ნინო ქეთელაური
14.06.2016

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

შემაძრწუნებელია თითოეული იმ წუთის გახსენება, რაც 13 ივნისს ხდებოდა ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა სტიქიის შემდეგ განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 65 ოჯახს საცხოვრებლის შესაძენად მთავრობამ უკვე გამოუყო თანხა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

"უმრავლესობა არის დაბინავებული და სარემონტო სამუშაოები უტარდება ძალიან ბევრ ბინას. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღასადგენად ასევე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება, ცხოველები გადმოგვცეს და დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორ ფიქრობთ, 13 ივნისის დაზარალებულებისთვის ხელისუფლებამ დახმარება სრულფასოვნად უზრუნველყო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): "მე ვფიქრობ, ძალიან სუსტი იყო ხელისუფლება 13 ივნისის ტრაგედიის დროსაც და იმის შემდეგაც. სამწუხაროდ, არიან დაზარალებულები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხელისფლებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღეს."

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "zისაც მე ვიცნობ, იმ ადამიანების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე მეტი აუნაზღაურდათ, ვიდრე მანამადე ჰქონდათ. მათ ოჯახის წევრი არ დაღუპვიათ, მხოლოდ ქონება გაუნადგურდათ, რომელიც ხელისუფლებამ აუნაზღაურა და კრედიტებიც კი დაუფარა. შესაბამისად, კიდევ უფრო უკეთესი პირობები შეუქმნეს, ვიდრე მანამდე ჰქონდათ."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "პირველ ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ვთქვა, რომ იმ სტიქიის დროს ჩვენნაირ ქვეყანას კი არა, ძლიერი ეკონომიკის და შესაბამისი ტექნიკის მქონე ქვეყანასაც კი გაუჭირდებოდა მუშაობა.

მე ვთვლი, რომ ბევრი რამ გაკეთდა დაზარალებულთა კომპენსაციის თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, მაგრამ ბევრიც შეიძლება გასაკეთებელია. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი მისი შესაძლებლობის ფარგლებში იყო."

 

 მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი):  "მხოლოდ ერთი მაგალითით შეიძლება ამის ახსნა - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საშინელი სტიქიიდან რამდენიმე დღეში ვეფხვმა ადამიანი შეჭამა, ეს ცალსახად მიუთითებს შესაბამისი ორგანოების ცუდად მუშაობაზე."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "სრულფასოვანი დახმარება არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მათთვის. ალბათ, დაკისრებული მოვალეობის 75-80% მაინც შეასრულა ხელისუფლებამ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×