საქართველოს საზღვაო საზღვარი 300 კმ-ზე ოდნავ მეტია. მისი დაახლოებით 1/3 აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის და შესაბამისად, ობიექტურ მიზეზთა გამო თბილისის მიერ ვერ კონტროლდება. თუმცა რამდენად ეფექტურადაა დაცული სხვადასხვა საფრთხეებისაგან და როგორ კონტროლდება დანარჩენი მონაკვეთი, ეს სხვა საკითხია.
აგვისტოს ომის დროს ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილმა რუსმა მედესანტეებმა სანაპიროზევე გაანადგურეს ქართული ფლოტის ფლაგმანები, "თბილისი" და "დიოსკურია", - პორტშივე ააფეთქეს. ოკუპანტებს გადარჩენილმა სხვა მცურავმა საშუალებებმა თავი ბათუმის აკვატორიას შეაფარეს. მოწინააღმდეგემ ალაფის სახით ხელში რამდენიმე სწრაფმავალი მცირე ზომის სადესანტო კატერი ჩაიგდო.
2008 წლის ბოლოს, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების გაუქმების შესახებ. არსებული მცურავი საშუალებები კი სანაპირო დაცვას შეუერთდა. მაშინ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მწირი ეკონომიკური პოტენციალითა და საერთაშორისო უსაფრთხოების გუნდის რჩევით ახსნა.
მათი მთავარი ამოცანა სახელმწიფო საზღვაო საზღვრის კონტროლი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებაა. მსუბუქად შეიარაღებული, მცირე წყალწყვის სწრაფმავალმა კატერებმა, შესაძლოა, ეფექტურად იმოქმედონ კონტრაბანდისტთა, თუ საზღვრის დამრღვევთა გემების წინააღმდეგ, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარის განმეორების შემთხვევაში, ისინი ვერაფერს გახდებიან და ქვეყნის საზღვაო სანაპირო ზოლი კვლავ დაუცველი დარჩება.
ამით რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უთუოდ ისარგებლებს და თავისი სადესანტო ხომალდებით წარმატებულ სადესანტო ოპერაციას განახორციელებს ისე, როგორც ეს ხუთდღიანი ომის დროს იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა შავი ზღვისპირეთში, რომელსაც სამხედრო-საზღვაო ძალა არ ჰყავს.
საგულისხმოა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 2008 წლის შემდეგ გაძლიერდა, რიგ ხომალდებს ჩაუტარდა მოდერნიზება, შემადგენლობას დაემატა სხვადასხვა დანიშნულების ათზე მეტი მცურავი საშუალება.
ამასთან, ფლოტის განკარგულებაშია როგორც გამანადგურებელი, აგრეთვე დამრტყმელი თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რომლებიც მეზღვაურებთან ურთიერთქმედებენ. ბოლო პერიოდში კი სულ უფრო ინტენსიურად ტარდება ფლოტის ფართომასშტაბიანი საბრძოლო სწავლებები.
ყირიმის ოკუპაციის შემდეგ სევასტოპოლის სამხედრო ბაზის თემა მოსკოვისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას.
ნატოს წევრი თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, მართალია, მრისხანე საზღვაო ფლოტს ფლობენ, თუმცა საქართველოსთვის, როგორც ბლოკის არაწევრი ქვეყნისათვის, ეგ დიდი ვერაფერი შეღავათია.
იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და კარგად აღჭურვილი საზღვაო ფლოტის ყოლა მართლაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაძლებელია საზოგადოებაში გაჩნდეს სამართლიანი კითხვა, "საჭიროა კი ეს სამხედრო ფლოტი?!" პასუხი ცალსახაა, საჭიროა, რადგანაც როგორი აუცილებელიც არის საჰაერო თავდაცვა, ისეთივე აუცილებელია საზღვაო აკვატორიის გაკონტროლებაც, მითუფრო, რომ აგვისტოს ომის მწარე გაკვეთილიდან არც ისე დიდი დრო არის გასული.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ კრეისერებისა, თუ კორვეტების შეძენის საშუალება ქვეყანას მიზეზთა გამო არ აქვს, მაგრამ არსებობს სხვა გამოსავალიც...
უსაფრთხოების საკითხების მიმომხილველის, გიორგი ღუტიძის თქმით, შესაძლებელია სახმელეთო ბაზირების მობილური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შეძენაც. მართალია, ეს შეიძლება არ იყოს იაფი, თუმცა მისი შეძენა უფრო მარტივია, ვიდრე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისა.
"მსგავს იარაღს აწარმოებს ჩინეთი, ნორვეგია, აშშ, სამხრეთ აფრიკა, ისრაელი, საფრანგეთი და ა.შ. შესაძლებელია მათი სახმელეთო ბაზირება, მათთვის რამდენიმე წინასწარ შემზადებული პოზიცია, რათა საბრძოლო ვითარებაში, მოწინააღმდეგის ფლოტილიის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შემდეგ სწრაფად შეიცვალოს პოზიცია და არ მოექცეს საპასუხო ცეცხლის ქვეშ.
"შესაძლებელია მცირე წყალწყვის სწრაფმავალი მცურავი საშუალებების შეძენაც, რომლებიც მსგავსი რაკეტების გამშვები მოწყობილობით იქნება აღჭურვილი.
"ეს დიდი ალბათობით თავიდან აგვაცილებს 2008 წლის აგვისტოს სცენარს, რადგანაც მსგავსი იარაღის მიერ განადგურებული თუნდაც ერთი სადესანტო ხომალდი უდრის მოწინააღმდეგის ასობით დაღუპულ ჯარისკაცს, შესაბამისად, მოწინააღმდეგე კარგად დაფიქრდება მანამ, სანამ სადესანტო ოპერაციის განხორციელებას დაგეგმავს", - თქვა მან "რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, სახმელეთო ბაზირების 3-5 ხომალდსაწინააღმდეგო მობილური სარაკეტო კომპლექსი და ამდენივე მცურავი საშუალება, საქართველოს მისცემდა ეფექტურ საშუალებას, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სიტყვა ეთქვა.