ევროკავშირის მამა-დამფუძნებლები გადაწყვეტილებას ბლოკავენ
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
11.06.2016

 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კვლავ იწელება, თუმცა გუშინ უკვე ნათლად გამოიკვეთა საქართველოსათვის ვიზების გაუქმების მოწინააღმდეგე ქვეყნების პოზიცია.

ფორმალურად გერმანია უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის მიღებას დაელოდება. გერმანიის პოზიცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა გააცნო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ ისინი უნდა დაელოდონ ე.წ. შეჩერების მექანიზმს, რათა დარწმუნდნენ, რომ შეძლებენ ზომების მიღებას უვიზო რეჟიმის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში. იგივე პოზიციას იზიარებენ საფრანგეთი და იტალია.

გარდა ამისა, ოთხშაბათს გერმანიამ ოფიციალურად მიმართა ევროკომისიას თხოვნით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართველი კრიმინალების დანაშაულზე ანგარიშის მომზადების შესახებ. ეს კი მომავალში შესაძლებელია გადაწყვეტილების გადადების კიდევ ერთი საბაბი გახდეს.

ხუთშაბათს დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია გამოთქვეს: ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

წერილში, რომელიც ნიდერლანდებს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას გაეგზავნა, ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ შეასრულა ყველა წაყენებული პირობა, ჯერი ახლა ევროკავშირზეა. ნებისმიერი შემდგომი შეყოვნება ეჭვქვეშ დააყენებს ევროკავშირისადმი ნდობას და შეიძლება ევროპასთან დაახლოებისათვის აუცილებელი რეფორმების შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს - ვკითხულობთ წერილში.

ხუთი ქვეყანა იმედს გამოთქვამდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ან გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდობაზე, ან უკიდურეს შემთხვევაში საკითხი დადებითად გადაწყდება 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას.

გუშინვე ევროკომისიამ, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარის, დიმიტრის ავრამოპულოსის სახით, კვლავ დაადასტურა კომისიიის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოთქმული იყო რეკომენდაციებში და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში პროგრესი მალე იქნება მიღწეული.

"რეზონანსის" კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინა საქართველოსათვის ვიზების გაუქმების პროცესის შეჩერებას, ევროკავშირთან უკრაინის მისიის პრესსმდივანმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების გაჯანჯლებას ცალსახად აქვს პოლიტიკური წინაპირობები.

ევროკავშირთან უკრაინის მისიის ხელმძღვანელის, მიკოლა ტოჩიცკის აზრით, უკრაინამ უვიზო მიმოსვლა უნდა მიიღოს არაუგვიანეს ადრეული შემოდგომისა და ნებისმიერი შემდგომი შეფერხება ევროკავშირისადმი მხოლოდ უნდობლობას წარმოშობს.

ამ შემთხვევაში გაძლიერდება ზეწოლა მთავრობაზე, გაძნელდება პარლამენტში რეფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობისა და მინსკის შეთანხმებების რეალიზაციისათვის საჭირო კანონების გატანა.

"ძალიან ძნელია აუხსნა ხალხს, თუ რატომ უნდა დავუკავშიროთ ჩვენი მომავალი სხვა ქვეყნებს (ევროპას), მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე", - მიაჩნია უკრაინელ დიპლომატს.

15 ივნისს, ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტი უკრაინის დოსიეს ტექნიკურ საკითხებს განიხილავს, ასევე შესაძლებელია, რომ კორეპერი-2 კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს საკითხს.

20 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე კვლავ დაისმება საქართველოს საკითხი, მანამდე კი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს გერმანიაში ვიზიტსა და კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას გეგმავს. განსახილველ საკითხთა შორის ვიზალიბერალიზაციის თემაც იქნება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მოლდოვას უკვე აქვს. როგორც "რეზონანსს" ევროკავშირთან მოლდოვას რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელმა ეუჯენ კარასმა განუცხადა, 2014 წლის აპრილიდან დღემდე უკვე 500 ათასმა ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოლდოველმა შეძლო ევროკავშირში უვიზოდ შესვლა. მოკლევადიან მოგზაურობათა საერთო რაოდენობამ კი მილიონნახევარს გადააჭარბა.

როგორც ეუჯენ კარასმა აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის დაწესება არავითარ გავლენას არ ახდებს უკანონო ემიგრაციაზე, ან არ იწვევს ლტოლვილთა კრიზისს. ეს ნათლად დადასტურდა მოლდოვას მაგალითზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×