გვანცა ღვედაშვილი
23.06.2016

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და საქმეზე გამოძიება შეწყდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს კიწმარიშვილის ძმა ზურაბი, რომელიც აცხადებს, რომ ეროსი თავს არ მოიკლავდა, რადგან მას ჰქონდა უამრავი გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებდა. მისივე აზრით, თვითმკვლელობის ვერსია მცდარია და საქმის დახურვა ნაჩქარევი იყო.

"პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და რომ არავის მიუყვანია ეროსი თვითმკვლელობამდე. მთავარ მოტივად სახელდება ფინანსური პრობლემები. აღნიშნულს არ ვეთანხმებოდით პირველივე დღიდან და დღესაც არ ვეთანხმები, რომ ეროსიმ თავი მოიკლა.

"არგუმენტი, რის გამოც გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ვეთანხმები, არის ის, რომ მას ჰქონდა უამრავი გეგმა. მე ვიცნობდი ჩემს ძმას, ვიცოდი, თუ რა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეროსი თავს არ მოიკლავდა. მართალია, ის დამარცხდა რუსთავის არჩევნებში, თუმცა ეს არ იყო მისი ძირითადი ამოცანა, ეს იყო გეგმის ერთ-ერთი ნაწილი და ამ გეგმების განხორციელებას განაგრძობდა.

"პროკურატურას აქვს საშუალება, დააკვირდეს თითის ანაბეჭდებისა და დნმ ბაზებს და მათი მონაცემების განახლებას. ვინაიდან საქმეში არის უცხო დნმ და თითის ანაბეჭდები, შესაძლებელია, საქმეზე საგამოძებო პროცესი გაგრძელდეს", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

"დამაჯერებელია თუ არა პროკურატურის გადაწყვეტილება ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "პროკურატურასთან კითხვები იმდენად არ მაქვს, თუმცა, მე ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილს და მეეჭვება, მას თავი მოეკლა. შესაძლებელია, ეს მკვლელობა იმდენად პროფესიულად გაკეთდა, რომ კვალი უბრალოდ არ არის. მისი პიროვნებიდან გამომდინარე და იქიდან, რომ მას ვიცნობდი და ვიცოდი მისი გეგმების შესახებ, წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მას თავი მოეკლა."

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "კიწმარიშვილი იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რომ არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონოდა მკვლელობას, თუმცა ეს არის მხოლოდ ვარაუდი და სანამ ჩვენ არ გვექნება ისეთი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს იყო მკვლელობა, მანამდე ძნელია რამის თქმა. არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც მკვლელობას არქმევენ თვითმკვლელობას, რადგან ვიღაცას ასე აწყობს. ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებელია როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის აქტიურობა და პროფესიონალების ამ საქმეში შეყვანა, რათა საბოლოოდ გაირკვეს ყველაფერი. თქვენ კარგად იცით ზურაბ ჟვანიას ამბავი, რომელიც კიდევ არ გარკვეულა და გაირკვევა თუ არა, ესეც საკითხავია, ისევე, როგორც გურამ შარაძის საქმე და სხვა. არის საქმეები, რომლებიც ბოლომდე გამოუძიებელი რჩება და მე მგონია, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმეც სწორედ ასეთია."

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): "ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სიტყვა, რომელსაც იტყვის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სასამართლო, თუ პროკურორი, დამაჯარებელი არ არის. მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენ ვართ, არ არსებობს. არსად მინახავს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე მკვეთრად იყოს განწყობილი სხვადასვა ინსტიტუციის მიმართ. ამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და გაკეთდა დასკვნა, რომ ეს იყო თვითმკველობა. ამის საფუძველიც არსებობს და პროკურატურამ საკმაო მტკიცებულებებიც წარმოადგინა. ეს რომ არ გააჩნდეს პროკურატურას, მაშინ, ხომ უნდა იყოს სხვა მტკიცებულებები?! ვეთანხმები პროოკურატურის გადაწყვეტილებას. მხოლოდ კიწმარიშვილს არ დამართნია ეს, ადამიანები იკლავენ თავს, მაგრამ კიწმარიშვილის საქმე გახმაურდა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. მიმაჩნია, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება სწორია და მტკიცებულებებს ეფუძნება."

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ოჯახი ეწინააღმდეგება იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, ამბობენ, რომ ბევრი მასალაა, რომლებიც პროკურატურას არ გამოუყენებია. რა გითხრათ, მე პირადად მეეჭვება, რომ მან თავი მოიკლა. ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილს და ისეთი პატარა თანხა იყო ის ვალი, ამის გულისთვის თავს არ მოიკლავდა, ის არ იყო უბრალო პიროვნება და შეიძლება მკვლელობის სხვა მიზეზი იყო. ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა და პირობები, რომ ეს საქმე გამოიძიოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×