სალომე სარიშვილი
27.06.2016

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გაუფასურება ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ ერთჯერადი გავლენით ახსნა, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე მოხდა. მინისტრის განცხადებით, ამ ფაქტორმა ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება გამოიწვია, რაც თავისთავად ჩვენს ვალუტაზეც აისახა. ქუმსიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ვალუტა მაშინ გაყიდონ და იყიდონ, როცა ეს სჭირდებათ.

"ჩვენი ანალიზის მიხედვით, ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ და გაყიდონ ვალუტა, როცა მათ სჭირდებათ.

"ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქით, ასევე ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან გამოცდილი ვალუტის დილერებიც კი ვალუტის მოლოდინებზე ფულს ხშირად აგებენ. რაც შეეხება მოლოდინს, მინდა ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინონ ვალუტის გადახურდავება, როცა ეს მათ სჭირდებათ, ყველანაირი მოლოდინების გარეშე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, როგორ იგეგმება ამის დარეგულირება, მინისტრმა უპასუხა, რომ "ბაზარი თვითონ დაარეგულირებს, რადგან ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი".

რამდენად დამაჯერებელია ლარის გაუფასურების მიზეზებზე მინისტრის განმარტება? - ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "შესაძლოა, ეს არგუმენტი სწორი იყოს, რადგან ასეთი რყევები მთელ მსოფლიოში შეინიშნება, მაგრამ სანაცვლოდ სხვა ქვეყნებში ვალუტის ვარდნას სხვანაირი გაგრძელება აქვს და მოსახლეობაზე მტკივნეულად ნაკლებად აისახება. ჩვენთან კი ამას მოსახლეობა ძალიან დიდ ტრავმად იღებს და შესაბამისად, მის მდგომარეობაზეც აისახება.

"ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრს უსაუბრია, თუ რამდენად ანადგურებს ლარის ვარდნა მის ოჯახს ბანკის ვალის გამო. ამიტომ მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში რაიმე დაცვის მექანიზმი უნდა არსებობდეს."

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ეკონომიკაში სუსტი ვარ და შესაბამის პასუხს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ რყევებს ბევრი ფაქტორი იწვევს და მათ შორის, ბრიტანეთის ამბებიც, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

"სხვათა შორის, ბევრ ქვეყანასთან მაქვს კავშირი და მსმენია, რომ ჩვენი ვალუტა არსებულ მდგომარეობაში, მაინც ასე თუ ისე მდგრადია."

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების არგუმენტები მეტწილად დამაჯარებელი არ მგონია, ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სფეროში ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია. ფული, ესაა ისეთი ორგანიზმი, რომელზეც ნებისმიერი რყევა მოქმედებს და მითუმეტეს ისეთი სერიოზული რყევა, რასაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ჰქვია.

"ვფიქრობ, არ შეიძლებოდა ეს ყველაფერს არ შეტყობოდა და მათ შორის ფულსაც. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, გარკვეული გავლენა მართლაც მოახდინა.

"თუმცა, თუ ეს ფაქტორია, მაშინ ლარი მალევე უნდა დასტაბილურდეს, რადგან ევროკავშირშიც ვითარება ნელ-ნელა დალაგდება."

 ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "ჩემთვის ლარის გაუფასურების რეალური მიზეზის შეფასება საკმაოდ რთულია, მაგრამ ასევე რთულია ვირწმუნო ისიც, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამ ლარის ვარდნაზე ასე მყისიერად იმოქმედა.

"გასაგებია, რომ ევროსთან და დოლართან მიმართებაში ვითარება შეიცვალა, თუმცა, ლარსა და სტერლინგს შორის ასეთი უშუალო შეხება არ არსებობს. ამიტომ მგონია, რომ ამას არ უნდა ემოქმედა.

"ვფიქრობ, ეს ხელოვნურ მანიპულაციას უფრო ჰგავს, მაგრამ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×