"ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება. ამას მალე ნახავს," - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრის შეფასებისას და აღნიშნავს, რომ წინა ინტერვიუსგან განსხვავებით შეხვედრამ საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
მიუხედავად ამისა, ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილმა რამდენიმე საკმაოდ მძიმე შეცდომა მაინც დაუშვა და რამდენჯერმე წყობიდანაც გამოვიდა.
გია ხუხაშვილი: ეს შეხვედრა წინა ინტერვიუსგან ნამდვილად განსხვავდებოდა. უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ივანიშვილი რაღაცების ახსნას ცდილობდა და ჩემთვის მისი პოზიციები უფრო გასაგები გახდა. ვეთანხმები თუ არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ პრინციპში, გასაგები გახდა, თუ რას ფიქრობს. თავისი ლოგიკით ცდილობს, ყველა ნათქვამი დაასაბუთოს.
მას თავისი ექსკლუზიური სიმართლე აქვს და ცდილობს, თავის ქმედებებზე არგუმენტები მოიყვანოს. რამდენად დამაჯერებელია, ეს სხვა საქმეა.
"რეზონანსი": ფიქრობთ, რომ წინა ინტერვიუს შემდეგ ურჩიეს, პროცესი უფრო მშვიდ ვითარებაში, ნაკლები კამათით წარემართა?
გ.ხ: არ მგონია. ივანიშვილილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზუსტად ისაა, რომ რჩევის მიცემას ვერავინ უბედავს. ირგვლივ მხოლოდ მაქებრები ჰყავს და კრიტიკული ანალიზის მიმწოდებელი არავინაა.
ვფიქრობ, თავად არ მოეწონა საკუთარი თავი და შეძლო მობილიზება მოეხდინა, რათა მკვეთრად უარყოფითი ემოციები შეენახა და გარეთ არ გამოეტანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტ-ნაკლებად გამოუვიდა. შეეცადა, წყობიდან არ გამოსულიყო. მართალია, 2-3-ჯერ ფეხი დაუცურდა, მაგრამ თავის მოთოკვა შეძლო.
"რ": თქვით, რომ ივანიშვილისთვის რჩევის მიცემას ვერავინ ბედავს. თქვენც ვერ ბედავდით, როცა მისი მრჩეველი იყავით?
გ.ხ: ჩვენ ძალიან ხშირად ვკამათობდით. უფროს-უმცროსის ურთიერთობა არასოდეს გვქონია. დღეს მას ის ფუფუნება აღარ აქვს, რაც თავის დროზე ჩემთან და სხვებთან ურთიერთობაში ჰქონდა.
"რ": ამის შედეგი ხომ არაა ის, რომ დღეს მასთან აღარ ხართ?
გ.ხ: არა მგონია. ჩვენ შორის ურთიერთობის გართულებას არანაირი კავშირი არც პოლიტიკასთან და არც კრიტიკული აზრის მიუღებლობასთან არ აქვს. მიზეზი პირადი თემებია, რის გასაჯაროებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებ.
"რ": ანუ, ამ ეტაპისათვის არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ?
გ.ხ: მხოლოდ ეპისტოლარული. მან ჩემი მოსაზრებები იცის. რაღაც ტიპის კომუნიკაცია მაქვს.
"რ": თქვენი აზრით, რა იყო ის ძირითადი გზავნილები, რაც ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაჟღერდა?
გ.ხ: ჩემი აზრით, მურუსიძესთან დაკავშირებით ის ფატალურ შეცდომას უშვებს და ამას რაღაც პერიოდის შემდეგ დაინახავს. რატომღაც ჯიუტად არ უნდა დანახვა, თუ რამხელა შეცდომას უშვებს, როცა მას იცავს. მურუსიძის დეტალური ადვოკატირებით მისი დაინტერესება ჩანს, რაც ტენდენციურობას განაპირობებს.
ის მურუსიძის თემას "ნაციონალურ მოძრაობასთან" აპირისპირებს. სინამდვილეში, მურუსიძე მიხეილ სააკაშვილისგან კი არ აშორებს, არამედ აახლოებს და ამსგავსებს. მურუსიძე სააკაშვილისა და ივანიშვილის გამაერთიანებელია.
რეალურად, პრობლემა მიშა სააკაშვილი კი არა, მის მიერ გამოჩეკილი მურუსიძეები იყო. რაკი ივანიშვილმა სააკაშვილის მემკვიდრეობა გადაიბარა, ეს მათ მსგავსებას ამტკიცებს. იმაზე საუბარი, რომ თურმე მურუსიძე მიხეილ სააკაშვილის გავლენისაგან გათავისუფლდა და კარგი ბიჭი გახდა, ძალიან არადამაჯერებელია.
რატომ არ ესმის, რომ ამ ადვოკატირებით ღრმა კრიზისში შედის? როგორც ჩანს, უკეთეს შემთხვევაში, მას ინფორმაციას არასწორად აწვდიან, უარეს შემთხვევაში კი, ამ სისტემის განუყოფელი ნაწილის ადვოკატირებას ცდილობს. ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება. ამას მალე ნახავს.
"რ": თქვენი აზრით, რაში სჭირდება ივანიშვილს მურუსიძის დაცვა?
გ.ხ: ეს მთავარი კითხვაა. მურუსიძის საკმაოდ აგრესიულ დაცვაში რაღაც ინტერესი ჩანს, რაც ახალ კითხვებს აჩენს. ადრე თუ გვიან, როგორც ჩანს, გაირკვევა, თუ რაშია საქმე.
"რ": ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, "ოცნების" საარჩევნო სიის შედგენაში ჩართული არა ვარო. ეს რამდენად დამაჯერებლად ჟღერდა თქვენთვის?
გ.ხ: სიმართლე გითხრათ, ასეთი რაღაცების მჯერა, რადგან სიების საკითხი მას მაინცდამაინც არასოდეს აინტერესებდა. არც ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანია. ის საკითხს უფრო სისტემურად უყურებს - კონტროლის თვალსაზრისით.
მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება სიაში. ის სიას, როგორც პიროვნებების ჯგუფს, კი არ აღიქვამს, არამედ როგორც მასას, რომლის მართვაც შეიძლება ან არ შეიძლება. ცალკე პიროვნებების ინტერესი მაინცდამაინც არ აქვს.
"რ": ანუ, მთავარია მართვა შეიძლებოდეს?
გ.ხ: მთავარია, მასა მართვადი იყოს, როგორც დღევანდელი უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა ნახევარზე მეტის გვარებიც კი არ იცის, თვალითაც არ უნახავს და არც აინტერესებს, ვინ არიან. მთავარია, კონტროლი იყოს და კონტროლის ელემენტები აღარ აინტერესებს. სურათს მთლიანობაში უყურებს.
ასეა სიასთან დაკავშირებითაც - პატარა ადამიანების პატარა ამბიციებს განვითარების საშუალებას მისცემს, მაგრამ მთავარია, მთლიანობაში ეს ყველაფერი ერთიანი მასა იყოს, რომელიც საჭირო დროს ხელს საჭირო პულტებს დააჭერს.
"რ": არჩევნებში 95 მანდატის მოპოვებას ფიქრობს.
გ.ხ: ნუ, ეს არასერიოზულია. თუ სჯერა, რომ შესაძლებელია, მაშინ მის იზოლაციასთან ვაქვს საქმე, რადგან რეალურად დღეს ხელისუფლება სერიოზულად დისკრედიტირებულია და ეს ყველამ იცის, ვისაც ხალხთან შეხება აქვს. ნდობის აღდგენა კი ასე სწრაფად არ ხდება. ივანიშვილის იმედი, რომ იმედგაცრუებული ადამიანების ტოტალურად შემობრუნებას მოახერხებს, მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.
მთავარი პრობლემა ისიც იყო, რომ იგი საკმაოდ პარადოქსული, ურთიერთგამომრიცხავი აზრების განვითარებას ცდილობდა. ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობის" ინსტრუმენტებსა და საშუალებებზე გადაჭარბებულად მსჯელობდა - ძალიან დრამატულად ხატავდა "ნაცმოძრაობიდან" და "რუსთავი 2"-დან მომდინარე გლობალურ საფრთხეებს და მეორე მხრივ, ამბობდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შანსი არ აქვს და "რუსთავი 2" რაც უფრო მეტ ხანს იქნება ეთერში, მათ აწყობთ.
ანუ, ურთიერთგამომრიცხავი ორი კონცეფციის განვითარებას ცდილობდა. შესაბამისად, ვფიქრობ, მას ამ საკითხთან დაკავშირებით მწყობრი ლოგიკის აგება გაუჭირდა. შეეცადა შეუთავსებელი შეეთავსებინა.
"რ": ივანიშვილმა "რუსთავი 2"-სა და ნიკა გვარამიას ხელშეუხებლობის ფინანსური გარანტობის სურვილიც გამოთქვა.
გ.ხ: ეს კარგად ჟღერს და ადამიანურად შემიძლია გავუგო, მაგრამ ასე არ ხდება. ეს სახელმწიფოებრივი არაა. შენი პირადი ფინანსებით სახელმწიფოებრივი რისკები გადააზღვიო - სწორი დამოკიდებულება არაა. მეტიც - არასერიოზული განაცხადია.
სახელმწიფოში ასე არ ხდება. პირადი ფინანსებით რა უნდა დააზღვიო? სამართალი? თავისუფალი სიტყვა? თუ რა? ჩუმად შეიძლება გააკეთო, მაგრამ ხმამაღლა ამაზე საუბარი შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ რაღაც კიდევ უფრო უარესადაა, ვიდრე გვგონია.