"ოცნება" თბილისში დაგეგმილ კენჭისყრაზე ხმას მის კონკურენტს მისცემს
სალომე სარიშვილი
25.06.2016

 თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 5 ივლისს ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე 3 კანდიდატურა განიხილება: დამოუკიდებელი კანდიდატი ალან ნერი (საფრანგეთი), ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კრისტინ მუტონენი (ავსტრია) და ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილი გიგი წერეთელი (საქართველო).

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტში "ქართული ოცნების" ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე "ოცნების" დეპუტაცია ავსტრიელ კანდიდატს დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, "ოცნების" ეს არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ "ოცნებაც" მემარცხენე ცენტრისტული პარტიაა, ისევე, როგორც მუტონენის წარმდგენი ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტია.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისამდე თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება, რომელსაც 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. თუმცა, გარდა იმისა, რომ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება, ეს თარიღი გამორჩეული სხვა ფაქტორითაცაა. კერძოდ კი იმით, რომ სესიის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.ცნობისათვის, ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება, ხოლო ეუთო-ს წესდების თანახმად, მას ხელახალი კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. პრეზიდენტობის სამივე ხსენებული კანდიდატი კი ამჟამად საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ვიცე-პრეზიდენტსა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატს გიგი წერეთელს არჩევნებში შედეგებზე პოზიტიური მოლოდინი აქვს. ამბობს, რომ მისთვის ამ კანიდადტურაზე წარდგენა ერთდროულად დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაცაა, რადგან ამავე დროს საქართველოსაც წარმოადგენს.

"საპრეზიდენტო არჩევნები 5 ივლისს გაიმართება და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციაში ყოველთვის რთული პროცედურაა. განსხვავებით ევროპის საბჭოსგან, სადაც პოლიტიკური ჯგუფის ლიდერობა უკვე გარანტირებული ნდობაა, რადგან იქ როტაციული სისტემა მუშაობს, ასამბლეაზე სხვანაირი პრინციპია შერჩეული. კერძოდ კი ასამბლეაზე ფარული არჩევნები იმართება, უფრო პერსონალიებზე და ინდივიდებზეა დამოკიდებული, თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია კანდიდატის წარმდგენი ქვეყანა.

"აგრეთვე ბევრია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. როგორც გითხრით, კენჭისყრა ფარულია და მასში საშუალოდ 250 დეპუტატი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, პირველ ტურში გამარჯვებას ნახევარზე მეტი ხმა სჭირდება, თუ არადა შემდეგ ტურში ხმების უმეტესობაა საჭირო.

"რაც შეეხება კონკურენციას, ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან წარდგენილი. კონკურენტებს შორის არიან ავსტიელი და ფრანგი კოლეგა. ასე რომ, კონკურენცია საკმაოდ დიდია," - აღნიშნავს წერეთელი.

მისივე თქმით, ვინაიდან სესია საქართველოში ტარდება და ეს აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის პირა ნაწილისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატურა სწორედ ამ რეგიონიდან დაეყენებინა, რაც, წერეთელის თქმით, უპრეცედენტო მოვლენაა.

"მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კანდიდატი არასდროს ყოფილა, თითქმის ყოველთვის დასავლეთ ევროპის განვითარებული ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიყო ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთანავე, ბუნებრივია, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, რაც დიდი გამოწვევაა.

"თუკი ხელისუფლებაში ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ალბათ ამასაც ხვდება. აქ პირადად გიგი წერეთელი, "ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიცია არაფერ შუაშია, ეს გახლავთ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შანსი. საქართველოს კანდიდატს ცალკე არჩევნებში რაიმე შანსის მიღწევა დიდ ქვეყნებთან ჭიდილში ძალიან გაუჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში შანსი ისაა, რომ ყველაზე დიდი ევროპული პარტია ზურგს მიმაგრებს," - გვითხრა წერეთელმა და იქვე დასძინა, რომ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა იმ წერილშიც გამოიხატა, რომელიც 50-ზე მეტ პარტიას მხარდაჭერის თხოვნით პარტიის პრეზიდენტმა გაუგზავნა.

"ასეთი მხარდაჭერა ძალიან მახარებს, რადგან ევროინტერგაციის საკმაოდ რთულ გზაზე ეს საქართველოს მხარდაჭერასაც ნიშნავს. თუკი არჩევნებში გავიმარჯვე, ალბათ სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი გზავნილი იქნება," - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას, მისი მუდმივმოქმედი წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ "ოცნება" მხარს ავსტრიელ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც ამ თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. ვოლსკის თქმით, ავსტრიელ კანდიდატსა და ვიცე-პრეზიდენტს გამორჩეული უნარ-ჩვევები აქვს, რის გამოც საკმაოდ დიდ მხარდაჭერასაც იმსახურებს.

"ევროპის სახალხო პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურა დააყენა. მას წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ მხარს სოციალ-დემოკრატებს დავუჭერთ, რადგან "ქართული ოცნება" მემარცხენე-ცენტრისტები ვართ. სავარაუდოდ, ავსტრიელ ქალბატონს კრისტინ მუთთენონს მხარს ლიბერალებიც დაუჭერენ, რადგან მას შესანიშნავი მონაცემები და პრეზიდენტობისთვის შესაფერესი უნარ-ჩვევები აქვს.

"სოციალისტურმა პარტიამ ბევრი კანდიდატი წარმოადგინა, საბოლოოდ კი ორი გამოვიდა, მათგან ერთი ფრანგი დეპუტატია, რომელიც კენჭს დამოუკიდებელად იყრის, მეორე კი ავსტრიელი ქალბატონი. პარტიამ უკვე ჩაატარა პრაიმერი, სადაც მთელი დელეგაციების გამოკითხვა მოხდა.

"როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და მაშინაც დავუჭირეთ ავსტრიელ კანდიდატს და ვიცე-პრეზიდენტს, კრისტინ მუთთონენს. თუმცა, მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, სახალხო პარტიას იმედი აქვს, რომ გიგი წერეთელი პრეზიდენტი გახდება. ეს გახლავთ საერთო არჩევნები, რომელშიც საპარლამენტო ასაბლეის დელეგაციები მონაწილეობენ, პრეზიდენტის არჩევაც წესისამებრ, ჩვეულებრივ პარლამენტში არსებული არჩევნების მსგავსად ხდება," - გვითხრა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×