პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს.
განცხადების პროექტის თანახმად, დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები უნდა იყოს დაცული, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, "საარჩევნო კოდექსის" და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. ასევე, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე და ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე.
აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. მოუწოდებს მედიასაშუალებებებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განსაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.
პროექტის განხილვა და მიღება მიმდინარე კვირას იგეგმება და მისი ავტორი დეპუტატი ვიქტორ დოლიძეა.
ეთიკის ნორმების შემოღება რა ზეგავლენას მოახდენს წინასაარჩენო გარემოზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "მე ვფიქრობ, ზედმეტი შეზღუდვების კანონმდებლობის დონეზე შექმნა და მიღება არის ნაბიჯი ცენზურისკენ, რაც არ არის მისაღები.
რაც შეეხება ეთიკის კოდექსს, ის როგორც წესით, არცერთ სფეროში კანონის სახით არ მოქმედებს. მას აქვს ნებაყოფლობითი ხასითი და არ უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევით რეგულირებადი.
პოლიტიკოსის ეთიკას აფასებს ამომრჩეველი და არა სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეს ყოველივე სათავისოდ, ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენოს. მაგრამ ზოგადად, თუ იარსებებს პოლიტიკოსთა ეთიკის კოდექსი, ის უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი, სადაც ხელმომწერი მხარეები აღიარებენ გარკვეულ წესებს და პრინციპებს.
იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამას ცენზურის დასამკვიდრებალად არ გააკეთებს, რადგან ამას მოსახლეობა ნამდვილად არ მოუთმენს."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "თუ ეს ნამდვილად ეთიკის ნორმები იქნება და ცენზურაში არ გადაუვათ, როგორც კომუნისტების დროს იყო, მაშინ ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია. ეთიკური ნორმები დღეს ნამდვილად აკლია ქართულ საზოგადოებას. ელემენტარულად, დებატებშიც კი ადამიანები ვერ იცავენ ეთიკას.
მაგრამ წინასწარ მიჭირს შეფასების გაკეთება, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა მიზანს მოემსახურება. ხაჩიშვილი-ბედუკაძის პარტიამ მოახერხა რეგისტრაცია, რაც ჩვენი კანონმდებლობით უბრალოდ დასჯადია და ამის ფონზე მე არ მჯერა, რომ ეთიკის კანონს შემოიღებს პარლამენტი, ვინაიდან სისხლის სამართლის დანაშაულთა მოკვლევა არ ხდება.
თორემ რაც უფრო ეთიკური ნორმების დაცვით იქნება წინასაარჩევნო პერიოდი და ამას პარლამენტი დაიცავს თვითონ, მით უფრო ბედნიერი ვიქნები."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ეთიკის ნორმები არამხოლოდ საარჩევნო, არამედ ყველა სიტუაციაში იგულისხმება. მაგრამ, რაკი ჩვენ ნორმალური სახელმწიფო არ ვართ და ჩვენი არჩევნების ბედიც, ისე როგორც ბევრი სხვა რამ, ამერიკის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, შეიძლება ასეთი ეთიკური ნორმების შემოღება, გააჩნია, რა იქნება ჩაწერილი იმ ნორმებში და ვინ იქნება ეთიკური ნორმების მსაჯული.
თორემ, მე ვიცი ძალიან ბევრი მიღებული კანონი თუ ეთიკის ნორმა, რომელიც ფეხქვეშ ითელება და მერე ვიწყებთ მკითხაობას - აბა პროკურატურამ რატომ არ გამოიძიაო... ეთიკური ნორმები თუ ძვალ-რბილში არ ექნა გამჯდარი ასარჩევსაც და ამომრჩეველსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევნები სრულყოფილი არ იქნება."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ეთიკის ნორმები არამარტო პოლიტიკოსების, არამედ ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის უნდა დაიწეროს. იმიტომ, რომ ეთიკის ნორმების დარღვევით იწყება ყველაფრის დარღვევა.
როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მოდის და აქვს პრეტენზია, რომ იყოს ხალხის რჩეული, ის პირველ ყოვლისა, უნდა იცავდეს ეთიკის ნორმებს.
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და კარგი იქნება, თუ იარსებებს საგანგებო რეგულაციებიც, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს დარღვევებს, რადგან საზოგადოება ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ ჩვენი შინაგანი თვითცენზურა გვქონდეს. დაე, იყოს ამის აუცილებლობა და დაწესდეს ეთიკის ნორმები."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე