პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეთიკის კოდექსის მიღებით ხელისუფლება მშვიდობის ინიციატორად გამოდის. როგორც ხუხაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ძალადობისთვის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები დასჯილიყო. თუმცა იქვე დასძინა, ამის პოლიტიკური ნება პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია, რაც მის ფიგურას, როგორც ქვეყნის პირველი პირისას, ეჭვქვეშ აყენებს.
გია ხუხაშვილი: საარჩევნო პერიოდში ეთიკის კოდექსის მიღებით, როგორც ყოველთვის, ხელისუფლება მშვიდობის ინიციტორად გამოდის. ამას აკეთებდა ნებისმიერი ხელისუფლება და როგორც წესი, ეს არანაირი შედეგით არ მთავრდება. თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, არანაირი გაცხადებული სურვილი არ მოქმედებს. ისინი მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება.
პოლიტიკური ნება ასეთი აქტების დადგენილებების მიღებით ფორმირდება კონკრეტულ დანაშაულზე, კონკრეტული რეაგირებით. ყველაზე სწორი და კეთილი ნება იქნებოდა, კორცხელის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი შესაბამისად რომ დასჯილიყო.
ხელისუფლება ამბობს, რომ მეორე მხრიდან ვიღაცებმა მოიტანეს ჯოხები და შეიარაღებული იყვნენო. მაშინ დასაჯონ ორივე მხარე, ამდენი ლაპარაკი და მხოლოდ რიტორიკით შემოფარგვლა რად უნდათ?!
დასაჯონ ორივე მხარე. ეს იქნება ყველაზე კარგი პრევენცია საარჩევნო ძალადობასთან დაკავშირებით. საუბრობენ რაღაც კეთილ სურვილებზე, მაგრამ საქმეს საწინააღმდეგოდ აკეთებენ.
"რეზონანსი": და რამ შეუშალათ ხელი, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები დაესაჯათ?
გ.ხ.: ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის. ამას სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება. ასეთი ნება კვირიკაშვილს შესაძლოა აქვს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ კვირიკაშვილი მაინც ნომინალური ფიგურაა. გასაგებია, რომ მას კეთილი სურვილები აქვს, უნდა რომ ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ის ძალის ცენტრი არ არის.
საარჩევნო პოლიტიკას კვირიკაშვილი არ აყალიბებს. მას ბევრი არც არაფერს ეკითხება. აღმასრულებელ ხელისუფლებას ის კი არ იყენებს, არამედ ამოსაფარებლად მას იყენებენ. ის არ არის პირი, რომელსაც მმართველი პარტიის ძირითადი პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება შეუძლია. მისი რიტორიკა და ქმედება პოლიტიკურად ერთი და იგივე არ არის. ის გარკვეულ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა, გარკვეულ შემთხვევაში კი - ურთიერთსაწინააღმდეგოა. ესაა მისი პირადი დრამაც მათ შორის.
თუმცა "ქართულ ოცნებსაც" კარგი არჩევანი არ აქვს. ერთი მხრივ, ამ ადამიანების დასჯით, შესაძლოა, პარტიაში წმინდა ორგანიზაციული პრობლემები შექმნას. მეორე მხრივ, არდასჯით რაღაცნაირად მთელი პროცესის ლეგიტიმაციას ასუსტებს. ეს ამ ხელისუფლებისთვისაც დამახასიათებელია და წინა ხელისუფლებაც ასე იქცეოდა. უნდათ, რომ ყველაფერი ნახევრად მშობიარობით გადააგორონ, რაც, ბუნებრივია, არ გორდება. პოლიტიკური იწილო-ბიწილოს ფონზე, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ინტერესი ზიანდება.
"რ": ივანიშვილის თქმით, ანეკდოტურიც იქნება, რომ კვირიკაშვილზე ვინმემ იფიქროს, რომ ხმებს გააყალბებს. აქცენტს პრემიერზე რატომ აკეთებს.
გ.ხ.: ამაში ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ვეთანხმები. კვირიკაშვილისგან ეს ანეკდოტური იქნება, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ ის გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს საკითხები კვირიკაშვილის გადასაწყვეტი რომ იყოს, რა თქმა უნდა, ისე იქნებოდა, როგორც ამას ივანიშვილი ამბობს.
პრობლემა ისაა, რომ კვირიკაშვილს არავინ არ ეკითხება, ვინ რას გააკეთებს. კვირიკაშვილი მხოლოდ ფასადური ფიგურაა, ის არაა ძალის ცენტრი. მას არ აქვს ამის რესურსი, არც შესაძლებლობა და არც პოლიტიკური გამოცდილება, რომ რაღაცნაირად ძალაუფრებრივი ბერკეტები ხელში დაიჭიროს.
ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს მართალს, მაგრამ ბოლომდე არ ამბობს ამას - კი, ბატონო, კვირიკაშვილისთვის ეს ანეკდოტური იქნებოდა, მაგრამ კვირიკაშვილი იღებს გადაწყვეტილებებს?
"რ": და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს?
გ.ხ.: ყოველ შემთხვევაში კვირიკაშვილი პოლიტიკურ პროცესს არ მართავს და ეს კორცხელშიც გამოჩნდა. მან კორცხელში რა ხდებოდა, საერთოდ არ იცოდა. ერთი უბედურებაა, რომ ამის შესახებ არ იცოდა, მეორე უბედურება ისაა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო და არ მოეწონა, ზომებიც ვერ მიიღო.
ვკითხულობ - პირველი პირი კვირიკაშვილია? კორცხელის ინციდენტზე ყოფილიყო ადეკვატური, ეს იყო მისი შანსი, რომ თავისი ლიდერობა დაედასტურებინა.
ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მის ლიდერობაზე გვეფიქრა. პირველი - მან არ იცოდა, მეორე - როცა გაიგო, რეაგირება ვერ მოახდინა. რანაირად არის ის ლიდერი, როდესაც არც ინფორმაციას ფლობს და ვერც გადაწყვეტილებას იღებს?
"რ": კორცხელის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომ პოლიციელების უფლებები საარჩევნო უბანზე შესაძლოა გაიზარდოს. კერძოდ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კომისიის თავმჯდომარის მოწვევის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ. ოპოზიცია საუბრობს, რომ ეს ამომრჩეველზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენს?
გ.ხ.: პოლიციის თანამშრომლის, მით უმეტეს დღევანდელი პოლიციის თანამშრომლის, თუ ლაპარაკია პატრულის თანამშრომლის საარჩევნო უბანზე ყოფნაზე, პრობლემას ვერ ვხედავ.
ის, რომ პოლიცია პოლიტიზებულია და არჩევნებზე შესაძლოა რაღაცნაირი გავლენა მოახდინოს, ამას სკეპტიკურად ვუყურებ. არც ის მგონია, რომ ამომრჩეველს მაინცდამაინც პოლიციის დანახვის შეეშინდეს. ამ სიტუაციაში, ამ საკითხს მაინცდამაინც მწვავედ არ განვიხილავდი. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიღწევა პოლიციაა. პატრულის თანამშრომლების მონაწილეობა ამ პროცესში წესრიგის უზრუნველყოფის თვალსაზრისით სახიფათოდ არ მიმაჩნია.
"რ": ცვლილებებია სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სარეკლამო დრო ადრე თუ 5 პოლიტიკურ პარტიაზე ნაწილდებოდა, ახალი რეგულაციით, ამ დროის განაწილება თანაბრად მოუწევს 11 პოლიტიკურ პარტიას....
გ.ხ.: ყველა მინდა დავამშვიდო - პოლიტიკური რეკლამა კლიპების სახით არჩევნებზე გავლენას რომ ახდენდეს, არ მჯერა. ამით ხალხი ძალიან დაიღალა და არ მგონია, რომ უფასო სარეკლამო დროის მოპოვებამ რაღაცნაირი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. პოლიტიკოსი გაზიანი სასმელის ბოთლი არ არის, რომ რეკლამით იყიდებოდეს.
"რ": ამომრჩეველზე გავლენას რა მოახდენს?
გ.ხ.: ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა სოციალური რისკები და ზოგადი პოლიტიკური ხედვებია ამა თუ იმ პარტიისთვის.
მგონია, რომ ამ არჩევნებზე პოლიტიკოსის ნდობის ფორმირება მოხდება. დღეს ამომრჩეველი პოპულისტურ დაპირებებს ბევრად უფრო კრიტიკულად შეხედავს. დაპირებებს უფრო კომპეტენცია ჩაანაცვლებს. იაფფასიან დაპირებებზე ხალხს უფრო მეტი კითხვა გაუჩნდება. შიშველი პოპულიზმით ამ არჩევნებზე ხმების მიღება საკმაოდ რთული იქნება.
"რ": კინწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. მიგაჩნიათ თუ არა დამაჯერებლად პროკურატურის გადაწყვეტილება?
გ.ხ.: საქმის დეტალები არ ვიცი, ვერ ვისაუბრებ. თუმცა ჩვენს ხელისუფლებაში პოლიტიკური კომპონენტის და აზროვნების საშინელი დეფიციტია იმიტომ, რომ ამ საქმის ამ ფორმით დახურვა პოლიტიკური სიბრიყვის პიკია. საქმის დახურვით კითხვები კი არ ჩააცხრეს, პირიქით, კიდევ უფრო გააძლიერეს. ცეცხლზე ნავთი დაასხეს და ეს არჩევნების წინ გააკეთეს.
პროკურატურაში ან ვიღაც შეგნებულად ხან ერთ ბომბს ააფეთქებს, ხან მეორეს, ან ვიღაც შეგნებულად მტრის ბანაკზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი სისულელე უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რამენაირად დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს.
ამ მხრივ, ჩვენთან ძალიან ბევრი რამ ხდება აუხსნელი. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამ საქმის ამ ფორმით, ამ დროში, ამ ეტაპზე დახურვა, როდესაც საქმე მაინც არ იხურება, რადგან საჯარო განხილვები ისევ გრძელდება, ეს არის, უბრალოდ, წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი ძალიან დიდი სისულელე.
"რ": მერაბიშვილის საქმეზე ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ადეკვატური გამოძიების სწორედ ახლა დაწყება?
გ.ხ.: გასაგებია, რომ გამოძიება დაიწყეს, თუმცა მატარებელი უკვე წასულია. ახლა გამოძიების ჩატარებას, უბრალოდ, არანაირი პრაქტიკული აზრი აღარ აქვს. უბრალო ფაფხურია და მეტი არაფერი. ვიღაცას სურს, რომ თავი გადაირჩინოს და ვითომ რაღაცას აკეთებს. სინამდვილეში ის, რომ დღემდე ამაზე ძიება არ იყო დაწყებული, ამაზე პასუხისმგებელი პირები არიან.
შესაბამისად, სტრასბურგისთვის გამოძიების დღეს დაწყება, უბრალოდ, სასაცილო და კურიოზულია. მარტივი კითხვა ისმის - ახლა ამის გამოძიებას რა აზრი აქვს? ესაა მორიგი სისულელის გაკეთების ბავშვური მცდელობაა.
"ქართული ოცნება" მუდმივად გასულ მატარებელს მისდევს, რომ როგორმე უკნიდან შეახტეს. მათ ვერ მოახერხეს, რომ ბილეთი ეშოვათ და ვაგონში კომფორტულად დამსხდარიყვნენ, იმისათვის, რომ ერთი პუნქტიდან მეორეზე კომფორტულად ემგზავრათ. მატარებლის შიგნით ვერ შეაღწიეს. ყოველთვის უნდა მისდევდნენ და ზედ უნდა ახტებოდნენ. რაც მთავარია, ვერ ახტებიან, ან ბოძს ეჯახებიან, ან ფეხი უცდებათ.
"ოცნების" რეიტინგი იმდენად დაბალია, ვფიქრობ, ეს ფაქტები აღარც რაიმეს უმატებს და აღარც აკლებს. ისედაც კრიტიკულ ზღვარს მიღმა არიან. აქედან გამომდინარე, მთელ სურათს რომ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ხელისუფლებისთვის ვითარება ძალიან რთულია.
კი, ბატონო, მათ აქვთ ადმინისტრაციული რესურსი, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც გარკვეულ უპირატესობას აძლევთ, მაგრამ ეს უპირატესობა საკმარისი არ არის.
"რ": "ოცნება" შესაძლოა "კონსერვატორებს" კანდიდატების გაყვანაში დაეხმაროს...
გ.ხ.: მოდელი ძალიან მარტივი იქნება - "ოცნება" "კონსერვატორებს" რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქს დაუთმობს, 2-ს ან 3-ს. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიებთანაც იგივე გააკეთონ, იმისათვის, რომ ხიდები არ ჩატყდეს და დასაბამი სხვა პროცესებს არ მიეცეს.
"რ": მსგავსი ე.წ. შეთანხმების დადება კიდევ რომელ პარტიებთან არის შესაძლებელი?
გ.ხ.: სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ ვიფიქრებდი რესპუბლიკურ პარტიაზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რესპუბლიკური პარტია ისეთ მინუსებშია, რომ, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაც არ ეყოფა იმისათვის, რომ მაჟორიტარული ოლქი მოიგონ და ამის პირველი ნიშანი საგარეჯოში ვნახეთ.
"ოცნებას" ასეთი პარტიები სჭირდება, რომელთან ერთადაც შემდგომ უკვე უმრავლესობის ფორმირებისთვის საპარლამენტო კოალიციას შექმნიდა. "ოცნების" სისხლხორცეული ამოცანაა, რომ რამენაირად ისეთი პარტიები მოხვდეს პარლამენტში, რომლებთანაც მათ დაჯგუფება შეეძლებათ.
"რ": ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემოდგომით როგორ არჩევნებს მივიღებთ?
გ.ხ.: ორი შესაძლო სცენარი შეიძლება განვითარდეს. დღევანდელი ვითარება თუ შენარჩუნდა და შესაბამისად, არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მივიღეთ, დაახლოებით 40 პროცენტი მივიდა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში ვინც უნდა ავირჩიოთ ლიგიტიმაცია დაბალი ექნება. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის განვითარებისთვის ძალიან ნოყიერი ნიადაგი შეიქმნებოდა. მაღალი რისკის ზონაში შევალთ.
მეორე ვარიანტია - ამომრჩეველი მაღალ მოქალაქეობრივ თვითშეგნებას გამოიჩენს და არჩევნებზე მაინც წავა. თუ ამომრჩევლის აქტიურობა 65 პროცენტამდე იქნება, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" შედეგი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პარტიის, პროცენტულად დაბალი იქნება. შესაბამისად, შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის კოალიცური განვითარება გადაუვალი იქნება, რაც თავისთვად შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ ამ ვითარებაში კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს, იმისათვის, რომ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფო კრიზისში არ გადავიდეს.
რაც შეეხება დაპირისპირებებს, ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ამასაც აზღვევს. თუ საარჩევნო უბნებთან დადგა ამომრჩეველთა რიგი, ასეთ ვითარებაში გაყალბება, პოლიტიკური დაპირისპირება უკვე შეუძლებელი ხდება.
ამომრჩევლის მაღალი აქტივობა თავისთავად ამ ტიპის რისკებს აზღვევს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ფიზიკური ძალით პოლიტიკური შედეგის მიღება - ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამომრჩეველი არჩევნებზე არ მოდის. ამ შემთხვევაში იწყება უკვე ადამინისტრაციული და ძალადობრივი რესურსის გამოყენება.
ასე რომ, ამომრჩევლის პასუხისმგებლობის იმედად ვართ და არა პოლიტიკური ელიტის, რომელმაც დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ინტერესი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფოს სტაბილურობა.