გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და არ არსებობს უარის თქმის არავითარი ფორმალური მიზეზი.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე მონაწილეებმა მწვანე შექი აუნთეს თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიერ საკითხის ოფიციალურ ინიცირებას.
"ყველა წევრი ქვეყნისათვის ნათელია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისათვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა შეასრულა. აშკარაა, რომ ახლა ყველაფერი ნიდერლანდების, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ხელშია, რომელმაც ეს საკითხი მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტის ერთ-ერთი უახლოესი სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.
"ყველა ცალსახად აღიარებს, რომ საქართველომ გასწია წარმოუდგენლად კარგი სამუშაო და ეს რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს აღიარებული", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
სკეპტიკურად განწყობილი ერთ-ერთი ქვეყნის, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა კი ცალსახად დაუკავშირა მასობრივი დარღვევების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება.
"ყველა ვთახმდებით, რომ საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. აქ არავითარი კითხვები არ არსებობს. მე იმედი მაქვს, რომ ნიდერლანდები საკმარისად სწრაფად შეძლებს საკითხის ინიცირებას", - განაცხადა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი, ასევე საკმაოდ სწრაფად მიიღებს შეჩერების მექანიზმს, რომელიც კონკრეტულად საქართველოს არ ეხება, ატარებს საერთო ხასიათს და სწორედ ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის მყისიერი ამოქმედება.
დიდიე რეინდერსმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმების შესახებ შესაძლებელია პარლამენტში კენჭისყრამდეც კი იქნეს მიღებული.
ევროკავშირში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საკითხების ოფიციალური ინიცირება არ ხდება მანამდე, სანამ ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ბოლომდე არ შეათანხმებენ პოზიციებს. სწორედ ამიტომ კორეპერში საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს, მაგრამ ეს ყოველთვის არაფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ოფიციალური ინიცირების შესახებ შეთანხმება ადასტურებს, რომ გარკვეული კონსენსუსი მოძებნილია და საკითხს ჩავარდნა არ ემუქრება.
ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენლობათა კომიტეტის უახლოესი სხდომები ჩანიშნულია: 21-სა და 22-ში, ანუ დღეს და ხვალ, და ასევე 30 ივნისს. რადგანაც ნიდერლანდები თავმჯდომარეობას 1 ივლისიდან სლოვაკეთს გადასცემს, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა შემდეგ ხუთშაბათს გაიმართება.