"იგი ყოველთვის ამბობს, რომ პოლიტიკა არ იზიდავს, სხვა ინტერესები აქვს"
თაკო მათეშვილი
07.06.2016

 პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიკიდან წასვლა, პროცესებში არაფორმალურად ჩართვა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, კომპეტენტური ადამიანების სათანადოდ არდაფასება - ეს იმ შეცდომების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, პოლიტოლოგებისა და პიარსპეციალისტების აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გასული 4 წლის განმავლობაში დაუშვა.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა იმთავითვე უკვე უდიდესი შეცდომა იყო, რადგან ამით მანამდე არსებული დადებითი იმიჯი გაიფუჭა. ხოლო რაკი პოლიტიკაში მოვიდა, მათი აზრით, შემდეგ საქმის შუა გზაში მიტოვება და ისევ წასვლა, კიდევ უფრო დიდი წინდაუხედაბა იყო.

მოგეხსენებათ, ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გააქტიურდა - ჯერ საკმაოდ ხმაურიანი წერილი გამოაქვეყნა, შემდგომ სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა, რამაც ასევე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უახლოეს დღეებში კი მისი ტელევიზიებთან შეხვედრაც იგეგმება და მოგვიანებით - პრესის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, ის წინასაარჩევნოდ რეგიონებში გასვლასაც აანონსებს. ანუ, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება.

ჩვენი რესპონდენტებისთვის ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებაც სადავოა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ივანიშვილს ამის სრული უფლება აქვს და არაფერს აშავებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუკი პოლიტიკაში ასე აქტიურად ყოფნა უნდოდა, არ უნდა წასულიყო და პასუხისმგებლობა არ უნდა აერიდებინა. ხოლო თუ წავიდა, ახლა ამომრჩევლის ხმების მოპოვებას აღარ უნდა ცდილობდეს.

ურთიერთობა "ნაცმოძრაობასთან"

პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ბიძინა ივანიშვილის უმთავრეს შეცდომად "ნაციონალურ მოძრაობასთან" რბილ მოპყრობასა და მათთან ურთიერთობაში შესვლას ასახელებს. მიიჩნევს, რომ იგი ამ პროცესში ბევრად უფრო ხისტი უნდა ყოფილიყო და რომ საზოგადოებაც სწორედ ამას ელოდა.

მისი აზრით, ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველსავე თვეებში მას ყველა დონეზე ფუნდამენტური, სისტემური ცვლილებები უნდა განეხორციელებინა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებისა თუ კადრების "ძირფესვიანად აღმოფხვრას" გულისხმობს.

"ამ პარტიასთან არანაირი ურთიერთობა და კოაბიტაცია არ უნდა დაემყარებინა. მასთან კოაბიტაციამ ძალიან ბევრი ხმა დააკარგვინა. ასე რომ, ეს მისი უპირველესი შეცდომაა.

"გარდა ამისა, შეცდომად მიმაჩნია ისიც, რომ საქართველოში მეცნიერებს არ უსმენენ. ეს ივანიშვილისგან ძალიან მიკვირს, რადგან თავადაც მეცნიერი კაცია. მგონი, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერებს არც უსმენენ, არც ელაპარაკებიან და ბევრ შეცდომასაც უშვებენ.

"მეცნიერმა თეორიულად ბევრი რამ იცის და ეს ცოდნა ხელისუფლებამ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს. ამას ყველა განვითარებული ქვეყანა აკეთებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს მეცნიერები მეტად უნდა მიეზიდა და მათთვის რჩევა ეკითხა. ძალიან ბევრი სფეროს სერიოზული მცოდნეები გვყავს, პატრიოტი ხალხი და ისინი გვერდით უნდა ამოეყენებინა", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში კვესელავა.

რაც შეეხება ივანიშვილის ბოლოდროინდელ გააქტიურებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" არმობრუნებაა და ამისათვის ყველა ღონეს იხმარს. მათ შორის, არც ფინანსურ რესურსს დაიშურებს, როგორც ეს წერილში თავადვე აღნიშნა.

პასუხისმგებლობა დატოვებულ მთავრობაზე

საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ივანიშვილის შეცდომად არ მიიჩნევს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და ამბობს, რომ მას სრული უფლება ჰქონდა. მისივე თქმით, ამას კანონი არავის უკრძალავს - ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს. მათ შორის ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს, გამზარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პრემიერი აღარაა, პასუხისმგებლობას მაინც გრძნობს, რადგან ესაა ხელისუფლება, რომელიც მან დატოვა.

სპეციალისტის აზრით, ეს სავსებით მისაღები და ნორმალური დამოკიდებულებაა, რომელიც მისი თვითვალდებულების განცდითაა გამოწვეული.

"იგი ყოველთვის ამბობს, რომ პოლიტიკა არ იზიდავს. მას ვიცნობ, ურთიერთობა მქონია და მაქვს და ვიცი, რომ სხვა ინტერესები აქვს. ამიტომაც უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს თვითვალდებულების განცდაა. ამ პოზიციას მეც ვიზიარებ.

"გასული 4 წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ აქტიური, მძლავრი საინფორმაციო კამპანიები მიმდინარეობდა, რამაც მის იმიჯს გარკვეული ზიანი მიაყენა. ასევე იმანაც, რომ საზოგადოების მოლოდინი კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეალობაა.

"ამ ყველაფერმა, საერთო ჯამში, მისი რეიტინგი ნაწილობრივ შელახა, თუმცა იგი მაინც იმ ადამიანად რჩება, რომელსაც საზოგადოებისათვის სიტყვა ეთქმის და რომლის სიტყვაც ანგარიშგასაწევია", - აცხადებს გამზარდია.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, ეს, გამზარდიას თქმით, შეცდომად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან უპრეცენდენტო რამ მოხდა - მმართველი თანამდებობა საკუთარი ნებით ვიღაცამ პირველად დატოვა.

ამბობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, საზოგადოება ბელადებს იყო მიჩვეული და ყოველთვის ვხედავდით ხოლმე, თუ როგორ ებღაუჭებოდნენ ლიდერები ძალაუფლებას.

ამ მხრივ, გამზარდიას აზრით, ივანიშვილმა დიდი გარდატეხა მოახდინა. ახლა კი ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბელადი არაა.

"ისაა ანგარიშგასაწევი, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ფიგურა, მაგრამ არაა "დიქტატორი" მმართველი, როგორიც მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იყო. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა და ამ მხრივ მისმა წასვლამ ბევრად უკეთესი შედეგები დატოვა, ვიდრე პრემიერად დარჩენის შემთხვევაში მივიღებდით.

"ივანიშვილი თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო, საზოგადოებაში იმდენად დიდი მოლოდინი იყო, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდ აგრესიაშიც გადაზრდილიყო. ამიტომაც, ჩემთვის გასაგებია, თუ რატომ მიიღო აქტიური პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.

"თუმცა, იმ პირებიდან, რომელთა მიმართაც საზოგადოების მხრიდან ინტერესი არსებობს, იგი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ადამიანია. მუდმივად საზოგადოებასთან ანგარიშგების რეჟიმშია", - დასძენს გამზარდია.

დაპირებები მოსახლეობას

ივანიშვილის შეცდომების გაცილებით ვრცელ ჩამონათვალს აკეთებს ჩვენთან საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მის პირად შეცდომად უნდა ჩაითვალოს ყველაფერი ცუდი, რაც კი გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა, რადგან ძალაუფლების მქონე პასუხისმგებელი პირი სწორედ ის იყო.

მისი აზრით, ივანიშვილის შეცდომები პირველ რიგში იმას უკავშირდება, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვერ განვითარდა.

"მაგალითად, როცა იგი პრემიერ-მინისტრი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ძალადობრივი გზით იქნა შეცვლილი - საქართველოს 53 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ძალით შეიჭრნენ და პოლიციამ ეს ძალადობა არ აღკვეთა.

"როცა მას ამის შესახებ ევროპის საბჭოში ჰკითხეს, განაცხადა, რომ მოსახლეობა გათვითცნობიერებული არ იყო - საპარლამენტო არჩევნებს თვითმმართველობის არჩევნებთან აიგივებდნენ. შესაბამისად, რაკი პარლამენტში ახალი ძალა მოვიდა, მათ ეგონათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაც უნდა შეცვლილიყო.

"მოსახლეობა თუ არ იყო ინფორმირებული, პოლიცია ხომ იყო? მსგავსი ქმედებები, ჩემი აზრით, ხელისფლების მფარველობით ხორციელდებოდა. იგივე შეიძლება ითქვას 2013 წლის 8 თებერვლის ინციდენტზეც, როცა ე.წ პოლიტპატიმრები პოლიტიკურ ოპონენტებს საჯარო ბიბლიოთეკის წინ გაუსწორდნენ. კორცხელის ინციდენტი და ა.შ. ეს ყველაფერი მისი შეცდომაა, რადგან ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ კი არაფორმალური მმართველი. მას ამ პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა", - აცხადებს ჩიტაძე.

ასევე, პოლიტოლოგის აზრით, შეცდომა იყო ისიც, რომ ივანიშვილი ხალხს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ჰპირდებოდა და ამბობდა, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების მიტაცება მიზნად არ ჰქონია. ეს რომ ტყუილია, ჩიტაძის აზრით, არაერთხელ დადასტურდა, რადგან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ფაქტობრივად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამისად, რუსეთთან მიმართებაში გატარებულ პოლიტიკასაც იგი ყოფილი პრემიერის შეცდომად მიიჩნევს. გარდა ამისა, შეუსრულებელ დაპირებებს - გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ჩავარდნებს, ლარის გაუფასურებას და ა.შ. ნიკა ჩიტაძე ივანიშვილს მიაწერს.

"მე მისი პოლიტიკაში მოსვლა მიმაჩნია შეცდომად. პატივსაცემი ადამიანი იყო, როგორც მეცენატი, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ გარკვეულ საქმეებს აკეთებდა. მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამას 2012 წლის არჩევნების შედეგებიც ადასტურებს, როცა ხალხმა ივანიშვილის ხათრით ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა.

"დღეს კი მოსახლეობა ყველა წარუმატებლობას ივანიშვილის სახელს უკავშირებს. მისი პრემიერ-მინისტრობის დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მოსახლეობას დაპირებები მან მისცა და მასვე უნდა შეესრულებინა", - აცხადებს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×