"სანამ ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენს ტერიტორიაზე არიან, ცხვირს ვერავინ შემოყოფს"
თაკო მათეშვილი
13.06.2016

 გადამწყვეტი მნიშვნელობის - ასე აფასებენ წინასაარჩევნოდ ამერიკული წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები და დასძენენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დადებით წვლილს შეიტანს.

მათი აზრით, ეს ყველაფერი არჩევნებს შემთხვევით არ დამთხვევია. ფიქრობენ, რომ მართალია, ნატოში ვერ გვიღებენ და ჯარებს საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ათავსებენ, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში საკმაოდ მნიშვნელოვნად გვეხმარებიან. ახლა კი, მათი აზრით, სწორედ რომ კრიტიკული სიტუაციაა, რადგან არჩევნები მოდის და რუსეთი ყოველგვარი პროვოკაციისათვის მზადაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოში სამხედრო სწავლების რაოდენობას გაზრდის, გასულ კვირას გავრცელდა. მას საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, თუმცა აპირებს, საქართველოში სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ჩატარების ინტენსივობა გაზარდოს.

განცხადება ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

"ჩვენ ახლა ვაპირებთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნას მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. აშშ-ს საქართველოში მუდმივი სამხედრო ძალების განლაგების გეგმა არა აქვს, მაგრამ აქვს გეგმა, გაზარდოს სამხედრო სწავლებისა და წვრთნების ინტენსივობა", - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და დღემდე განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლას, ასევე საქართველოზე ზეწოლას ახდენს.

მაიკლ კარპენტერის შეფასებით, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განცხადება რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საქართველოზე რუსეთის ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია.

"2008 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩვენი მიზანი იყო საქართველოს მდგრადობის გაძლიერება და რუსეთის წინაშე საქართველოს დაუცველობის შემცირება. დაახლოებით ორი კვირის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, სადაც ვესწრებოდი სწავლებას "ღირსეული პარტნიორი", რომელიც საქართველოსთან ერთად ჩავატარეთ. ჩვენ მათ ვეხმარებით თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

მაიკლ კარპენტერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო მეორე ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", ავღანეთში.

ამავდროულად, ამერიკაში ვიზიტით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მეტად კმაყოფილია - "თეთრ სახლში იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით" - ასე შეაფასა მან სამუშაო შეხვედრები, რომელიც გასულ კვირაში შედგა.

მინისტრის განცხადებით, დღის წესრიგი უცვლელი იყო - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინზეც ისაუბრეს.

"თეთრ სახლში საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

წვრთნებისა და სწავლების ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიახლე რომაა, ამაზე განცხადებები ხელისუფლებაში მაშინვე გაკეთდა. საქართველო-ამერიკის ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება კი, მათი აზრით, ნატოსთან დაახლოების გარანტიაა.

"უნდა გვესმოდეს, რომ იმ დღეებში მაინც, როდესაც აქ ამერიკული ტანკი შემოდის, ან ამერიკული წვრთნები მიმდინარეობს, ჩვენზე თავდასხმა მოსალოდნელი არ არის. უსაფრთხოების თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა დავუახლოვდეთ ნატოს, რათა შეწყდეს საუბარი, თითქოს ნატოსთან დაახლოება საფრთხის შემცველია. ნატოსთან დაახლოება არის უსაფრთხოების გარანტია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა.

სიახლის მნიშვნელობას არც პოლიტოლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები აკნინებენ, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ უკვე დროა, ამერიკა უფრო კონკრეტულ ნაბიჯებსაც გვთავაზობდეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტან მაისაია ფაქტს სასიამოვნოს უწოდებს და დასძენს, რომ ეს ყველაფერი საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის დონეზე განიხილება, თუმცა ნატოს-თან ურთიერთობაზეც აისახება, რადგან ამერიკას ალიანსში მძლავრი პოზიციები აქვს - სამხედრო სტრუქტურების ბერკეტები უშუალოდ მის ხელშია.

ამიტომ, მისი აზრით, სარგებელს ორივე შემთხვევაში გამოიწვევს - ეს იქნება ამერიკა-საქართველოსა და ნატო-საქართველოს კონტექსტში.

რაც შეეხება დეტალებს, მაგალითად, იმას, ჩამოვა თუ არა წვრთნების დროს სამხედრო შეიარაღება და ტექნიკაც, რა სახის ტექნიკაზე შეიძლება იყოს საუბარი და ა.შ. მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა, ეს ცალკე მოლაპარაკების თემა იყოს.

თუმცა, მისი აზრით, კარგი იქნებოდა, ამერიკელებს სპეციალური მიზნობრივი პროგრამები გამოეყოთ, რის ფარლებშიც საქართველოს თუნდაც მოძველებული ამერიკული ტექნიკა გადმოეცემოდა და ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდებოდა. ამბობს, რომ უპრიანი იქნებოდა, ხიდაშელს ამისთვის მიეღწია.

"სასურველი იქნებოდა, სპეციალიზებული მიზნობრივი პროგრამებიც განვითარებულიყო, როგორც ეს ამერიკა-იორდანიის, ამერიკა-ეგვიპტის, ამერიკა-ისრაელის მოდელის ფორმატში ხორციელდება.

"2009 წლის ქარტიის მიხედვით ამერიკა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და, ბუნებრივია, უკვე შეგვიძლია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვოთ, მიზანმიმართული სამხედრო დახმარების პროგრამები გამოიყოს. ეს ბევრად ეფექტური იქნება იმ წვრთნებთან ერთად, რომლებიც უკვე დაიგეგმა. იმედია, ეს მიმართულებაც განვითარდება.

"წვრთნების ჩატარება ძალიან კარგია, მაგრამ უკვე მიზნობრივ სამხედრო დამხარებებზე გადასვლაა საჭირო - შეიარაღების მიზნობრივი შესყიდვები მისაღებ ფასებში და მიზანმიმართული ფინანსური დახმარება სხვადასხვა სამხედრო მიმართულებების განსავითარებლად, რაც ამ ეტაპზე ძალიან გვაკლია", - ამბობს მაისაია. მისივე თქმით, იმ ყველაფრის ფონზე, რომ ქართული ასეული "ანაკონდა 2016"-ის წვრთნებიდან მოიხსნა, აღნიშნული სიახლე განსაკუთრებულად სასიხარულოა. მართალია, ნატო-საქართველოს დაახლოებაში სასიკეთო ძვრები არ გვაქვს, მაგრამ საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამგვარი პესიმიზმის საფუძველი არაა.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კი აღნიშნული სიახლის მიზეზებით ინტერესდება და ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს, რომელიც დაახლოებით 4 თვეში გველის.

ამბობს, რომ ტექნიკისა და იარაღის შემოტანაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა წვრთნები მაინც მეტად მნიშვნელოვანია.

"ახლა არჩევნები მოდის. ყოველი არჩევნების წინ კი რუსული ჯარების შემოსვლის საფრთხეა. შეიძლება იმით ისარგებლონ, რომ აქ პროტესტი გაჩნდეს, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ან რამე მსგავსი და ისინიც "ქართველი ხალხის დასაცავად" შემოვლენ. ყველაზე დიდი გარანტია კი იმისა, რომ ასე არ მოხდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის ჯარების წვრთნაა.

"ყველამ კარგად იცის, რომ სანამ ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენს ტერიტორიაზე არიან, ცხვირს ვერავინ შემოყოფს. ასე რომ, მგონია, სწორედ არჩევნებს უკავშირდება, რადგან არჩევნების დროს საფრთხე ძალიან დიდია", - დასძენს შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×