ეკატერინე ბასილაია
08.06.2016

 დღევანდელი ხელისუფლება, ისე როგორც ყველა წინა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების იმედადაა - პარტიის შიდა კვლევების ავტორის, ზურაბ ბიგვავას თქმით, 2 თვის წინანდელი კვლევით "ოცნების" რეიტინგი 35%-ის ფარგლებშია, რაც, უხეში გათვლით, პროპორციული სისტემის 77 მანდატიდან მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანას გულისხმობს. თუმცა ბიგვავა იქვე ამბობს იმასაც, რომ "ქართულ ოცნება" მაჟორიტარულ სისტემით გეგმავს აბსოლუტური მაქსიმუმის მიღებას - 73 მანდატიდან 70-ის მოპოვებას და ასე 95-97 დეპუტატით ისევ უმრავლესობაში მოსვლას.

მანამდე კი ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მომავალ პარლამენტში მის პარტიას სხვებთან კოალიციაში შესვლა არ დასჭირდება, რადგან 95 დეპუტატს გაიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეიტინგი ბოლო დროს შემცირებულია და 30%-დან 45%-მდე მერყეობს.

"შიდა კვლევები გვაქვს და ამ ხნის განმავლობაში შემცირების პროცესი იყო, აგიტაციურმა მანქანამ ეს მოახერხა," - განაცხადა ივანიშვილმა და თქვა ისიც, რომ შიდა კვლევებით "ქართული ოცნების" რეიტინგი დაბალია, თუმცა ის 30%-ს არასდროს ჩამოსცილებია.

"30-დან 45-მდე მერყეობს, თუმცა თქვენი ("რუსთავი 2") აგიტაციით მოახერხეთ, რომ აქ ჩამოიყვანეთ. აი, ნახეთ არჩევნებში, ამ 3-4 თვეში, ეს როგორ ავწიოთ ზევით და ხალხს ავუხსნათ, სად არის რეალობა. 30%-ს არც ერთი კვლევით არ ჩამოსცილებია, მოსახლეობას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი რესურსი არ გააჩნია იმის, რომ რევოლუციური სურათი დადოს საქართველოში და ნურავის ნუ გეშინიათ," - აღნიშნა ივანიშვილმა.მისი თქმით, თუ არჩევნებში დაინახავს, რომ მისი და მისი გუნდის მიმართ ნდობა არ არის, ის წავა და "მოგვენატრება".

"არჩევნებით დამტკიცდება, აქვს თუ არა ხალს ჩემი ნდობა... როგორც კი ვნახავ, რომ მიუხედავად ჩემი პოზიციისა, მიუხედავად ჩემი ანალიზისა, საზოგადოებამ ეს არ გაიზიარა და არჩევნებში დაფიქსირდა აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, გარწმუნებთ, რომ მოგენატრებით. გარწმუნებთ, რომ ჩემი მოწოდებებით თავს არ შეგაწყენთ, რომ აი, 30 ათასი კაცი გვისმენს და მათ ვერ ვუღალატებ და ისევ და ისევ მე ვარ. ეს არ მოხდება," - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა როგორც იმავე პრესკონფერენციაზე დარწმუნებით თქვა, იცის, რომ მისი გუნდი არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს. მისივე პროგნოზით, მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" საშუალოდ 95 კაცით მოვა - პლუს-მინუს 95 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში."

თუკი პარტიას 30-45%-იანი მხარდაჭერა აქვს, როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ისევ უმრავლესობით მოსვლას?

"ქართული ოცნების" შიდა კვლევებს "საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი" ატარებს და როგორც მისი დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა ამბობს, ბოლო კვლევა 2 თვის წინ ჩატარდა, სადაც მმართველი პარტიის რეიტინგი დაახლოებით 35% იყო, თუმცა ამას ემატება ის, რომ დაახლოებით 70 დეპუტატის გაყვანას მაჟორიტარებიდან გეგმავს და სწორედ ამ გეგმის გამო აქვს ექსპრემიერ ივანიშვილს 95 მანდატის მოპოვების ვარაუდი.

"სიის მიხედვით 35% საკმაოდ დიდი რაოდენობაა, შემდეგ ამას ემატება მაჟორიტარები. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მაჟორიტარების უმეტეს ნაწილს "ქართული ოცნება" აიღებს. ამას აპირებენ და ამაში დარწმუნებული არიან. სულაც არ არის გამორიცხული, 73 მაჟორიტარული მანდატიდან დავუშვათ 70 აიღონ, დანარჩენი კი - სიით, ჯამში ყველა ვარიანტში 95 გამოვა. ამაში გასაკვირი არაფერია," - აცხადებს ბიგვავა.

ის საუბრობს იმაზე, რომ რეიტინგი ძალიან ხშირად და ადვილად იცვლება. ყოველ შემთხვევაში, ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი მზარდია.

"იყო კლება, მაგრამ უკანასკნელ ხანს, ყველა მონაცემის მიხედვით, რეიტინგი მზარდია. "ქართულ ოცნებას" გათვლა მაჟორიტარებზეც აქვს და სიაზეც. ხელისუფლებაშია და, რა თქმა უნდა, მაქსიმალური გათვლა აქვს და ეს სინამდვილისგან შორს არ არის," - დასძენს ბიგვავა, თუმცა მონაცემების გასაჯაროებას არ აპირებს იმ მიზეზით, რომ ეს "ქართულ ოცნებას" არ უნდა.

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით 150-კაციან პარლამენტში 77 მანდატი პროპორციული წესით მიიღება, 73 - მაჟორიტარული წესით. მმართველ პარტიას საკუთარი შიდა კვლევების მიხედვითაც კი რეიტინგი მხოლოდ 35% აქვს, რაც, უხეში გათვლით, პროპორციული წესით, 77-დან მხოლოდ 27 მანდატის მიღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ზურაბ ბიგვავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, გაანალიზების შედეგად "ქართულ ოცნებას" გეგმა აქვს, მაჟორიტარულ ფლანგზე შეძლოს უდიდესი უმრავლესობის, 73-დან 70 დეპუტატის გაყვანა, რაც მანდატების 96%-ია.

 მაჟორიტარული წესით არჩევნები მუდმივად ოპოზიციასა და არასამთავრობოების კრიტიკის საგანია. მათი განცხადებით, არც ერთ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარული სისტემა სწორედ იმიტომ, რომ მათი ხმებით მანიპულირება ადვილია. შესაძლოა, პარტიას ამომრჩეველი ნაკლებად უჭერდეს მხარს, მაგრამ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატებიდან თითქმის ყოველთვის სახელისუფლებო იმარჯვებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა თუ სხვა ფაქტორების გამო.

ბევრი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიამ იმდენი მანდატი უნდა მიიღოს, რამდენპროცენტიანი მხარდაჭერაც აქვს ამომრჩევლისგან. სწორედ მანდატების სამართლიანი გადანაწილების მოტივით შევიდა პარლამენტში ე.წ. გერმანული მოდელიც, რომლის მიხედვით, ყველა პარტია იმაზე მეტ მანდატს ვერ მოიპოვებს, რამდენ პროცენტსაც მიიღებს ჯამში, თუმცა ჯერჯერობით ამ კანონპროექტს მისაღებად საკმარისი მხარდამჭერები არ გამოუჩნდა და წელსაც, დიდი ალბათობით, მაჟორიტარებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ ოპოზიცია, მართალია, სიტყვიერად აკრიტიკებს დღევანდელ საარჩევნო კოდექსსა და მაჟორიტარულ წესს, მაგრამ რეალურად ეს ხელს აძლევს და ამიტომაც არ ცვლიან.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტიცა, რომ დღეს არსებული მოდელის შეცვლის წინააღმდეგია, თორემ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას და გადავიდოდნენ ე.წ. გერმანულ მოდელზე. "ძალიან ბევრი ამბობს, გადავიდეთ გერმანულ მოდელზეო, მაგრამ მათ რეალურად რაც დღეს არის, აწყობთ," - დასძენს ბიგვავა.

სოციოლოგ ამირან ბერძენიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" თავადაც არ მალავს, რომ მისი რეიტინგი დაბალია. არც ისაა დამალული, რომ გამარჯვებას მაჟორიტარებით აპირებენ და ამის საშუალებას არსებული საარჩევნო კოდექსი იძლევა.

"მაჟორიტარები ძალიან დიდი ძალაა და სანამ კანონი არ შეიცვლება, ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, თავისი მაჟორიტარები გაიყვანონ ან გამარჯვებულმა პარტიამ სხვა მიმართულებით გასული მაჟორიტარები გადმოიბიროს. საქართველოში ასეთი პრაქტიკაა.

ასეთი იმედი ჰქონდა 2012 წელსაც "ნაციონალურ მოძრაობასაც", მაგრამ არ გამოუვიდა. ყოველთვის ყველაფერი გეგმისა და სურვილის ხედვით არ ხდება," - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციული სიით 40% მიიღო, "ქართულმა ოცნებამ" - 54% და "ნაციონალები" დამარცხდნენ. ახლა კი "ქართული ოცნება" პარტიული 40%-იანი მხარდაჭერის დროსაც იმედოვნებს უმრავლესობით გასვლას.

როგორც ამირან ბერძენიშვილი აღნიშნავს, 2012 წელს მხოლოდ ორ პარტიას შორის იყო შეჯიბრება, ახლა კი გათვლაა, რომ ასპარეზზე ბევრი სხვა პარტიაც გამოვა და რაღაც პროცენტებს სხვებიც წაიღებენ.

"პარტიების სიმრავლე "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. სოციოლოგიური კვლევის გარეშე საუბარი რთულია, თუმცა ახლა გათვლაა ის, რომ 45% საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იქნება, რადგან ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიაა ჩართული საარჩევნო მარათონში, რომლებსაც 5%-ისა და 10%-ის მიღების შანსები აქვთ. შესაძლოა, სპეციალურად ხდება ასე დაშლაც, რომ ყველა ცალ-ცალკე გავიდეს და ასეთი შედეგი დაიდოს.

იმ ფონზე, სადაც რამდენიმე არასაპარლამენტო პარტია 5%-ს მიიღებს, 40%-ისა და 35%-ის მიღება ცუდი არ არის და მას დიდი შანსი აქვს, ამ პატარა პარტიებთან გარიგებებშიც შევიდეს და დიდი უმრავლესობაც დააგროვოს. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია ბევრი პატარ-პატარა ოპოზიციური პარტია, ვიდრე ერთი ისეთი, რომელსაც მხოლოდ 2-3%-ით შეიძლება აჯობოს. ამ გადასახედიდან, პარლამენტში შესვლის შანსი, "ნაციონალების" გარდა, აქვთ "თავისუფალ დემოკრატებს", "პატრიოტთა ალიანსსა" და ბურჭულაძეს.

ვნახოთ, როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია და ვინ როგორ იაქტიურებს. მაინც ბოლოს გადამწყვეტი ფინანსები იქნება - ვისაც ფინანსები ექნება, ის ჩაატარებს კარგ წინასაარჩევნო კამპანიას," - ამბობს ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×