მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, არ ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მხოლოდ მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიებიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.
უკვე გაცხადებულია, რომ ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ერთი ეკლესია მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, კრების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა გადაჭრით არ უთქვამს, თავად აპირებდნენ თუ არა კრეტაზე გამგზავრებას.
დღეს კი საქართველოს, საბერძნეთისა და მოსკოვის საპატრიარქოებში დაგეგმილია წმინდა სინოდის საგანგებო სხდომები. რუსეთის სინოდის წინა განჩინებიდან გამომდინარე, დიდი ვარაუდია, რომ რუსეთის ეკლესია მიიღებს კრეტაზე წაუსვლელობის გადაწყვეტილებას. ასევე დიდი ალბათობაა იმის, რომ საქართველოს ეკლესიამაც უარი თქვას კრებაში მონაწილეობაზე იმავე მოტივით, რომ "ერთობა არ არის". მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკლესიის მიერ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი 6 საკითხიდან 2 - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.
ბულგარეთი, ანტიოქია, მოსკოვი და სერბეთი
კრება კუნძულ კრეტაზე 16-26 ივნისსაა დაგეგმილი. მისი ინიციატორია "თანასწორთა შორის პირველი" კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ამ კრების ჩატარება უკვე 50 წელია, იგეგმება. კრებაში მონაწილეობა უნდა მიეღო 14 ავტოკეფალიურ ეკლესიას, ყველას, გარდა ამერიკის ეკლესიისა, რომელიც მიწვეული არ ყოფილა. უნდა განიხილონ 6 დოკუმენტი და გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსით, ანუ ყველას თანხმობით უნდა მოხდეს. როგორც მსოფლიო პატრიარქი აცხადებდა, ამ კრებამ მსოფლიოს უნდა დაანახოს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა.
თუმცა ერთობაში პირველი ბზარი ბულგარეთმა შეიტანა, როდესაც 1 ივნისს გამოაქვეყნა წმინდა სინოდის განჩინება, სადაც ეწერა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი საკითხების მოუგვარებლობის გამო მათი დელეგაცია კრეტაზე არ წავა და ჩამოწერილი იყო კიდეც რას აპროტესტებდნენ, მათ შორის ერთი მათი დელეგაციისთვის ადგილის არცთუ წინა რიგებში მიკუთვნება იყო.
ბულგარეთს ანტიოქიაც მიჰყვა. ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინების გამოქვეყნებისას გამოჩნდა, რომ თუ ერთობა არ იქნება, ისინი კრების გადადების მომხრე არიან. ანტიოქიის სინოდი უკმაყოფილებას გამოთქვამდა შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, ისე, როგორც საქართველო და ასევე უკმაყოფილო იყო ყატარის ეკლესიის იურისდიქციის საკითხის საერთოდ არ გატანის გამოც. ყატარის გამო ანტიოქია იერუსალიმის საპატრიარქოს უპირისპირდება.
ერთი დღის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი შეიკრიბა და მათ განჩინებაში წერია, რომ პროტესტი მარტო ბულგარეთს არ აქვს. ასევე საქართველოს, სერბეთისა და საბერძნეთის ეკლესიებიც, ისევე როგორც ათონის მთის მონასტერი, გამოთქვამდნენ სურვილს, რომ კრების დოკუმენტებსა და რეგლამენტში შევიდეს ცვლილებები, ასევე ანტიოქიის ეკლესია მომხრეა კრება გადაიდოს.
ამ ვითარების გათვალისწინებით, რუსეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ რადგანაც წმინდა კრებაზე გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა იყოს მიღებული და კრებაში მონაწილეობას თუ თუნდაც ერთი ეკლესია არ მიიღებს, ეს "გადაულახავ დაბრკოლებას ქმნის" და კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს მიმართა, 10 ივნისამდე მოეწვია მართლმადიდებელ ეკლესიათა სხდომა, სადაც კომპრომისი იქნებოდა მიღწეული.
8 ივნისს ეს სხდომა შედგა, სადაც საქართველოდან პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე იმყოფებოდა და სხდომის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამდივნომ განაცხადა, რომ დიდ და წმინდა კრებას ბულგარეთის გარეშე ჩაატარებდნენ.
თუმცა გუშინ კრების ჩატარების მოწინააღმდეგეებს კიდევ ერთი - სერბეთის ეკლესიაც მიემატა. ეკლესიის სინოდი აცხადებს, რომ ისინი წმინდა და დიდი კრების ჩატარებაში წინააღმდეგობებს ხედავენ და მისი გადადების მომხრეები არიან.
როგორც სერბეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ამ ისტორიული ფორუმის წინ აუცილებელია ეკლესიებს შორის წინააღმდეგობა აღმოიფხვრას, შედგეს კონსენსუსი და კრებაზე მისაღები დოკუმენტი საბოლოოდ კიდევ დამუშავდეს.
მოსკოვი კონსტანტინეპოლის წინააღმდეგ
რუსული მედია აქტიურად წერს იმას, რომ რუსეთის ეკლესია დიდ და წმინდა კრებაზე წასვლას არ აპირებს და რომ პატრიარქი კირილი კრების წინააღმდეგია. მიზეზად კი ერთი - ასახელებენ იმას, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მხრიდან მართლმადიდებლების ძველი წესების უფრო გალიბერალება უნდა მოხდეს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი პოზიციები სუსტდება და ეს მიუღებელია.
მეორე - წერენ იმაზე, რომ მართლმადიდებელ სამყაროში პირველობისათვის დაპირისპირებაა და ამ კრების ირგვლივ მიმდინარე ამბებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია, ამ კრებით პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. მისი ჩაშლა კი მოსკოვის ინტერესშია, სწორედ პირველობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, რადგანაც, რუსეთს დიდი ხანია "თანასწორთა შორის პირველობა" სურს, თუმცა ამას პირდაპირ ღიად ვერ ამბობს, მით უმეტეს, რომ კონსტანტინოპოლს ზურგს აშშ-ს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ეკლესია უმაგრებს. კრების ჩაშლით კი კონსტანტინოპოლის პრესტიჟი ილახება, ხოლო რუსეთის პირიქით - იმატებს.
კრებაში სულ 14 ავტოკეფალიურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა. ესენია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის და ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის. მე-15 არის ამერიკის ეკლესია, რომელსაც ბევრი არ აღიარებს ავტოკეფალიურად და ამიტომაც მიწვეული არ ყოფილა.
ამათგან ნაწილი მეტნაკლებად ე.წ. კონსტანტინოპოლის ბანაკის წევრებად მიიჩნევიან, ნაწილი - რუსეთის და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი საკუთარი მომხრე ეკლესიების ხელით ცდილობდა მთელი ეს დრო ამ კრების ჩაშლას, რაც, დიდი ალბათობით, გამოსდის კიდეც. თუ ჩაშლა არა, მისი მნიშვნელობის გაუფასურება მაინც.
იქნება თუ არა ახალი დიდი სქიზმა
გამოიწვევს თუ არა ეს დაპირისპირება მართლმადიდებელ სამყაროში დიდ სქიზმას და, შესაძლოა, თუ არა რომ ურთიერთბრალდებებიც დაიწყოს იმაზე, ვინ უფრო ჭეშმარიტი მართლმადიდებელია და ვინ - მწვალებელი?
თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა მაინც არ ჰგონია, რომ კრების ირგვლივ ამტყდარ ამ ამბებს ეკლესიებს შორის კავშირის გაწყვეტა და ერთმანეთის მწვალებლობაში დადანაშაულება მოჰყვეს.
მისი აზრით, ეს კრება, სავარაუდოდ, გადაიდება, რადგან თუ მასში ბულგარეთი, სერბეთი და, უპირველესად, რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას, კრებას აზრი ეკარგება. თუმცა მაინც ჩაატარებს თუ არა ამ შეკრებას მსოფლიოს პატრიარქი, პროგნოზის გაკეთება უჭირს.
"ასეთი კრების პრეცედენტი ჩვენ არ გვაქვს. ბოლო მსოფლიო კრება მე-8 საუკუნეში ჩატარდა და მას იმპერატორი იწვევდა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ თუ კრება შედგება და მასში მონაწილეობას 10 ან 12 ეკლესია მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენებს მოიკვეთენ. არა, შესაძლოა კრება შედგეს და თქვან: ჩვენ კრება ჩავატარეთ, მისი დოკუმენტები ხელმოწერისთვის ღიაა და სხვა ეკლესიებს შეუძლიათ მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი რამ ხდება.
"ძნელია თქმა, რა მოხდება. კრებამ გამოკვეთა ის წინააღმდეგობები, რაც ეკლესიაში ისედაც ყოველთვის იყო. პირადად მე ვერ გავიგე, რა არის ის ჭეშმარიტი მიზეზი, რის გამოც ბულგარეთმა მონაწილეობაზე უარი თქვა იმიტომ, რომ ბულგარეთის ეკლესია დიდი კონსერვატიზმით არ გამოირჩეოდა და შესაძლებელია ეს არის შიდა საეკლესიო პოლიტიკური დაპირისპირება კონსტანტინოპოლთან რაღაც თემების გამო. იგივეს ვიტყოდი სერბეთზეც, თუმცა სერბეთი მაინც უფრო კონსერვატიულია.
"შეიძლება ეს ყველაფერი დიდი თამაშის ნაწილია, სადაც რუსეთი და კონსტანტინოპოლი ერთმანეთს პირველობისთვის უპირისპირდება. გადაჭრით ვერაფერს დავაბრალებ, თუმცა შესაძლოა რუსეთს კრების ჩატარება არ აწყობდეს, რადგანაც კრების წარმატება მსოფლიო პატრიარქის ავტორიტეტის ცალსახად განმტკიცება იქნება," - ამბობს ლევან აბაშიძე.
მისივე თქმით, რომელი ეკლესიები მოიაზრებიან რუსეთის ე.წ. ბანაკში და რომელი - კონსტანტინოპოლის, ზუსტად თქმა რთულია, თუმცა ზოგადად რამდენიმე ეკლესიაზე მაინც ამახვილებს ყურადღებას.
მაგალითად, მიიჩნევს, რომ რუსეთის მომხრეებად ითვლებიან იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის და საქართველოს ეკლესიები. ანტიოქია და საბერძნეთი - უმეტესად კონსტანტინოპოლის ე.წ. გუნდის წევრებად. დანარჩენებზე საუბარი კი უჭირს.
"ხშირად ამბობენ, რომ იერუსალიმი რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშაა, თუმცა მტკიცება მაინც რთულია, რადგან იერუსალიმის მღვდელმთავრები უმეტესად ბერძნები არიან. სერბეთის ეკლესიაში უმეტესად ანტიდასავლური განწყობაა, ორიენტირებულები არიან ნაციონალიზმზე და რუსეთს მოკავშირედ მიიჩნევენ.
"რუმინეთის პრორუსულობას გამოვრიცხავ. ბულგარეთის ეკლესია ოსმალეთის იმპერიის დროს მთლიანად იყო ჩაყლაპული საბერძნეთის ეკლესიის მიერ, ხოლო როდესაც ბულგარეთის ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, მაშინ საბერძნეთმა ის საერთოდ მოიკვეთა და მწვალებლებადაც გამოაცხადა. ამიტომაც ბერძნული ეკლესიების წინააღმდეგ სენტიმენტები აქვთ. პოლონეთის ეკლესიაში რუსეთს დიდი ბერკეტები არ ექნება. პოლონეთი რუსეთს ტანკებით ეჭირა და ვერ იქნება ის რუსული ორბიტიდან," - აღნიშნავს აბაშიძე.
აბაშიძის განცხადებით, საბერძნეთში ახლა ჭეშმარიტი მართლმადიდებლების 7-მდე სინოდია, რომლებიც ამბობენ, რომ ძირითადი ეკლესია მწვალებელია და მას არ აღიარებენ. მაგრამ ის, რომ ძირითადი ავტოკეფალიური ეკლესიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მწვალებლები უწოდონ, ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია.
"უფრო მგონია, რომ კრებას მაინც ჩაატარებენ. რაც უნდა ვთქვათ, რომ მართლმადიდებლებში ერთობა არ არის, ეს ერთობა მაინც არსებობს და მისი დარღვევა არავის აწყობს. თანაც ის სქიზმები, რომლებიც ადრეულ საუკუნეებში მწვალებლობის ნიადაგზე ხდებოდა, სერიოზული თეოლოგიური და სარწმუნოებრივი საკითხების გამო იწყებოდა. აქ კი სარწმუნოების საკითხებზე დაპირისპირება არ გვაქვს.
"ერთადერთი არის ის, თუ როგორ გვესმის ჩვენ ეკლესია. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ყველა სხვა ქრისტიანს მწვალებლები უნდა დავუძახოთ, ზოგი ამბობს რომ - არა, ისინიც ქრისტიანები არიან.
"არ მგონია, რომ ახლა განხეთქილება მოხდეს, ადრე კი იყო და საკმაოდ დიდიც, როდესაც რუსეთისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიები ერთმანეთს არც კი მოიხსენიებდნენ ლოცვებში. ისე, როგორც რუსეთის საზღვარგარეთულ ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქოსთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაერთიანდნენ. ამიტომაც, ბულგარეთმა რომ განაცხადოს, ჩვენ ვართ მარტო მართლმადიდებლები და ვინც კრებას დაესწარით, არ ხართო, არ მგონია, ასეთი მწვავე სახე მიიღოს ამ ყველაფერმა", - დასძენს აბაშიძე.