პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი, რომ მომავალ პარლამენტში "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა, გადაჭარბებულია. მისი აზრით, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და, არ არის გამორიცხული, კოალიციის შექმნა გახდეს საჭირო. ამბობს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძლება, ყველასთან ითანამშრომლოს, გარდა "პრორუსული პარტიებისა".
"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს? შეძლებს "ოცნება" დიდი უპირატესობით მოგებას, როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა?
ლევან ბერძენიშვილი: ამ ინტერვიუდან გამოჩნდა, რომ ის გარკვეულ საკითხებში კარგად ერკვევა, თუმცა პროგნოზები, რომელიც მან გამოთქვა, მეტისმეტად გადაჭარბებული და ოპტიმისტურია.
აშკარაა, რომ ივანიშვილი ერთ პოლიტიკურ ძალას, "ქართულ ოცნებას" გულშემატკივრობს და ყოფილი კოლეგებისა და მეგობრებისკენ აღარ იყურება. ივარაუდა, რომ პარლამენტში 95 დეპუტატს გაიყვანენ, თუმცა ამაში ვერ დავეთანხმები, რადგანაც არჩევნების შემდეგ გაირკვევა, რომ სულ სხვა რეალობაა და მის მიერ მოყვანილი რიცხვი ზუსტი არ არის.
"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ივანიშვილს ასეთი იმედი? რეალური ინფორმაცია არ აქვს?
ლ.ბ: ეს იმედია თუ რაიმე სხვა სახის განცხადება, არ ვიცი. შეიძლება, ადამიანი სინამდვილეში 50-ს ანგარიშობდეს და 95-ს ამბობდეს. ეს მას უნდა ჰკითხოთ, ალბათ ზუსტი პასუხი, რაზე დაყრდნობით ამბობს, მას ეცოდინება.
როგორც თქვა, პერიოდულად გარკვეული სახის კვლევებს ატარებს, შესაძლოა, მისი გარემოცვა ივანიშვილს იმ ციფრებს აწვდიდეს, რომელიც მას სურს და მოეწონება. საერთაშორისო დონეზე რაც კვლევები ჩატარებულა და ხელმისაწვდომია, ჩვენ სხვა რიცხვები გვაქვს, თუმცა ცალსახად ვერც იმას ვიტყვით, რომ ისინიც სანდოა. ამიტომ დაველოდებით იმ კვლევებს, რომლებსაც ვენდობით.
"რ": "რუსთავი 2"-ის თემას მინდა შევეხოთ და ივანიშვილის განცხადებაზე გკითხოთ. მან თქვა, რომ თუ არჩევნებამდე სასამართლო ტელეკომპანიის მფლობელებს შეცვლის, ის ფინანსურად თავად უზრუნველყოფს, რომ არჩევნებამდე არსებული მენეჯმენტი შენარჩუნდეს. რას ნიშნავს ეს განცხადება?
ლ.ბ: ამ განცახდებით ვირტუალურად გვაჩვენა, რომ ბევრი ფული აქვს და გარკვეული საკითხების გადაწყვეტა უპრობლემოდ შეუძლია. უბრალოდ, ამ განცხადების შინაარსში მე პირადად ვერ გავერკვიე. თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ "რუსთავი 2" იმ ხალხის არ არის, ვინც ახლა მას წარმოადგენს, მაშინ ვიღაცამ ფული რატომღა უნდა გადაიხადოს, რომ ისინი კვლავ დარჩნენ? აი, ეს მომენტი ვერ გავიგე. მაშინ ამ სასამართლოს რაღა აზრი აქვს? ვისთვის იმართება? მისი განცახდების ეს ნაწილი ბუნდოვანი იყო. ვფიქრობ, ვერავინ ვერ გაიგო, სინამდვილეში რას გულისხმობდა. შეიძლება, რაღაც უფრო ღრმა არის ჩადებული, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ.
"რ": ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როგორც ვხედავთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დროში იწელება. რა ხდება, შეიძლება საერთოდ არ მოგვცენ?
ლ.ბ: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ასე მუშაობს და მოულოდნელი, ვფიქრობ, აქ არაფერი ყოფილა. თუ ვინმემ ეს არ იცოდა, ალბათ ეს მისი ბრალია, რადგანაც საკითხს კარგად არ იცნობს. საქართველოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაფერი გაკეთებული აქვს. ჩვენი ქვეყანა როგორც თავის მოსახლეობასთან, ასევე ევროპასთან პირნათელია. ევროპარლამენტმა თქვა, რომ ისინი ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხს დადებითად აფასებენ.
ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ელჩი თავს სულ სხვა მოტივების გამო იკავებს. აქ არც საქართველოს ვალდებულებების შესრულებასა და არც შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს მთავარ პრობლემას. ეს არის მხოლოდ მათი პირადი მოსაზრება, ვიზით ვინ უნდა შევიდეს და მიგრაცია როგორი უნდა იყოს. ვნახოთ, ეს ყველაფერი 10 ივნისს გადაწყდება. ჩვენს საკითხს "ბ"-ს სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განხილვა მოხდება. მაგალითად "ა"-ს სტატუსი რომ მიენიჭებინათ, საკითხს განხილვის გარეშე გადაწყვეტდნენ.
"რ": მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. თუ რესპუბლიკური პარტია ბარიერს გადალახავს და კვლავ პარლამენტში მოხვდება, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თქვენმა პარტიამ კოალიცია შექმნას და თუნდაც ირაკლი ალასანიას პატიასთან გარეთიანდეთ?
ლ.ბ: თუკი პარლამენტში შესულ არც ერთ პარტიას იმდენი ძალა არ ექნა, რომ დამოუკიდებლად მთავრობა შექმნას, ბუნებრივი იქნება საუბარი იმაზე, რომ კოალიცია შეიქმნას. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია ამ მოლაპარაკებაში აუცილებლად შევა. თუმცა გაერთიანება არ მოხდება პრორუსულ ძალებთან, მაგალითად ირმა ინაშვილის პარტიას ვგულისხმობ.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პარტიას ანუ "თავისუფალ დემოკრატებს", ჩვენ მათთან წინასაარჩევნოდ არანაირ გაერთიანებას არ განვიხილავთ, ხოლო როცა ბარიერს გადავლახავთ და პარლამენტში შევალთ, ვის რამდენი პროცენტი ექნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ივანიშვილმა კი თქვა, "ქართული ოცნება" პარლამენტში უმარვლესობით მოვა და არანაირი კოალიცია არ იქნებაო, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და გვგონია, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, მთავრობა კი კოალიციური იქნება.
"რ": რას იტყვით პაატა ბურჭულაძის პარტიასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებთ მის შანსებს და როგორ ფიქრობთ, თუ ბარიერს ისიც გადალახავს, რესპუბლიკური პარტია მასთან თუ ითანამშრომლებს?
ლ.ბ: ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, პაატა ბურჭულაძეს საპარლამენტო არჩევნებზე რა შედეგები ექნება. ჩვენ ყველა იმ ადამიანთან ვითანამშრომლებთ, რომელთაც არაფერი არ დაუშავებიათ და პირიქით, ხალხისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებიათ. ჩვენი სურვილია, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ. ვნახოთ, რატომაც არა, ბურჭულაძესთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ ძველი და გამოცდილი პარტია ვართ, ამიტომაც ბურჭულაძეს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ.