სააპელაციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატებმა ასევე დააყენეს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიას ეს შუამდგომლობა არ განუხილავს და მხოლოდ განაჩენი გამოაცხადა. ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს, მითუმეტეს, როცა საარჩევნო წელია.
"ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ძალაში დარჩა, რა თქმა უნდა, აზიანებს ხელისუფლებას, მითუმეტეს, როცა საარჩევნო წელია. იქნება არჩევნები, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული.
ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს პროცესი ახლა არ ყოფილიყო. თუმცა არც სახელმწიფოს, არც პრემიერ-მინისტრს, არც ერთ მინისტრს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია სასამართლოზე. სასამართლო არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორ ფიქრობთ, სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენი, აზარალებს თუ არა ხელისუფლებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგნლებს მიმართა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "მე ის ვიცი, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდეს არეულობა. ალბათ, "რუსთავი 2"-ის გარდა წართმეული ქონება უნდა დაუბრუნონ კიდევ რამდენიმე ადამიანს მაინც, რომ ეს პირველი ნაბიჯი გამართლებული იყოს. ეს ერთი და მეორეც - ძალიან მაინტერესებს, "იბერია" რომ დაარბიეს, ასეთი ჟიოტაჟი იყო ატეხილი და ელჩების დონეზე დარბოდა ევროპა?!"
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება): "სიმართლე გითხრათ, ხელისუფლება ნაკლებად მაინტერესებს, მე ის ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ქვეყანას აზარალებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის არჩევნებზე, მით უმეტეს, რომ მათი რეიტინგი ისედაც 0-სკენ მიისწაფვის."
ქეთი ბექაური (იურისტი): "სასამართლოს გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ არ ვარ პროცესის მონაწილე. ორივე მხარეს ჰყავს ადვოკატები და ისინი უკეთ მისცემენ სამართლებრივ შეფასებას. თანაც, ამ გადაწყვეტილებას არ გაუვლია სამივე ინსტანცია, წინ კიდევ 1 ინსტანციაა და არავინ იცის, როგორ დასრულდება.
ამასთანავე, "რუსთავი 2"-სთვის ამ გადაწყვეტილებით არავის აუკრძალავს მაუწყებლობა და ვერ ვხვდები, ამან რატომ უნდა დააზარალოს ხელისუფლება. მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან დიდი რეზონანსი და ეს უკვე გარდაუვალია. თვითონ პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ ყველაფერი ჩანდა. ნათელი იყო, რაც მოხდებოდა.
ეს ისეთი არხია, აკვირდებიან ყველანაირად და ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს არა მარტო ქვეყანაზე, არამედ ყველაფერზე."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "მე საერთოდ ვერ ვხდები, რატომ არის ეს საქმე ასე სასწრაფოდ გადასაწყვეტი და რატომ იძლევა ხელისუფლება აჟიოტაჟის მიზეზს?! მით უფრო, რომ ბატონმა ბიძინამ როგორც ბრძანა, რომც მოხდეს და "რუსთავი 2"-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, ის ყველანაირად უზრუნველყოფს, რომ არაფერი შეიცვალოს მენეჯმენტში და "რუსთვი 2"-მა არჩევნებამდე უცვლელი ხელმღვანელობით გააგრძელოს მუშაობაო.
რა საჭიროა ასე სასწრაფოდ რაღაცების გადაწყვეტა და კიდევ უფრო მეტი გაღიზიანების გამოწვევა?!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე