"სამუშაო კიდევაა - ვიღაცები უნდა გადმოიბირო, ინფორმაცია მიაწოდო, რათა შიში მოუხსნა"
თაკო მათეშვილი
27.06.2016

 საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი, შესაძლოა, 18 ივლისს გადაწყდეს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ეს შესაძლებელია და თუ ასე არ მოხდა, პროცესი ჩვენთვის სასარგებლოდ მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

გრძელი პროცედურის შემდგომი საფეხური დღეს, 27 ივნისსაა - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (დშიუ) განიხილავენ.

ხელისუფლებაში გამორიცხავენ, რომ სხდომის შედეგებზე ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე გავლენა იქონიოს და ამბობენ, რომ ამ ყველაფერმა პროცესი შესაძლოა, ჩვენთვის სასიკეთო მიმართულებით უფრო ჩქარაც კი წაიყვანოს.

ბრიტანეთის რეფერენდუმსა და 27 ივნისის სხდომას შორის კავშირს ვერც პოლიტოლოგები ხედავენ. მათი ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ 18 ივლისს შესაძლოა უვიზო რეჟიმიც კი მივიღოთ.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიზალიბერალიზაციის საკითხი უკვე განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშეკავებული პოზიცია გამოავლინეს, საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი საკითხს დადებითი შეფასება მისცეს.

27 ივნისს ჩანიშნული სხდომა მიმდინარე პროცედურული განხილვაა. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ევროპარლამენტში კენჭისყრის გარდა, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მხარდაჭერაც სჭირდება.

27 ივნისს აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელია. მან რეკომენდაცია მისცა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.

ბრიტანეთის გამო 27 ივნისის სხდომის არასახარბიელო შედეგით დასრულებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არაა. მისი თქმით, შესაძლოა, ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირის კარები უფრო მეტადაც კი გააღოს.

"მინისტრთა საბჭოს ბოლო სხდომა 18 ივლისსაა და არსებობს თეორიული შანსი, რომ მასზე საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მისცენ. თუმცა, ჩემი აზრით, სექტემბერი უფრო რეალურია. აქამდე ისეთი წინაპირობები იყო, რომ ასეთი მოლოდინი მაქვს. თუმცა, ბრიტანეთის ამბავმა პროცესი შეიძლება დააჩქაროს კიდეც.

"მოგეხსენებათ, არავის უთქვამს, რომ საქართველომ რაიმე სამუშაო ვერ შეასრულა. მიზეზად მიგრანტების კრიზისი და გერმანიაში კრიმინალების არსებობა სახელდებოდა. ამ ყველაფერს აქედანაც მუშაობა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება, რათა დამოკიდებულება შეიცვალოს," - აცხადებს მაღრაძე.

თუ 18 ივლისს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, საკითხი შემოდგომისთვის გადაიდება. ევროპარლამენტი მუშაობას 6 სექტემბრიდან განაახლებს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა იგივე გზა უნდა გაიაროს, რაც აქამდე გაიარა - ანუ, ყველა კომიტეტში განიხილონ. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლომდე გასტანს.

თუმცა, როგორც მაღრაძე ამბობს, იმ დროისთვის არსებულ სიტუაციას დიდი მნიშვნელობა ექნება.

"შეიძლება პოლიტიკურად ვიღაცებთან მეტად იმუშაონ. გერმანიის შს მინისტრი უფრო ლიბერალურად იყოს განწყობილი. კვირიკაშვილი მერკელს რომ შეხვდა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სამუშაოები კიდევაა - ვიღაცები უნდა გადმოიბირო, ინფორმაცია მიაწოდო, რათა შიში მოუხსნა. ასე რომ, ვფიქრობ, სექტემბრის იქით ეს საკითხი აღარ გადავა. არ ვიცით, რა მოხდება მსოფლიოში, მაგრამ ისეთს არაფერს ველოდებით," - დასძენს დეპუტატი.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ბრიტანეთის უარმა ევროკავშირზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე გარკვეული გავლენა კიდეც იქონიოს, თუმცა, მისი აზრით, ეგ გავლენა ისეთი არ იქნება, რომ მინისტრებმა ამის გამო საკითხისადმი თავიანთი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალონ.

"ბრიტანეთის რეფერენდუმი ერთია და საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მიცემა - მეორე კონკრეტული საკითხი. ეს უფრო სხვა პრობლემატიკასთანაა დაკავშირებული, რეფერენდუმთან და მის შედეგებთან ამ სხდომას პირდაპირი კავშირი ნამდვილად არ აქვს. ამიტომ არ მგონია, ამ კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს," - მიიჩნევს ანჯაფარიძე.

რაც შეეხება 18 ივლისს უვიზო რეჟიმის მიღების პერსპექტივას, ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შანსები 50/50-ზეა. მისი აზრით, ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად იმუშავეს შესაბამისმა სამინისტროებმა, დიპლომატებმა და საელჩოებმა იმ ხალხთან, ვინც გადაწყვეტილებას იღებს; რამდენად მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ იმ კითხვებისა და ეჭვების მოხსნა, რაც მათ მიგრაციასთან და კრიმინალთან დაკავშირებით აქვთ.

"მოგეხსენებათ, სწორედ ეს საკითხები სახელდება შემაფერხებელ ფაქტორებად. საგარეო მინისტრების მხრიდან საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მიცემისათვის მხარის დაჭერა შეიძლება პოზიტიური სტიმული აღმოჩნდეს კომიტეტისათვის, რომ მათაც პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ," - დასძენს იგი.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების 27 ივნისის სხდომაზე გავლენას არც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს. ზოგადადაც, მიზი აზრით, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ბრიტანეთი შენგენის ზონაში არც შედიოდა.

მას არც პროცესის ასე ნაადრევად დასრულების იმედი აქვს.

"ჩემი აზრით, ვიზალიბერალიზაციის მიღება ზაფხულის განმავლობაში ვერ მოხერხდება. საბოლოოდ ამას მივიღებთ, მაგრამ დრო დასჭირდება. თუკი მოლდოვა ამით უკვე სარგებლობს, საქართველოც აუცილებლად შეძლებს. ვფიქრობ, რომ ეს შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ უფროა მოსალოდნელი," - აცხადებს ჩიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×