გამონაკლის შემთხვევაში, პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლება შეიძლება მიეცეთ.
ეს მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის მიზანს არჩევნების დღეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ცვლილებები "საარჩევნო კოდექსში" ხორციელდება.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით, პოლიციის მუშაკები შეიძლება გამოძახებული იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას, ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე საზოგადოებრივ წესრიგს ექმნება.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კანონპროექტის ინიცირებას კორცხელის ინცინდენტის გადაფარვისა და საერთაშორისო კრიტიკისათვის პასუხის გაცემის მცდელობად აფასებს და ამბობს, მთავრობას საზოგადოების ყურადღების არარსებულ თემაზე გადატანა სურს.
უმრავლესობის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შეიმუშავეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავები ადგილზე იმყოფებოდნენ: "კანონის გამკაცრება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი პრევენცია, რომელიც ინიციატივა იყო პრემიერ-მინისტრის და, ბუნებრივია, ამ ინიციატივას აქვს კეთილშობილური მიზანი, რომ დავაზღვიოთ ძალადობრივი გარემოსაგან საარჩევნო პროცესი".
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ფრაქცია "ფორუმელები" კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს, რომელიც პოლიციელებს კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშე ყოფნის უფლებას ანიჭებს. მათი თქმით, არჩევანის გაკეთების ადგილას სამართალდამცავები არ უნდა იმყოფებოდნენ.
"ეს აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ადამიანებს პოლიციელის გამოჩენის საკმაოდ ეშინიათ. თუ მანამდე პოლიცია დაფარულად ატარებდა არჩევნებს, ახლა ეს იქნება პირდაპირი მინიშნება იმის, რომ პოლიციის მონაწილეობით ვატარებთ არჩევნებს", - განაცხადა ანი მიროტაძემ.
ეთანხმებით, თუ არა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების უფლებები გააფართოვდება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დღევანდელი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ამ ცვლილებებს ვეთანხმები.
ჯერჯერობით საზოგადოება, ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები იმ გაგებამდე ვერ მივიდნენ, რომ დემოკრატია ძალადობას არ ნიშნავს.
ამიტომ პოლიციელის იქ ყოფნა გარკვეულწილად მაინც რაღაცნაირად სიტუაციას განმუხტავს. ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილება დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო და აუცილებელია.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენსო, არავითარ გავლენას არ ახდენს. პოლიცია გარეთ არის, შიგნით ამომრჩეველი შედის და არავინ არ აკონტროლებს.
პოლიცია აუცილებელია, რადგან ისეთი ინციდენტები აღარ განმეორდეს, როგორიც სამეგრელოში მოხდა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. სამართალდამცავის იქ ყოფნა გავლენას ნამდვილად არ ახდენს. ამ თვალსაზრისით საშიშროებას ვერ ვხედავ.
ქეთი ბექაური (იურისტი): მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილიყვნენ, ხოლო წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მათ კომისიის თავმჯდომარის მოწვევით კენჭისყრის ადგილას შეეძლოთ შესვლა. ახალ კანონპროექტში რა შეიცვალა, ზუსტად არ ვიცი.
თუმცა, ზოგადად მიმაჩნია, რომ წესრიგის დაცვა საჭიროა და ამის პრეცედენტები გვახსოვს. პრინციპში, პოლიცია უნდა იყოს, მაგრამ ვთლი, რომ შიგნით, სადაც კენჭისყრა ტარდება, თავისუფლად ნამდვილად არ უნდა მოძრაობდეს. თუკი მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იქნება მობილიზებული, ამაში ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, საჭიროა თუ არა, მაგრამ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა და სიტუაცია უკვე ძალიან დაიძაბა. ამიტომ, შესაძლოა, აღნიშნულმა ცვლილებებმა გაამართლოს. მგონია, რომ უფრო მართებული და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე