უნდა წავიდეს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოჭში დაგეგმილ მინისტერიალზე
ეკატერინე ბასილაია
27.06.2016

 1-ლ ივლისს სოჭში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური დელეგაცია ჩადის და როგორც რუსული მედია წერს, 2008 წლის ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი რუსეთში პირველად შედგება.

სოჭში შავი ზღვის ეკონომიკური ფორუმის მინისტერიალი ტარდება, სადაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ასევე რუსული წყაროების ცნობით, უკრაინასა და თურქეთს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ თავისი მინისტრების მონაწილეობა ამ ფორუმში, საქართველოდან კი რუსული მხარე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ელოდება.

"რია ნოვოსტი" წერს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტერიალზე ჯანელიძის წასვლა მათ ოფიციალურად დაუდასტურა, თუმცა, "მთელ კვირასთან" საუბრისას სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და "მედიაში ეს ჩასწორდება".

"მინისტრი არ მიდის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მინისტრი არ მიდის, მერე არ ვიცი... დელეგაცია მიდის და მას უხელმძღვანელებს სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. სხვა დეტალები არ ვიცით," - განუცხადეს "მთელ კვირას" პრესსამსახურში.

აღსანიშნავია ის, რომ ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რუსული წყაროებიდან გახდა ცნობილი და მის შესახებ თვით საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი არაფერი იცოდნენ. გარდა ამ ერთგვარი კონფიდენციალობისა, კითხვები გაჩნდა იმაზეც, უნდა წავიდეს თუ არა ქართული დელეგაცია და თავად მინისტრი რუსეთში დაგეგმილ ფორუმზე. შეფასებები განსხვავებულია "ქართულ ოცნებაშიც" და პოლიტოლოგებშიც.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ მას ამ ვიზიტის შესახებ არაფერი სმენია და ამბობს იმასაც, რომ რუსეთში საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, მით უფრო მინისტრი, არ წავა.

"თქვენგან მესმის პირველად, რომ დელეგაცია აპირებს წასვლას. თავის დროზე, 2004-2006 წლებში მე ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ვიყავი და მაშინ რეგულარულად ვმონაწილეობდით, მაგრამ 2008 წლის შემდეგ რა პოლიტიკა აქვს ჩვენს სამინისტროს ამ ფორუმთან დაკავშირებით, არ ვიცი. ეს მინისტრების შეხვედრაა და როდესაც ის სხვა ქვეყნებში ტარდება, ჩვენები ჩადიოდნენ, მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი დელეგაცია მეეჭვება, რომ ჩავიდეს,"- აცხადებს ჯაფარიძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს "ქართული ოცნების" მეორე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, რომლის თქმითაც, რაც უნდა ნეგატიურად შეაფასონ ეს ოპონენტებმა, თავად მიესალმება, თუკი რუსეთში ქართული დელეგაცია ჩავა.

"მალე დედაქალაქში ეუთოს დელეგაციაც ჩამოდის და ჩამოდის რუსული დელეგაციაც. ამიტომ ამ კუთხით პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა, ისინიც არ ერიდებიან ურთიერთობებს. ამ ფონზე კი საქართველოს მისი შეზღუდული რესურსების კვალობაზე არ უნდა მოერიდოს. როდესაც ჩვენ წინაშე გამოწვევები ძალიან დიდია, ურთიერთობები ყველა დონეზე აუცილებელია და პრობლემას ვერ ვხედავ", - ამბობს ქუცნაშვილი.

ცნობისათვის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1992 წელს შეიქმნა და 1999 წლიდან ის სრულფორმატიან საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. დამკვირვებლის სტატუსით კი 12 ქვეყანა და ოთხი ორგანიზაცია.

"რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ ისინი ყველა მონაწილე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან, მათ შორის უკრაინიდან და თურქეთიდანაც, რომელთაგან ჯერ ამ ორი ქვეყნიდან პასუხი არ მიუღიათ და თუკი ვინმეს სურს, რომ ორმხრივი შეხვედრებიც შედგეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, ამისთვისაც მზად არიან, ისინი არანაირ საუბარს არ გაურბიან.

დიპლომატიის აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თვალსაზრისით, სწორედ სერგეი ლავროვთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობის გამო ჩვენი მინისტრი სოჭში უნდა წავიდეს, სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ დელეგაციის გაგზავნა მისთვის გაუგებარია.

"როდესაც ასეთი დაბალი რანგის დელეგაცია მიდის, ის იქ სრულფასოვან მონაწილეობას ვერ მიიღებს, ის მხოლოდ მეთვალყურის როლისთვისაა განწირული - წავა, მოისმენს და ჩამოვა. და რა, დელეგაცია ამბის ჩამოსატანად მიდის?

"თუ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე გვაქვს კურსი აღებული, ასეთი ხელსაყრელი მომენტი სრულად უნდა გამოვიყენოთ და არა კოსმეტიკურად. ოპონენტების მხრიდან პრორუსულობის მუდმივი ბრალდების და ამ შანტაჟის პირისპირ ხელისუფლება ძალიან უსუსურად გამოიყურება. ერთი მხრივ, კურსი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე აქვს აღებული და ამ დროს შეხვედრებს უფრთხის. ამ შეხვედრით პოზიციები უნდა მოგვესინჯა და გაგვეგო, რას აპირებს რუსეთი ახლო მომავალში და რა პოზიციები აქვს პუტინს. დღეს მხოლოდ ვკამათობთ, რა უნდა პუტინს. ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება ამ სფეროდან გაიპარა და სფეროს დილეტანტები დაეპატრონნენ," - ამბობს ცინცაძე.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მინისტერიალზე მინისტრის წასვლა კარგი იქნებოდა, თუმცა, მიხეილ ჯანელიძე წავა თუ არა, ამით მაინც არაფერი იცვლება.

"ჯანელიძე არ მიმაჩნია ტალეირანად, რომ იქ ჩავა და რამეს იზამს. ამდენად, პრაქტიკულად ის წავა თუ არ წავა, ამით არაფერი შეიცვლება. თუმცა, მაინც მგონია, რომ უნდა წავიდეს. მოისმენს მაინც რაღაცას, დიქტოფონს მაინც ჩართავს, მანდ ჭკვიანი კაცი რომ ილაპარაკებს, ამ ამბავს ჩამოიტანს მაინც და იქნებ რამე ურჩიონ.

"ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი დაიწყებენ ყვირილს, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს და მაგიტომაც მიდიანო, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც იმ კომპლექსებითაა, ვიღაცამ პრორუსულობა არ დამაბრალოსო და ამიტომ არაფერს არ აკეთებს, ის ხელისუფლება ხელისუფლება არ არის. დაბრალებამ კი არ უნდა დაგაკომპლექსოს, პირიქით, უნდა ახსნა, რატომ დგამ ან ნაბიჯს, რომ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია.

"ეს ფორუმი რეგიონში მიმდინარე პროცესებს ეხება, რაც ჩვენთვის საინტერესოა და ჩვენ ჩართულები უნდა ვიყოთ. ორმხრივ ფორმატზე შეიძლება ყოფილიყო კრიტიკა და მე ვთვლი, რომ ორმხრივ ფორმატში რუსეთში მინისტრი არ უნდა წავიდეს, რადგან მოსკოვიდან ორმხრივი ურთიერთობის წინ წაწევის მხრივ არანაირი საფუძველი არ არის შექმნილი, მაგრამ მრავალმხრივ ფორმატზე უარის თქმა, იმიტომ რომ სოჭში ვერ ჩავალ, ეს "ურა პოლიტიკის" გამოვლინებაა.

"მაგალითად, უკრაინასთან და თურქეთთან რუსული კონფლიქტი ცხელ ფაზაშია და ამ ისტორიულ მომენტში მათი დემარში შესაძლებელია გამართლებული იყოს. ჩვენი მხრიდან დემარშს კი, როდესაც ამ შეხვედრების ჭრილი ძირითადად ეკონომიკურია და მაშინ როდესაც ეკონომიკურ ურთიერთობებზე წავედით რუსეთთან, რა აზრი აქვს?!" - აღნიშნავს ხუხაშვილი

საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორ თორნიკე შარაშენიძის თქმით, მინისტრი სოჭში არცერთ ვარიანტში არ უნდა წავიდეს. უფრო მეტიც, თვლის, რომ დელეგაციის წასვლის გადაწყვეტილება კი არ უნდა გაასაიდუმლონ, არამედ საზოგადოებას უნდა აუხსნან, თუ რა საჭიროა ეს ვიზიტი.

"საერთოდ არ მესმის, ეს ვიზიტი რას ემსახურება და მისი მიზანი რა არის, მაგრამ მეორე შემთხვევაა, როდესაც მსგავს რამეს რუსული პრესიდან ვიგებთ. პირველი იყო "გაზპრომთან" მოლაპარაკებები, რომელიც ბოლოს გაირკვა, რომ ჩვეულებრივ ფასის დაკლებაზე იყო ვაჭრობა. ახლა კი მსგავს რამეს ვიგებთ ისევ რუსული პრესიდან.

"შეთქმულების თეორიებს მოვერიდები და მხოლოდ ერთს ვიტყვი - ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მთავრობამ საზოგადოებასთან ურთიერთობა საერთოდ არ იცის და როდესაც რაიმე საკითხზე გამოიჭერენ, მერე იწყებენ ათასნაირი სისულელის საუბარს. ეს ძალიან ცუდია," - აცხადებს შარაშენიძე.

ამბობს, რომ ის ხელისუფლებისგან განმარტებას ელოდება.

"შესაძლოა, თურქეთიდან და უკრაინიდანაც არავინ ჩავიდეს და საკითხავია, ჩვენ ვისთან ჩავდივართ, რუსეთთან? საზოგადოებას ახსნა სჭირდება, მე მართალა ვერ გავიგე, რატომ მიდიან. ახსნა-განმარტებაც არ მომისმენია. შესაძლოა, ეს ჯდებოდეს ზოგადი პოლიტიკის კონტექსტში, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ, მოვეფეროთ, რაც შეიძლება ცუდი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ, მოაქვს ის შედეგი, რომ საქართველო რუსეთის აგენტურით გაივსო.

"ვთვლი, რომ მინისტრი ამ შეხვედრაზე არ უნდა წავიდეს. მინისტრის წასვლა ნიშნავს, რომ ამ ვიზიტს მაღალ დონეზე ვწევთ და ეს გამართლებელი არ არის.

"ურთიერთობა არის. ვიცით, რუსეთში რაღაც ექსპორტს ვაწარმოებთ, იქიდანაც ყველაფერი შემოდის, ჩვენ მათთვის ბაზარი არ ჩაგვიკეტავს. მიმოსვლაც არის, თეატრებიც და მომღერლებიც დადიან აქეთ-იქით, სალაპარაკო მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები და უსაფრთხოების საკითხებია და ამაზე რუსეთი ლაპარაკს არ აპირებს, სანამ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ ვაღიარებთ. ამას ისინი პირდაპირ ამბობენ. ამის შემდეგ რაზე უნდა ვილაპარაკოთ მათთან, არ ვიცი. ახლაც ვერ ვხვდები, ეს ვიზიტი რა საჭიროა," - დასძენს შარაშენიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×