ანა იანელი
20.06.2016

თვალსა და ხელს შუა გაირბინა ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან 4-მა წელმა და მხოლოდ მწარე მოგონებებად დარჩა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის ჩახშობა, ოპოზიციონერთა დაკავებები და სატელიტური თეფშების დაპატიმრება. დღეს კი "ნაციონალური მოძრაობა" მოგონილ თუ ხელისუფლების მიერ მართლაც დაშვებულ შეცდომებზე პედალირებით, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა, ხელისუფლებაში დაბრუნებისაკენ ისწრაფვის.

როგორც ცნობილია, არჩევნები დიდ ფულს მოითხოვს. საქართველოში ეს ინვესტირების საუკეთესოა გზაა, რადგან მისი ამოგების პერიოდი მოკლეა და შემდეგ არჩევნებამდე, 4 წელიწადში გამარჯვებული პარტია მოგებაზე გასვლას ასწრებს. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორ ირჯებიან პოლიტიკოსები, მოგებაც ცოტა არ უნდა იყოს.

პარტიული ფინანსების მოგროვებას "ნაციონალები" ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში შეუდგნენ, როდესაც თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს ყველა შემოსავლიანი ბიზნესი. სადამსჯელო აპარატის გამოყენებით ჯერ მსხვილი ბიზნესი დაიყვეს (ენერგომატარებლები, ტრანსპორტი და გადაზიდვები, ბანკები, მშენებლობა, კომუნიკაციები), შემდეგ საშუალო და ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ბაზრობაზე სავაჭრო ადგილები მათ გარეშე არ გაიცემოდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რაში დაიხარჯა ათეულობით მილიონიან რომელ ანგარიშებზე დამალეს მოპარული მილიარდები.

ყველა კომპანიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულება, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" გარკვეული თანხა გადაერიცხა შეწირულობის სახით. ამ კომპანიების სიაც ცნობილია. სავარაუდოდ, შემდეგ მათ გარკვეული შეღავათებიც ეძლეოდათ, რათა თანხების ნაწილი უკან დაებრუნებიათ.

ქვეყანაში ბიზნესზე ტოტალური კონტროლის დამყარებით საკუთარი ბიზნესების დაფუძნებასა და ლობირებაზე არ ამბობდნენ უარს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია კომუნიკაციებში განვითარებული მოვლენები. რადგანაც საკომუნიკაციო ბიზნესის ხელში ჩაგდება ვერ შეძლეს - "ჯეოსელი" შვედურ-თურქული კომპანია გახლდათ, ხოლო "მაგთიკომმა" მოასწრო და ამერიკულ "ფარს" ამოეფარა - ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბიზნესში რუსული კომპანია "ვიმპელკომი" შემოიყვანეს და სრული სათბური შეუქმნეს.

ამას მათ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფიც ადასტურებს. წლების განმავლობაში "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" "ბილაინს" ქსელში ჩართვის ღირებულებად (შემავალი ზარების მომსახურებისთვის) - 14,4 თეთრს უხდიდნენ, "ბილაინს" კი მხოლოდ 8 თეთრის გადახდის ვალდებულება ჰქონდა, ანუ, ფაქტობრივად კონკურენტების დოტაციაზე იყო.

აი, ასე, სხვა კომპანიებისათვის დისკრიმინაციული გარემოს შექმნით ხელს უწყობდნენ თავის ბიზნესებს.

თუ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას დავეყრდნობით, "ბილაინში" სააკაშვილ 40 პროცენტს განაგებს, მის საკონტროლო პაკეტს კი "ვიმპელკომი" ფლობს.

სულ ახლახან სწორედ "ვიმპელკომი" გაეხვია კორუფციულ სკანდალში, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისა და ნიდერლანდების პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად იგი უზბეკეთის პრეზდენტის ქალიშვილთან დაკავშირებული სტრუქტურებისათვის ქრთამის მიცემის გამო 836 მლნ აშშ დოლარით დაჯარიმდა. საქართველოში კი არავინ კითხულობს, როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო "მობიტელის" 40%-იანი წილი ყოფილი პრეზიდენტის ხელში. ეს მხოლოდ სააკაშვილის ამერიკის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან მჭიდრო კავშირებით შეიძლება აიხსნას. სწორედ ამიტომ, საქართველოში რუსული კომპანიის კორუფციულ შესაძლო გარიგებებს არც "ვიმპელკომ"-"მობიტელის" ბორდზე მიჩენილი დამკვირვებელი არ იმჩნევს.

ჯერჯერობით დოკუმენტურად არავის დაუდასტურებია "ნაციონალების" წილი "სოკარსა" და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებში, მაგრამ თუნდაც რუსეთიდან ენერგომატარებლების მოწოდების დივერსიფიკაციის იდეაც კი "ნაციონალების" ისეთ ისტერიულ რეაქციას იწვევს, რომ სავარაუდოდ, აქ საქმე მარტო გეოპოლიტიკაში არ უნდა იყოს.

სამაგიეროდ დადასტურებულია და კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ძარცვავდნენ საქართველოს რკინიგზას, როცა მათი კომპანიები ტვირთების გადაზიდვაზე თვითღირებულებაზე ნაკლებს იხდიდნენ. მიღებული შემოსავლები კი ოფშორში აკუმულირდებოდა.

მრავალი პატივსაცემი ეკონომისტი ღიად ლაპარაკობდა "ნაციონალური მოძრაობის" კადრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ქადაგიძის როლზე ლარის კურსის ვარდნის საქმეში. სავარაუდოდ, სავალუტო სპეკულაციებით მისი თანაპარტიელები არცთუ მცირე თანხის გაკეთებას შეძლებდნენ.

დასკვნა ერთია - "ნაციონალური მოძრაობა" ფინანსური შესაძლებლობებით არაფრით არ ჩამოუვარდება "ქართულ ოცნებას", მათი მმართველობის დროს დაგროვილი თანხები და ჯერ კიდევ მათ კონტროლქვეშ მყოფი კომპანიებიდან ფინანსური ნაკადები კიდევ არაერთ საარჩევნო კამპანიას ეყოფა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×