"როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ისე ფოთისა და ბათუმის პორტების ჩაკეტვაც შეუძლია"
თაკო მათეშვილი
21.06.2016

 რუსეთი შავ ზღვაზე უწინდელი გავლენის აღდგენას ცდილობს - ასე ხსნიან სპეციალისტები გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გიუმრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს განათავსებს, რათა ნატოს გაფართოება შეაჩეროს.

"რეზონანსთან" საუბრისას ისინი ამას ლოგიკურად, ბოლოდროინდელი მოვლენების ბუნებრივ გაგრძელებად მიიჩნევენ და დასძენენ, რომ ამისათვის მზადება რუსეთს კარგა ხანია დაწყებული აქვს. ზემოხსენებულ ინფორმაციას გამოცემა "ერუ #ფეშწტფდ |ტეუკუთე" აქვეყნებს. მისი ცნობით, საუბარია გაერთიანებულ რეგიონულ ანტისაჰაერო სისტემაზე კავკასიის რეგიონში. ამ სისტემაში კი შესულები არიან: გიუმრის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბაზები.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის ანტისაჰაერო გლობალურ სივრცეს ქმნის და ამ ტერიტორიის გაფართოებას ცდილობს, რათა შავი ზღვიდან შემოსვლა გამორიცხოს. ეს ყველაფერი კი უნდა აღვიქვათ როგორც პასუხი ნატოს მოქმედებებზე აღმოსავლეთ პერიფერიებსა და შავ ზღვაში.

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გააქტიურებას ამ ყველაფერს ნაკლებად უკავშირებს ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, 1992-1993 წლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არაოფიციალურად ჰქონდა განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები გუდაუთაში, ახალ ათონთან, რომლითაც საქართველოს სამხედრო ავიაციას ებრძოდნენ, როგორც მოიერიშეებს, ისე შვეულმფრენებს.

ამბობს, რომ ეს იყო "ბუკისა" და "ოსას" ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. ქართული საჰაერო ობიექტების გარდა მათ ნატოს თვითმფრინავების ჩამოგდებაც შეეძლოთ, თუკი ისინი გამოჩნდებოდნენ. ასე რომ, ალადაშვილის ინფორმაციით, განთავსება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო.

"2000-იან წლებში რუსეთმა ამ საზენიტო სარაკეტო კომპლექსის აფხაზეთიდან გატანა მოინდომა. ადგილობრივმა სეპარატისტებმა მაშინ ის გვირაბში გადამალეს, თუმცა რუსებმა მაინც წაიღეს. ამაზე მაშინ მთელი ამბავი იყო.

"2008 წლის აგვისტროს ომიდან რამდენიმე დღეში კი მათ აფხაზეთში უფრო მძლავრი "ეს 300" ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემა შეიტანეს. ხოლო ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, 2014 წელს, იქ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსეს - "ეს 300"-ის ბოლო მოდიფიკაციები, "ბუკის", "ტორის" სისტემები და ა.შ," - აცხადებს ალადაშვილი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომაც არაა ამ ყველაფერში რამე გასაკვირი.

მისი თქმით, ჯერ აფხაზეთისა და შემდეგ ყირიმის ოკუპაციის მთავარი მიზანი შავი ზღვის აკვატორიაში დაკარგული გავლენის აღდგენა იყო. ანუ, რუსეთს სურს, შავი ზღვა ისე აკონტოლოს, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს შეეძლო. ამბობს, რომ ნატოში ახლა ატეხეს განგაში და ეს პირველ რიგში თავად მათი სარდლობის მინუსია, რადგან შეეძლოთ ამ ყველაფრის პროგნოზი ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე გაცილებით ადრე გაეკეთებინათ.

ჩვენს კითხვაზე, უკავშირდება თუ არა რუსეთის გააქტიურება ბოლოდროინდელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამერიკა საქართველოში წვრთნებსა და სწავლებას მეტი ინტენსივობით ჩაატარებს, ალადაშვილი გვპასუხობს, რომ ეს რუსეთს ნაკლებად აინტერესებს. ამბობს, რომ მას თავისი მიდგომა აქვს - რუსეთის ხელისუფლების დღევანდელი გეგმა რაც შეიძლება მეტი გავლენის მოპოვებაა როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, ისე უფრო შორსაც - ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში.

"ამიტომაც ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს და ყირიმის ნახევარკუნძულს ჯერ კიდევ ცივი ომის დროს ჩაუძირავ ავიამზიდს ეძახდნენ, რადგან იგი შავ ზღვაში თითქმის შეჭრილია და იქ განთავსებულ თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება თითქმის მთლიანად შეუძლიათ. იმ ძირითადი მარშრუტებისა, რითიც გემები და თვითმფრინავები მოძრაობენ", - აცხადებს ალადაშვილი.

მისივე თქმით, ყირიმისაგან განსხვავებით, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთმა საოცარი ინვენტარიზაცია განახორციელა, აფხაზეთი ამ დონეზე არაა, მაგრამ ბევრიც არაფერი აკლია და მონდომების შემთხვევაში მისი აღჭურვაც სულ რამდენიმე კვირაში, ან თვეში შეიძლება.

"ამხელა სანაპიროს კონტროლი მათ არამარტო წყალზედა და წყალქვეშა, არამედ საჰაერო სივრცის გაკონტროლების საშუალებასაც აძლევს. ეს მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.

"ეს კონტროლი, რაც მათ შავ ზღვაზე აიღეს, იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ეს სანაპირო მთლიანად ჩაკეტოს. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ისე ფოთისა და ბათუმის პორტების ჩაკეტვაც მისთვის დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. "ანუ, ნატომ ძალების სწრაფად გადმოსროლა ძალიან რომც მოინდომოს, რუსეთს შეუძლია მისი გეგმები წყალში ჩაყაროს. ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით", - დასძენს იგი.

ვერსიას, რომ რუსეთის ამგვარი აქტიურობა ნატოს ბოლოდროინდელ ნაბიჯებს უკავშირდება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ასეთი ცნობები უსაფუძვლოდ არ ვრცელდება. მისი თქმით, ფაქტია, რომ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება და უკვე იმაზეა საუბარი, რომ ალიანსის ჯარები ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მუდმივად გათავსდებიან.

ასევე, ცინცაძის განცხადებით, იმაზეც საუბრობენ, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის მიერთება უკვე გადაწყვეტილი აქვს და პუტინი მხოლოდ მომენტს ელოდება.

"ვინაიდან მას ყირიმი, დონბასი, სირიაც კი შერჩა, ამისთვისაც ემზადება. აქედან გამომდინარე, თუ რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განთავსების ოპერაციას დაიწყებს, ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს დასავლეთის საზღვრებს უნდა ეხებოდეს, ვინაიდან რუმინეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პირველი ეშელონი უკვე განთავსდა და პოლონეთში მშენებლობა უკვე დაიწყო. 2017 წლის დასასრულისათვის მოსალოდნელია, რომ იგი უკვე პოლონეთშიც ამუშავდება", - აცხადებს პოლიტოლოგი.

სამხრეთის მიმართულებას რაც შეეხება, ცინცაძის თქმით, რუსეთს აქ საგანგაშო არაფერი აქვს, რადგან საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს კი თავად არ უნდათ.

"ეს ყველაფერი შეიძლება საერთო ფსიქოზს დავუკავშიროთ. დღე არ გავა, რომ ამ დაძაბულობის შემდეგ ესკალაციაზე ცნობა არ გავრცელდეს. რუსეთს თავისი გეგმები აქვს, ამერიკას კი - თავისი. საბოლოო ჯამში, იარაღის ჟღარუნი სადამდე მივა, არავინ იცის. ფაქტია, რომ რისკები დღითიდღე იზრდება. ესაა რეალობა და დანარჩენი უკვე ლირიკაა.

"სამხრეთ ოსეთი რუსეთს ყველაფრის ნებას მისცემს, მაგრამ არ მგონია, აფხაზებს ეს აწყობდეთ. ცხინვალსა და სოხუმში ასეთი სისტემების განთავსება ხომ იმას ნიშნავს, რომ ისინი ამერიკის ბირთვული დარტყმის სამიზნედ ავტომატურად იქცევიან. ამიტომ არ მგონია, აფხაზები ამ პერსპექტივას აღტაცებით შეხვდნენ", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×