საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს იმსჯელებენ - ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე აუცილებელია ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანას უვიზო რეჟიმი გამარტივებული პროცედურით შეუჩერონ.
კლაას დიკჰოფმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ეტაპზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგია.
"ქვეყნებმა, რომლებიც ამ საკითხს ახლა არ ეთანხმებიან, განმარტეს საკუთარი პოზიცია, რისი გაცნობაც ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, კითხვები დავუსვით და ვთხოვეთ პოზიციის ახსნა. ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ კარგია, ვიცოდეთ რაშია პრობლემა, რათა ამ პრობლემის მოგვარებაზე ვიმუშაოთ.
"საქართველოსთან მიმართებაში ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ მან ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს, მაგრამ რამდენიმე მათგანი ასე არ ფიქრობს. ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას, მხოლოდ იმის გაკეთება შეგვიძლია, რომ დავთვალოთ, მეტია თუ არა მომხრე. თუ საკმარისი არ არის, როგორც ახლა, მაშინ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.
როგორ ფიქრობთ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის შეფერხება ხომ არ გააძლიერებს პრორუსულ ძალებს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ამაში გასაკვირი არაფერი იყო. მე 1 თვის წინ გამოვაცხადე, რომ იწყება ერთ-ერთი ყველაზე რთული კოსმიური ქარიშხლის პერიოდი. ყველაფერი გაიწელება, წავა უკუღმა, არანაირი მოლაპარაკებები არ გამოიღებს შედეგს, გვექნება ათასგვარი პრობლემები და დაპირისპირებები. არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლოს ეხება ეს.
20 ივნისიდან 20 ივლისამდე კი ბატონო, საკმაოდ კარგი პერიოდია, მაგრამ მანამადე არაფერი იქნება. თუმცა არც ეს ნიშნავს, იმას, რომ ჩვენი რუსეთისკენ გაქაჩვის პერიოდი შეიძლება იყოს, ეს ტყუილია. რუსეთთან ისედაც უნდა გვქონდეს გადასარევი ურთიერთობა.
2016 არის ის წელიწადი, რომელიც ხელს უწყობს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და ხელისუფლებამ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს კოსმიური შესაძლებლობა, მერე გვიან იქნება."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "პრორუსულ ძალებს აუცილებლად გააძლიერებს. მე 2 თვის წინ ეთერში სრული შოკი მივიღე, როდესაც ბატონმა იური მეჩითოვმა ფიქციად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, რისი კონსტიტუციური უფლებაც არ არსებობს, ეს დასჯადია. მორალური შეურაცხყოფის გარდა, კონსტიტუციის მიხედვით, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა.
მაინტერესებს, მსგავს განცხადებებს სახელმწიფო რატომ გაატარებს ხოლმე?! ეს ეჭვს ბადებს ევროპაში. 1918 წლიდან ჩვენმა წინაპრებმა მოახერხეს და საქართველოს რუსეთთან კაპიტულანტური დოკუმენტი არ არსებობს.
შე დალოცვილო, ხურჩასთან თავზე რომ დაგახურეს სამშობლოს საზღვარი, გაბრაზდი, გამწარდი და ერთი ცოტა მკაცრი დოკუმენტი მაინც შექმენი... და რა თქმა უნდა, "რუსთავი 2", ავანსცენაზე ურიგოდ რომ შემოიყვანეს ხალვაში, ამდენი ხანია უკიდურესად მძიმე სისხლის სამართლის საქმეები თაროებზე დევს, მითხარით, რატომ არის მისი სამართალი ასე სასწრაფოდ აღსადგენი და რიგითი მოქალაქის სამართალი თაროზე შემოდებული?! - ეს ხომ ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს?! ევროპისკენ ამდენი ხელის გაშვერა, ამდენი არასასურველი გამონათქვამები და მერე ეუბნები, რომ ვიზალიბერალიზაცია გინდა. არაფერიც არ გინდა და მიხვდა ამას ევროპა. მაგრამ გაცხადებულად ვერ ბედავენ თქვან, რომ არ უნდათ ევროპა, ესეც იმიტომ, რომ ჩემნაირებისგან შემდგარი არმიის ეშინიათ და ჩვენ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ, იცოდნენ, მთელი ქალაქი გამოვა."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "უახლოეს ხანებში არავითარი ვიზალიბერალიზაცია, მაპი და ევროკავშირში შესვლა არ იქნება. ჩვენ სატყუარასავით გვცდიან - აი ახლა თუ კარაგად შეასრულებთ დავალებას, ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილია ეს ყველაფერი.
არავინ ინტერესდება, საქართველო როგორ ასრულებს დავალებებს. თურმე, თუ ევროპაში შეწყდება ქურდბაცაცობა, მაშინ მისცემენ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროპაში ქურდობა არასდროს შეწყდება, იმიტომ, რომ იქ 20 მილიონი ლტოლვილია შესული. ეს ერთი ანდაზით შეიძლება აიხსნას - "მიზეზ, მიზეზ დოს მარილი აკლიაო," - აი ამას გვეთამაშება ევროპა."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ გააძლიეროს პრორუსული ძელები. ადამიანებს გული აეყრებათ. აქვე, 40 მეტრში არიან რუსები და ნაცვლად იმისა, რომ ევროპამ მხარდაჭერა მოგვცეს და გააძლიერონ საკუთარი პოზიციები, სანატრელი გაგვიხადეს ეს ვიზალიბერალიზაცია. ადამიანების ნაწილმა შეიძლება ეს გამოიყენოს და თქვან - აი თქვენი ევროპა, არ უნდიხართ და რა გინდათ?!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე