მოსაზრება
10.06.2016

თამაზ აქუბარდია

საზოგადოდ ჩემი დამოკიდებულება საჯარო სამსახურში დასაქმებაზე ცალსახაა, - თუ ჭკვიანი ხარ, რა გინდა საჯარო სამსახურში, წამოიწყე შენი საქმე და იყავი შენი თავის ბატონ-პატრონი. ცხადია, სინამდვილეში სულაც არ არის ასე მარტივად საქმე, როგორც მე ვამბობ, - საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იქაც არ ხარ.

ბიზნესი ურთულესი რამ არის და მისი წარმატებით გაძღოლა მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ, თუმცა აწყობილი ბიზნესის გაძღოლა, - ეს უკვე სხვა საქმეა და მისი სწავლა ნამდვილად შეიძლება, თუმცა, ახლა ეს არ არის ჩვენთვის მთავარი.

რატომ მიდის ადამიანი პოლიტიკაში? ერთია, როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მიისწრაფის პოლიტიკაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის, და, მეორეა, როდესაც ადამიანი იკავებს პოლიტიკურ თანამდებობას (რაც, პრინციპში ერთი და იგივე ნამდვილად არ არის) ისე, რომ არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკაში და არც არასდროს არ ჰქონია პოლიტიკური ამბიციები.

ის, რომ ასეთი ადამიანი თანხმდება პოლიტიკურ თანამდებობას, ეს, ალბათ, უფრო პატივმოყვარეობის იმ ჭიის დამსახურებაა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში ზის და ტვინის იმ უბანს აღიზიანებს, გნებავთ აღაგზნებს, საიდანაც გონიერება ამბიციების სამსხვერპლოზე მიიტანება. სხვა საკითხია, თუ რატომ უნდა მოიყვანო პოლიტიკური ამბიციების არმქონე ადამიანი (არაზუსტი ნათქვამია; რადგანაც პოლიტიკური ამბიცია თითოეულ ჩვენთაგანში ზის, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე ადამიანი) პოლიტიკურ თანამდებობაზე.

აქ, ვფიქრობ, უფრო მუხანათური განზრახვაა ჩადებული და ამის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც იქნება საკმარისი. როგორც ერთმა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, რომელსაც პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა, პრივატულ საუბარში მითხრა, მისი ხელმოწერით კანცელარიიდან გადიოდა წერილები, რომლის შესახებაც მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ანუ, ასეთი ადამიანები იმიტომ მოყავთ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომ მას შეაწმინდონ ხელები, როგორც პოლიტიკური სიბინძურის, ასევე კორუფციული განძრახულობების სისრულეში მოსაყვანად.

ვერ გეტყვით, რამდენად შეეფერება სიმართლეს მისი ეს განცხადება, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რამდენადაც საკუთარი გარემოს ხელმძღვანელია (ცხადია, მისი გუნდი მყავს მხედველობაში), იმდენადვე ამ გარემოს მძევალია, და ის, ვინც პირველი შემთხვევითობის მერე (ანუ, ვიღაცამ წინასწარ გაწირა და პოლიტიკაში მოიყვანა), გადარჩა(?) და პოლიტიკაში დარჩა, ერთი, მაქსიმუმ ორი თანამებრძოლის(?) გარდა, პერიოდულად იცვლის გარემოს, თუმცა ხშირად არც ეს არის გამოსავალი, რადგან საბოლოო ჯამში ნებისმიერი პოლიტიკოსი გარე სამყაროს თავისი გარემოს თვალებით აღიქვამს, რომელთა შემადგენლობაში, იმ ერთი-ორის გარდა, შედის - მძღოლი, ცოლი, დაცვის უფროსი და საყვარელი (ან საყვარლები). მაგრამ არც ეს არის ჩვენი განხილვის უმთავრესი მიზანი.

ჩვენ გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ ერთ კონკრეტულ საკითხზე და, ამ საკითხს არა მხოლოდ იმიტომ ვთავაზობთ მკითხველს, რომ იგი უშუალოდ მეც შემეხება, არამედ იმიტომაც, რომ საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი რას ნიშნავს, როდესაც მეორე დღიდან, რაც პოლიტიკური თანამდებობიდან გამოგიშვეს(?), რა ხდება შენს თავს და რას განიცდი, თორემ პოლიტიკაში მაინც რჩები, რადან ეს ისეთი ბაცილაა, რომელსაც სიკვდილის შემდეგაც ვერ მოიცილებ და ამას მთელი სერიოზულობით ვამბობ.

სხვაზე ისეთი თავდაჯერებით ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით, როგორც არ არსებობს ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, ასევე არ არსებობს ყოფილი პოლიტიკოსი, ყოველ შემთხვევაში შინაგანად მაინც, და, ერთი დაძახება და ყავლგასულ კახპასავით, ისიც პანელზეა...

და აქედან იწყება მისი პირადი ტრაგედიაც... ასეთი ადამიანები სამსახურში არვის არ სჭირდება, არც საჯარო და არც კერძო ბიზნესში, იმ შემთხვევების გარდა, თუ კი ის პოლიტიკაშიც ვინმეს ხელის ფარეში იყო და, თუ გადავხედავთ ყოფილებს, მათი უდიდესი უმრავლესობა პოლიტიაშიც ფარეშები იყვნენ და მერეც. თუ ამ პირობებს არ აკმაყოფილებ, გარდა პოლიტიკური მოუსავლეთისა, ცხოვრებისეულ მოუსავლეთშიც მიდიხარ. ცხადია, იშვიათი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს სტატისტიკას არ ცვლის.

ახლა კი კონკრეტულად მივადგეთ საკითხს, რომელიც არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებებისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც არის საჭირბოროტო.

გარემოებათა სრულიად გაუგებარი დამთხვევისა და ეშმაკის უშუალო ჩარევის გამო (თორემ ღმერთის ხელი რომ ჩარეულიყო, ასე არ გამიმეტებდა, - ეს დანამდვილებით ვიცი, უბრალოდ, იმ მომენტში რატომ არ გადამაფარა თავისი უკიდეგანო კალთა, ამაზე დღესაც ბევრს ვფიქრობ) პარლამენტში აღმოვჩნდი.

პირველი ნახევარი წელი, საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა და რითი სუნთქავდა საკანონმდებლო ორგანო, თუმცა ამან ხელი არ შემიშალა ორ თვეში პლენარულ სხდომაზე უკვე კანონი გამეტანა დასამტკიცებლად.

პირველი წლის ბოლოს უკვე შემეძლო კანონის ავკარგიანობაზე მესაუბრა; მეორე წლის ბოლოს უკვე შემეძლო მივმხვდარიყავი ამ კანონის უკან ვისი ინტერესები იდგა; მესამე წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსსა, თუ საბაჟო და კიდევ რამდენიმე სხვა კანონში, დიდი ალბათობით შემეძლო გამომეცნო, თუ რომელი კანონის რომელი მუხლის უკან კონკრეტულად ვისი ინტერესები იდგა და... მეოთხე წლის ბოლოს, როგორც ჩანს, ჩემი ეს უნარი სხვებმაც დაინახეს და... პარლამენტს მიღმა დავრჩი, რაც, ამ გადასახედიდან, ნამდვილად ღვთის წყალობად მიმაჩნია, თორემ მაშინ...

და არავის არ უნდა შენი დასაქმება, ამ შენი (და ცხადია, არა მხოლოდ შენი, - ამ უნარით ყოფილ პარლამენტართა ბევრი წარმომადგენელი არის დაჯილდოებული) განსაკუთრებული უნარის გამო, რომელიც შენი ოთხწლიანი გამოცდილებისა და თავის ტვინში თუნდაც მბჟუტავი სანთლის სიკაშკაშის მქონე გონების, დამსახურებაა, აი სწორედ ამ დამსახურების გამო, შენ არავის არ უნდიხარ.

აქ, გარდა იმისა, რომ პიროვნების პირად ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, სხვა მხრივ კიდევ უარესი კეთდება, - ასეთი კადრების უგულვებელყოფით ქვეყანა ზარალობს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.

რადგან ქვეყანა უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე ხელისუფლების ნებისმიერი შტო და თუნდაც მთლიანად აღებული ხელისუფლება, ამდენად, ის, რომ ხელისუფლებისთვის არაკომფორტულია ასეთი "ჩხირკედელა" ადამიანების მათ რიგებში არსებობა, რომლებიც ყველაფერს გააკონტროლებენ და სააშკარაოზე გამოიტანენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ადამიანები ქვეყნისათვისაც არ არის საჭირო. პირიქით, ქვეყნისათვის არა თუ საჭირო, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია, და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთი კადრები ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს. ამისათვის კი საჭიროა ინსტიტუციონალურად იყოს განმტკიცებული ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების საჯარო სამსახურში დასაქმება.

ის, რომ გამოცდილება თავისას შვრება, ამაში სულ ახლახანს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. საკომიტეტო მოსმენაზე სრულიად შემთხვევით შევესწარი ერთი კანონპროექტის განხილვას, რომელიც ეხებოდა აუდიტორული საქმიანობას და , რომლის მიხედვითაც, აუდიტორული საქმიანობის (კერძო აუდიტორებზეა საუბარი) საბჭო, ფინანსთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ უნდა ამოეყო თავი.

და უცებ, ყოფილმა პარლამენტარმა გაიღვიძა ჩემში, - ეს ხომ ინტერესთა აშკარა კონფლიქტია - ფინანსთა სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად თავად არის აუდიტორი, თავის ქოლგის ქვეშ აერთიანებს კერძო აუდიტორულ საქმიანობას, რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ ბიზნესმენი, ან არ ენდობა სახელმწიფო აუდიტს, ან, ვთქვათ, უნდა თავისთვის ჰქონდეს კონფიდენციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ფინანსური სიტუაციაა მის კომპანიაში და ა.შ. და, ხომ წარმოგიდგენიათ, კერძო აუდიტორების ქმედებები ამის შემდეგ? თქვენმა მონა-მორჩილმა, გარდა იმისა, რომ სულ ცოტა რამდენიმე დეპუტატი გადაიკიდა, ამას კიდევ ფინანსთა მინისტრის მოადგილეც დაუმატა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ თამაშის არა თუ მონაწილე, არამედ ამ თამაშის მონაწილეების ვინაობის შესახებ გარტყმაშიც კი არ არის(?). (აკი ზემოთ გითხარით, რომ მესამე წელს უკვე ვხვდებოდი-თქო!).

სწორედ ამ "ნიჭის" ქონის გამო, აუცილებელია ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირები აუცილებლად იქნენ გამოყენებული საჯარო სამსახურში.

და ამ მიმართულებით რა ხდება დღეს? ჩვენი ქვეყნის 25 წლიანი პარლამენტარიზმის ისტორია დაახლოებით 1200 პარლამენტარს ითვლის, დღეს მოქმედი პარლამენტარების ჩათვლით. აქედან, დაახლოებით 200 ყოფილი პარლამენტარი გარდაცვილია და დაახლოებით 670 ყოფილი პარლამენტარი საჯარო სამსახურში დაკავებული არ არის. ამას დაუმატეთ მოქმედი 150 პარლამენტარი და გამოდის, რომ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 180-200 ყოფილი პარლამენტარია დასაქმებული საჯარო სექტორში. არა და პარლამენტში, სულ ცოტა 1000 ადამიანია აპარატში და ფრაქციებში დასაქმებული, ფინანსთა სამინისტროში სულ ცოტა 5000 ათასი და ა.შ. და ა.შ.

მე შემხვდა ერთი ყოფილი პარლამენტარი, რომელიც ტაქსაობდა და მისი ეს შრომა სულაც არ არის სათაკილო. უბრალოდ ქვეყანას არა აქვს იმ ფუფუნების უფლება, რომ გამოცდილი კადრები არ გამოიყენონ და მხოლოდ მათთის საქმიანობისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანები დაასაქმონ. უბრალოდ ღირს ინფორმაციის მოძიება, თუ რომელ სტრუქტურაში რამდენი ყოფილი პარლამენტარია. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალზე მცირე. განსაკუთრებით მათი სიმცირე, ჩემი გონივრული ეჭვით მარეგულირებელ კომისიებში უნდა იყოს.

ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს, რაც ასევე გასათვალისწინებელია - საჯარო სამსახურში ყოფილი პარლამენტარების დასაქმებით ბიუჯეტიც მნიშვნელოვან დანაზოგს მიიღებს, რადგანაც ამ შემთხვევაში მან საპენსიო უზრუნველყოფაზე უარი უნდა თქვან.

P.S. სრულიად საიდუმლოდ ვიტყვი, რომ, ისე, ამ სხდომაზე იმასაც მოვკარი ყური, რომ მობილურ ოპერატორებს აქციზის გადასახადი უუქმდებათ, და, როცა გავიგე რატომ, ცრემლნარევი სიხარულით წამოვიძახე, - რა საყვარლები არიან, - ამას იმიტომ აკეთებენ, რომ წუთობრივი ტარიფი დაწიონ, მითუმეტეს, რომ ეს "ბედნიერება" ბიუჯეტს, სულ ცოტა 12-13 მილიონიანი დანაკარგის ფასად დაუჯდება.

ღრმად მწამს, რომ პარლამენტართა საქმიანობისადმი მიუხედავად ჩემი სპონტანური დაინტერესებისა, ჩემთვის პარლამენტის კარები სამუდამოდ დაიკეტება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×