ია აბულაშვილი
09.06.2016

 "თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე არსდება პარტიები, თანაც პერსპექტიული პარტიები, როგორც მინიმუმი, პარლამენტში გასვლის შანსი რომ აქვთ გარანტირებული, მრავლის მაუწყებელია. ყველაფერი არ არის წესრიგში ქვეყანაში. ასეთი რამე უცხოა ნორმალური საზოგადოებისათვის," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო ამბებზე გაესაუბრა.

სოსო ცინცაძე: არსებობს თუ არა პირდაპირი კავშირი წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების შედეგებს შორის, ამ კითხვაზე ასეთივე ლოგიკით შეიძლება ვიკითხოთ - რატომ აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს სისტემატურად ქვეყნის ერთ ჯგუფში, ხოლო მეორეგან ეს გამონაკლის იშვიათობას წარმოადგენს, რატომ ზოგან არავის არ აინტერესებს, თუ კონკრეტულად ვინ ითვლის თუ თვალყურს ადევნებს ხმების თვლის ელექტრონულ სისტემას, ხოლო მეორეგან ცესკოს ხელმძღვანელზეა ბევრი რამ დამოკიდებული?

აი, ცოტა ხნის წინ პუტინმა ავადსახსენებელი ჩუროვი ნდობის მაღალრეიტინგიანი პანფილოვათი შეცვალა და ეს ფაქტი, რასაც არანაირ ყურადღებას არ მიაქცევდნენ დემოკრატიულ ქვეყანაში, მთელი რუსული მედიის მთავარ თემად იქცა. ასე რომ, ყველაფერი კონკრეტული პოლიტიკური გარემოს ანატომიაზეა დამოკიდებული და ამ კითხვაზე არ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი. თუ მაინცდამაინც საქართველოზე ვიმსჯელებთ - მთლად პირდაპირი თუ არა, ძალზე ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობდა, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებისა, არსებობს და მომავალშიც დიდხანს იარსებებს.

"რეზონანსი": რატომ გამოყავით 2012 წლის არჩევნები?

ს.ც: უბრალო მიზეზით; ის, არჩევნები გამონაკლისი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ათობით ჩვენნაირი ქვეყნისათვის. ასეთი რამ, ვთქვათ, ამერიკაში მოხდა ლინკოლნის დროს (იმ "პატარა" განსხვავებით, რომ ლინკოლნი ღარიბი იყო). კიდევ შეიძლება პერონის არგენტინა გავიხსენოთ, როდესაც პრაქტიკულად ერთი კაცი იგებდა არჩევნებს კოლოსალური პირადი ნდობის სარესურსო ბაზაზე. ხომ ხედავთ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი "ლირიკული გადახვევები" აღარ მეორდება. არც საქართველოში აღარ გამეორდება "ივანიშვილის ფენომენი"...

"რ": იმაზე რას იტყვით, რომ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე იქმნება პარტიები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ პარლამენტში გასვლის შანსი აქვთ?

ს.ც: თავისთავად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე არსდება პარტიები, თანაც პერსპექტიული პარტიები, როგორც მინიმუმი, პარლამენტში გასვლის შანსი რომ აქვთ გარანტირებული, მრავლის მაუწყებელია. ყველაფერი არ არის წესრიგში ქვეყანაში. ასეთი რამ უცხოა ნორმალური საზოგადოებისათვის.

ჯერჯერობით პაატა ბურჭულაძე შეცდომებს არ უშვებს. აბა, მიაქციეთ ყურადღება მის საჯარო განცხადებებს, როგორ სიძუნწეს ავლენს წინასაარჩევნო დაპირებებში. მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას სწორად აქვს გაანალიზებული "ოცნების" საბედისწერო შეცდომები, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა მმართველი პარტია.

ან იქნებ ვინმე სერიოზულად აღიქვამს ჩვენი მინისტრების მტკიცებას, რომ მხოლოდ გარე ფაქტორებია ყველა პრობლემის სათავე? ახლა, როდესაც "ოფიციალურ" სტადიაში შედის წინასაარჩევნო კამპანია, ყველა არასამთავრობო პარტია უნდა ეცადოს, მომაბეზრებლად და ზომაგადასულად მყვირალა აგრესიულ ტონალობაში არ წარმართოს საკუთარი კამპანია. ამ მომენტში სოლიდურობის შენარჩუნებაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ.

ახლა კონკრეტულად ბატონ თამაზ მეჭიაურსა და მის პოტენციურ ამომრჩეველზე; გახსოვთ, ერთი წლის წინ პარიზში მილიონი ადამიანი რომ გამოვიდა ქუჩაში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ? საქართველოში მილიონზე მეტია მათი თანამოაზრე; თამაზ მეჭიაურს კი ეროვნული ტრადიციებისა და სქესთა შორის ტრადიციული ურთიერთობების პრინციპული მომხრის მყარი რეპუტაცია აქვს. თუ გეებისა და ლგბტ-თა მომხრეებისათვის არსებობს და უნდა იარსებოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება, მათ ოპონენტებსაც ხომ უნდა გააჩნდეთ ანალოგიური უფლება? ჰოდა ყველა, ვისთვისაც ძნელად აღსაქმელია ეს, მეჭიაურის ამომრჩევლად ჩათვალეთ.

ვიცი, რასაც მიპასუხებთ - სხვა ყველა პოლიტიკური ლიდერი სექსუალური უმცირესობის და ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერია? შეიძლება არა, მაგრამ რისაც მეჭიაურს არ ეშინია, რომ ფაშისტად და დემოკრატიის მტრად შეიძლება მონათლონ, სხვები გაურბიან ასეთ იარლიყებს. მეჭიაური "ოცნებას" გამიჯნული პირველი პოლიტიკოსია, რომელიც მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს იმავე "რუსთავი 2"-ისა და მისი ეთერის ოჯახის წევრებად ქცეული "სტუმრების" ყველა "ფეტვა" და ანათემა. მას მხოლოდ ერთ რამეში სჭირდება ასიათასობით დღეს ჯერ მდუმარე თანამოაზრის გვერდში დგომა - რვა ოქტომბერს მშვიდად და უხმაუროდ, ტელეკამერებისაგან მოშორებით, ანონიმურად დააფიქსირონ ის, რაც გულსა და გონებაში უდევთ.

"რ": თქვენი ვარაუდით, მეჭიაურის პარტიას აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი?

ს.ც: რასაკვირველია, აქვს. რაც გადამწყვეტია, თანამოაზრეთა უპრეცედენტო მძლავრი ბაზა აქვს. ახლა მთავარია, შეცდომები არ დაუშვას. უფრო სწორედ კი, ბიძინა ივანიშვილის საბედისწერო შეცდომები არ გაიმეოროს საკადრო სელექციის საკითხში. ამის საფრთხე რეალურია. საქმე ის არის, რომ საპარლამენტო სინეკურას მიჩვეული უამრავი ე.წ. პოლიტიკოსი რჩება მუქთა კეთილდღეობის გარეშე. მათთვის ხომ მხოლოდ მეჭიაური რჩება უკანასკნელ დამსაქმებელ-გადამრჩენად. თანაც მას ჯერ არ დაუკომპლექტებია საბოლოოდ არც გუნდი და არც კანდიდატების სავარაუდო სია არ გამოუქვეყნებია. ე.ი. ვაკანსიები გააჩნია. წარმოგიდგენიათ, რა რიგი დადგება მის კაბინეტთან? სიაში ჩასმაზე უარის თქმა მტრად გადაკიდების ტოლფასია და გაუძლებს ყველაფერ ამას?

"რ": სხვათა შორის, მეჭიაური ეტყობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც გეგმავს, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მისივე დასწრებით, თუმცა საკუთარი სახელით, ღიად განაცხადა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაროშკინამ. როგორც დარგის სპეციალისტს, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ასეთი რამ?

ს.ც: ეს უკვე მეორე სერიოზული საფრთხეა; რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ჩვენ შორის აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ საშიში დიპლომატიური მცდელობაა ამ რთულ და მრავალწახნაგოვან პრობლემაზე ნაადრევი და ღია საუბარი, მით უმეტეს პოლიტიკური პარტიის დონეზე. ბატონ თამაზს არ მოსწონს "ოცნების" მიერ დაშვებული შეცდომები. არც მე მომწონს. შეცდომა იყო, როდესაც რუსეთთან კონფიდენციალური მოლაპარაკებების გარეშე, კეთილი ნების საჯარო გამოვლენის დემონსტრაცია მოვახდინეთ და პირველი ნაბიჯი გადავდგით ზურაბ აბაშიძის თანამდებობის შექმნის სახით.

ჯერ ერთი, დიპლომატიის ნომერი პირველი დაუწერელი კანონია, რომ მუდამ უნდა ერიდო პირველი ნაბიჯის გადადგმას. მეორეც კეთილი ნების ჟესტებზე ავტომატურ რეჟიმში ადეკვატური პასუხი უცხო ხილია დიპლომატიაში. ამიტომაც გვალოდინა პუტინმა კარგა ხანს და საბოლოო ჯამში, ჩვენსავით კი არ შექმნა სპეციალური სამსახური, არამედ მხოლოდ ფუნქცია გაუზარდა ლავროვის ერთ-ერთ მოადგილეს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ საკითხი წინასწარ არ იყო სათანადო პროფესიულ დონეზე დამუშავებული. არც "რბილი" საბოტაჟის ვერსია იყო გამორიცხული. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხომ ჩუმი უკმაყოფილებით შეხვდა აბაშიძის მისიას.

"რ": როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, მმართველ პარტიას დღეს ძალზე უჭირს და თუ ვინმემ უნდა ნახოს ხეირი მმართველი პარტიის გასაჭირით, პირველ რიგში, ეს ალბათ "ძველ" არასაპარლამენტო ოპოზიციაზე ითქმის. ბურჯანაძე, ნათელაშვილი, "ეროვნულ-დემოკრატები", "ახალი მემარჯვენები", რა შანსი აქვთ მათ?

ს.ც: თუ გახსოვთ თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში, მგონი ორიოდე თვის წინ, გითხარით, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი პარტიები სახიფათოდ გაერთნენ ე.წ. "ინტერფრაქციონალური ტუსოვკით" საარჩევნო კანონის აშკარად უკეთეს, მაგრამ ასევე აშკარად უპერსპექტივო ვარიანტზე მუშაობით. "ინტერფრაქციულ" დონეზე მათ განხილვა- შეჯიბრებებსა და სატელევიზიო პრეზენტაციებში იმდენი დრო და ენერგია დაკარგეს, რომ დღეს დიდი ალბათობით, ისევ ჩვეულ რეჟიმში, ანუ ცალ-ცალკე დაქუცმაცებულად მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა.

"რ": ჰქონდათ კი სხვა არჩევანი?

ს.ც: რასაკვირველია, ჰქონდათ: დაახლოებით ისევე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც "ოცნება" მოიქცა 2012 წელს - გაერთიანებულიყვნენ ერთი ლიდერის ირგვლივ და 5-6 თვის წინ დაეწყოთ "რბილი" წინასაარჩევნო კამპანია.

ცხადია, თორმეტში განსხვავებული სიტუაცია იყო, მაშინ ლიდერს არანაირი არჩევა არ სჭირდებოდა, ის თითონ ირჩევდა თანამებრძოლებს, მაგრამ მე სქემას ვგულისხმობ.

საოცარია, როგორ ვერ მიხვდა თუნდაც იგივე მამუკა კაციტაძე, რომ "ოცნება" არავის არ მოაჭრევინებდა ცოცხალი თავით იმ სასიცოცხლო ტოტს, თვითონ რომ იჯდა ზედ.

მმართველ პარტიაში ხომ სხვებზე უკეთ იცოდნენ, რომ გრაფ მონტე-კრისტოს ხელგაშლილობით გაცემული და შემდეგ შეუსრულებელი დაპირებებისა და გაუარესებული სოციალური ფონის პირობებში, სისულელე იქნებოდა წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ნებისმიერი მმართველი პარტიის გამარჯვების მძლავრ გარანტად ქცეული თამაშის წესების სერიოზული რევიზია. როდესაც ყოველი დღე; ყოველი საათი, ძალზე რთულად მისაღწევი გაერთიანებისათვის აუცილებელი კომპრომისების ძებნას უნდა მოხმარებოდა.

ამ დალოცვილებს შვედეთსა და შვეიცარიაში ეგონათ თავი და დემოკრატიული ლოგიკის ძალით აპირებდნენ თავისის გატანას. გინესების წიგნში შესატანი ნეტარმორწმუნეობაა. და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მათ განკარგულებაში იყო ისეთი მძიმეწონიანი დამრტყმელი ძალა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა თავისი რესურსით.

"რ": ბურჯანაძეს თავისი ცოდვები გააჩნიაო ... იყო ასეთი მოსაზრებაც?

ს.ც: უცოდველი მხოლოდ მაცხოვარია და ამიტომაც არ არის დღეს ჩვენ შორის. დედამიწაზე მხოლოდ ცოდვილებიღა დავრჩით. მე პოლიტიკა და პარლამენტი მაქვს მხედველობაში და არა სამონასტრო რიტუალები. ისე კი ბურჯანაძის "ცოდვები" საბავშვო "პესოჩნიკებში" (მაპატიეთ ქართული შესატყვისი არ მახსენდება) თამაშია თუ გნებავთ იგივე ნარმანიას მიერ დედაქალაქის წინაშე ჩადენილ ცოდვებთან შედარებით.

"რ": დავანებოთ თავი ოპოზიციის საკანონმდებლო რომანტიზმს - გაერთნენ და დაამთავრეს. აი "რესპუბლიკელების" გერმანულ ვარიანტს რაღას უწუნებენ? თქვენთვის დამაჯერებელია მმართველი პარტიის არგუმენტები?

ს.ც: რაც მოვისმინე, რასაკვირველია, არა; როდესაც ზვიად ძიძიგური გვარწმუნებდა, გერმანული მოდელი კარგი კია, მაგრამ ჩვენთვის არ ვარგა, ვინაიდან ქართველი პარლამენტარები ვერასოდეს ვერ შექმნიან კოალიციურ მთავრობასო, ანუ ელემენტარულ კომპრომისებსა და პირადულზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენების უნარი არა აქვთო, ცოტა არ იყოს, მეუცნაურა იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერისაგან, რომელიც წლების მანძილზე გვიმტკიცებს - ან უკვე ვართო ევროპელები, ან ცოტაღა გვიკლიაო.

გარდა ამისა, დღემდის თურქმენეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებისგან მესმოდა - ჩვენც ვიცით, დემოკრატია რომ კარგია, მაგრამ ჩვენი ხალხი ჯერ საამისოდ მზად არ არისო.

"რ": ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რას გვეტყვით. ნატოში არ გვიღებენ, ამის დიდი იმედი არც გვქონია, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს წლებში რომ ეს არ მოხდებოდა, ამას თითქმის შეგუებულნიც კი ვიყავით. ევროპაში უვიზო მიმოსვლა კი თითქმის უკვე ჯიბეში გვედო. რა ბზიკმა უკბინა ევროპას?

ს.ც: ამ ბზიკს ჯანსაღი სახელმწიფო ეგოიზმი ჰქვია. ნორმალურ ქვეყანაში, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მთავარი მიზეზი ობიექტური ფაქტორია. შეიძლება სუბიექტურად ის ჩავთვალოთ, რომ ქართულმა დიპლომატიამ დროზე ვერ შეამჩნია შედეგის განმსაზღვრელი საფრთხე - რატომ ამოვყავით თავი უკრაინასა და კოსოვოსთან ერთ პაკეტში? რამდენიმე თვის წინ ხომ საქართველოს საკითხი ავტონომიურად განიხილებოდა და თითქმის გარანტირებულიც იყო დადებითი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მოუხშირა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელსა და გერმანიაში ვიზიტებს, თბილისი კი მამაპაპური გულარხეინობით ელოდა, თუ როდის გაგვიხსნიდა კარს ევროპა.

რასაკვირველია, არის სხვა მომენტებიც. მილიონობით ახლო აღმოსავლელი ლტოლვილი, საბერძნეთის გადაუჭრელი პრობლემა; 23 ივნისს ძალზე მნიშვნელოვანი რეფერენდუმი ბრიტანეთში. ყველაფერი ეს ობიექტური ფაქტორია, მაგრამ ერთი ციცქნა საქართველოს საკითხი რომ 40 მილიონიანი უკრაინისა და ბანდიტური კრაზანის ბუდე კოსოვოსაგან დამოუკიდებლად განხილულიყო, გამორიცხული არ არის, რომ განსხვავებული ვერდიქტი მიგვეღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×