დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. ამომრჩევლის 51,9%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეფერენდუმის შედეგებმა საქართველოზე - ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროსკეპტიკოსები ამ საკითხებს მოსახლეობაში თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ.
"ისინი იტყვიან - "აი სად მივდივართ", "ხედავთ, ევროპა თვითონ იშლება და ჩვენ რა გვინდა". იქნება ასეთი სახის გამონათქვამები და მსჯელობები, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიიღებს ისევ ნორმალურ ხასიათს. ჩვენ შეჩვეული ვართ აპელირებას ერთჯერად სკანდალურ მოვლენებზე.
"სწორი დამოკიდებულება არის ერთადერთი ის, რომ საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არის გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციისა. ყოველ შემთხვევაში, ამ ისტორიულ ეტაპზე იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ ცოტა უფრო მაღალი კეთილდღეობის და მაღალი ჰუმანური პრინციპების მქონე ერთობას ქვეყნების, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობის ხარჯზე შენ თვითონაც სწრაფად განვითარდე", - ამბობს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.
ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი იზიარებს ექსპერტების შეფასებას და ამბობს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები საქართველოში ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რაოდენობას გაზრდის.
ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ხომ არ შეასუსტებს საქართველოში პროდასავლურ განწყობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): "ეს თითოეული სახელმწიფოს არჩევანია და მისი გადაწაყვეტია, სად გაწევრიანდება და სად დარჩება. რა თქმა უნდა, ბრიტანეთი აძლიერებდა ევროკავშირს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს მომავალზე ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
"საქართველოს მოსახლეობის განწყობა ყველამ იცის, ევროპისკენ სწრაფვა ძალაშია და ასე გავაგრძელებთ ასოცირების გზით სიარულს. არ მგონია, რომ რეფერენდუმის შედეგებით საქართველო დაზარალდეს."
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "რა თქმა უნდა, პრორუსულ ძალებს ექნება მცდელობა, რომ ამით ისპეკულირონ, მაგრამ არ მგონია, დიდი გავლენა მოახდინონ საქართველოში ადამიანების განწყობაზე."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ მათი ღირსება რაღაც თვალსაზრისით არის შეურაცხყოფილი. შარშან და შარშანწინ ევროკავშირის ქმედებას რომ ვუკვირდებოდი, ბერძნებს ექცეოდნენ, როგორც მესამეხარისხოვან ქვეყანას. ლამის გირაოში ჩაადებინეს მათი ყველაზე საუკეთესო პართენონი. ეს არ არის კარგი საქციელი. ამიტომ, ფიქრობ, ევროიკავშირის მესვეურებიც დაფიქრდებიან და შეცვლიან ტაქტიკას, ძალიან ბევრი ქვეყნის მიმართ. ეს კარგი გაკვეთილია მათთვის.
"ინგლისელებს შეიძლება ცოტა ხანს გაუჭირდეთ, მაგრამ მათ როგორც ჩანს, ღირსება ამჯობინეს ფულს და კეთილდღეობას."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "პროდასავლური ძალების შესუსტება დამოკიდებულია 2 ფაქტორზე: პირველი, როგორ წარმართავს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის საქმიანობას და მეორე, დასავლეთის სახელმწიფოების მზაობა, უნდათ თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში იყოს პროდასავლური განწყობა.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში დეკლარირების იქით არ მიდის დასავლეთის ქმედება, მაგალითად, ჩვენი ვიაზალიბერალიზის საკითხში და ა.შ.
"ამ ვითარებაში ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამენ დანარჩენი ევროპული სახელმწიფოები. როგორი იქნება მათი პრევენციის მექანიზმი, რომ ევროკავშირი არ შესუსტდეს ბრიტანებთის გასვლის შემთხვევაში და რამდენად მიზანმიმართული იქნება საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, რომ დაარწმუნოს საზოგადოება ევროპული ორიენტაციის ურყეობასა და უკეთესობაში."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე