ელზა პაპოშვილი
24.06.2016

1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. მას ის რუსი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათ მიმართ ეს კანონი არ უნდა ამოქმედდეს.

"ღონისძიება გეოგრაფიულად საქართველოში იმართება, მაგრამ საქართველო მიმღები ქვეყანა არაა. მიმღები ქვეყანა ეუთოა. რადგან ღონისძიება საქართველოში ტარდება, ჩვენ ვალდებული ვართ, საერთაშორისო ხასიათის ვალდებულება ავიღოთ. ეუთოში შემავალი ყველა ორგანიზაციისა და კონკრეტული ქვეყნისთვის შემოსვლა და გასვლა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ დონეზე იქნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

უნდა დაუშვან თუ არა ასამბლეაზე საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი დეპუტატები? - ამ კითხით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართ?

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი):"ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლიც განხილულია არა მარტო რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, არამედ დასავლეთთან თანამშრომლობიდან გამომდინარეც. ვფიქრობ, ხელისუფლებამ სანამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კულუარებში საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია.

"რეალურად რომ ვთქვათ, რუსი დეპუტატების ამ ასამბლეაზე მონაწილეობა საქართველოსთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ მათთვის სხდომაზე მონაწილეობის უფლება რომ არ მიგვეცა, გამოვიდოდა, რომ ჩვენ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მივდიოდით. ამიტომ გადაწყვეტილება იმ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ არის მიღებული, რომლებიც ამ ასამბლეას ხელმძღვანელობენ. უარი გამოვიდოდა არა რუსების მიმართ, არამედ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამ სხდომებს დაესწრებიან.

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიეღო. თუ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის და დიპლომატიის გზით წასვლა სურს, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო.

"ჩვენი ქვეყანა მოლაპარაკებების გზით უნდა წავიდეს, სხვანაირად ამ ქვეყანასთან ურთიერთობა არ გამოდის. რუსეთს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გამო ომს არავინ დაუწყებს. ამიტომაც ეს ხელისუფლების მხრიდან სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა."

 

 ლია მუხაშავრია (იურისტი):  "იმ კონტექსტში, რომ ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება, როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილება დასაშვებია, მაგრამ ამით გამოდის, რომ ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს აკანონებს - ვიღაცისთვის ეს თუ დასაშვებია, ვიღაცამ კი ამისთვის პასუხი აგო და ციხეში იჯდა. ამ ადამიანებს რაღა პირით უნდა შეხედონ?!

"ამიტომ კანონმდებლებმა კანონის მიღების დროს უნდა იფიქრონ, შემდგ მას რა შედეგი მოჰყვება. ეს საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი რამ არის. ახლა გამოვიდა, რომ ამ კანონმა პრობლემა თავად ხელისუფლებას შეუქმნა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×