუძღოდეს. იმის თქმა, რომ სანიკიძის წინამორბედები სასწაულებს აკეთებდნენ, სწორი არ არის.

განათლების სისტემაში ერთადერთ მიღწევად, შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩაითვალოს. ერთადერთია, რომელმაც გაამართლა. დანარჩენი რეფორმები ბნელ ოთახში რაღაცის ძებნას ჰგავს. პრემიერმა როგორც განაცხადა, 4-პუნქტიანი გეგმა აქვთ, რასაც სწორედ ის ადამიანი სჭირდება, ვინც მინისტრად დანიშნა.

"რეზონანსი": დეპუტატი თამაზ მეჭიაური არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს და საზოგადოებას საკუთარი გუნდიც წარუდგინა. როგორც გუნდის წევრები აცხადებენ, პარლამენტში მეორე ადგილზე გასვლას აპირებენ. მათ შანსებს როგორ შეაფასებდით?

ვ.ძ: საქართველოში ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალაა და კიდევ ერთი დაემატა. არ მგონია, ამ გუნდს რამე წარმატებისა და ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდეს.

ვთვლი, რომ პარლამენტის წინ ზარზეიმით დაფუძნებული ვაშაძის ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია და მეჭიაურის გუნდიც 5-პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩენისთვის არიან განწირულნი. მათ წარმატებაში ეჭვი მეპარება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე რეგიონში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვოს.

"რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილის მერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყვა, რამაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია...

ვ.ძ: ინტერვიუმ საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ფაქტობრივად მთელი საათი კინკლაობა იყო, რასაც ინტერვიუს ნამდვილად ვერ დავარქმევ. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუმდე განაცხადა, წერილთან დაკავშირებით დაზუსტებები იქნებოდა. თუმცა სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში ჟურნალისტი კითხვებს სვამდა, ივანიშვილი კი აპროტესტებდა. ასეთი ვითარებაში ჟურნალისტი კარგად უნდა მოემზადოს. მათი შეთანხმება ასეთი იყო, რომ ინტერვიუ წერილთან დაკავშირებით იქნებოდა.

ახსენეს პანორამა, საყდრისი, რაზეც საზოგადოებისთვის ივანიშილის პოზიცია უკვე ცნობილია. ამ საკითხებზე ახალს ივანიშვილის არაფერს არ იტყოდა, ამიტომაც ჟურნალისტი ჯობდა იმ შეთანხმების ფარგლებში დარჩენილიყო.

რა თქმა უნდა, თუნდაც საყდრისთან დაკაშირებით ივანიშვილის პოზიცია ჩემთვის მისაღები არ არის, თუმცა ამ თემაზე ახალს არაფერს არ იტყოდა.

წერილი უნაკლო ნამდვილად არ არის, ამიტომ შესაძლებელი იყო, უფრო მწვავე კითხვები დასმულიყო, მოლაპარაკების ფარგლებშიც დარჩებოდა და მწვავე კითხვებიც იქნებოდა.

"რ": ყოფილი პრემიერი თავის წერილში ძალიან დიდ ადგილს უთმობს "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას. რამდენად სწორი იყო "ნაციონალებისთვის" ამდენი დროის დათმობა?

ვ.ძ: სამწუხარო რეალობა ასეთი გვაქვს, რომ არჩევანი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის გვიწევს. ამ 4 წელიწადში ახალი რეალური ძალა არ გამოჩნდა და ისევ ამ პოლიტიკურ გარემოში ვრჩებით.

უმჯობესი იყო, "ოცნებას" მის "კოლოსოლურ" მიღწევებზე ესაუბრა, თუმცა ყველაზე მარტივი გზა აირჩიეს, რომელიც საქართველოში 90-იანი წლებიდანაა აპრობირებული. იმ პერიოდშიც ასეთი დილემის წინაშე ვიდექით, შევარდნაძე თუ აბაშიძე. დღეს "ოცნება" მოსახლეობას იგივე დილემის წინაშე აყენებს, ჩვენ მხარს თუ არ დაგვიჭერთ, მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" მოვაო.

მერჩივნა, წერილში პრობლემებზე ყოფილიყო საუბარი, იმაზე, თუ რა მოხდა 4 წელიწადში და მომავალში რას ვაპირებთ. როგორც ჩანს, არავინ არაფერს არ აპირებს, დაპირებები არ იქნება. იქნება დაშინება, არ მოგვცემთ ჩვენ ხმას და მოვა "ნაციონალური მოძრაობაო", ესაა წერილის მთელი დედააზრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×