"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება. თუმცა, მანამდე "მთელმა კვირამ" შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, ის, რაც ბოლო დრომდე განიხილებოდა. მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი - ახალი.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პრეზენტაცია უახლოეს ხანებში მოხდება, ამაზე განცხადება შაბათს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ გააკეთა. "მთელი კვირის" ინფორმაციით, გასაჯაროება 10 ივლისამდე იგეგმება.
"შეჯერებულია ყველაფერი - როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა კალაძემ.
სიისა და მაჟორიტარების პრეზენტაციის მოლოდინში
საპარლამენტო უმრავლესობაში კონკრეტულ გვარებზე არავინ საუბრობს. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ როცა დრო მოვა, მაშინ გაიგებს ყველა.
"პარტიულ სიებსა და მაჟორიტარებზე მუშაობა მიმდინარეობს. პარლამენტიდან ამ პროცესში ჩართულები არიან უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკი და ასევე დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი. გარდა ამისა, პარტია მუშაობს და სიებს ადგენენ კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი."მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტის საქმიანობაში ვარ ჩართული. ამდენად, კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ვიცი, რომ პარტიაში მუშაობა მიმდინარეობს და სიები უკვე ჩამოყალიბებულია," - აცხადებს "მთელ კვირასთან საუბარში "ქართული ოცნების" წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე და თავად იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, ამაზეც არ საუბრობს.
"თუ ტყიბულელებს უნდათ ელისო ჩაფიძე მაჟორიტარად - ვიქნები, თუ არ უნდათ, სხვა კუთხით გავაგრძელებ საქმიანობას", - ამბობს ჩაფიძე.
მისი თქმით, ივლისის შუა რიცხვებამდე საზოგადოება შეიტყობს როგორც მაჟორიტარ კანდიდატებს, ისე საპარლამენტო სიის შესახებ, თავად კი კონკრეტულად ვერავის ვერ დაასახელებს. ამბობს, რომ ამაზე პარტიის ლიდერები გააკეთებენ განცხადებას.
"არავითარი დაგვიანება არ არის, 2-3 თვე წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავსებით საკმარისია", - დასძენს ჩაფიძე.
პარტია "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია, აცხადებს, რომ მისი პარტია ისევ "ოცნებასთან" იქნება, სხვა კონკრეტულ გვარებზე კი ვერ ისაუბრებს.
"არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ჯერ საარჩევნო სია არ დასახელებულა. არც არანაირი დაძაბულობა და წინააღმდეგობა არ არის. არაფერიც არ ჭიანურდება. ზოგმა პარტიამ კანდიდატების დასახელება დაიწყო, ზოგმა - არა. ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. ეს შიდა საქმეა.
"მიმდინარეობს მსჯელობა და შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენი პარტია "სოციალ-დემოკრატები" "ქართულ ოცნებასთან" ერთად ვიქნებით. თუ გაინტერესებთ ის, თუ ვინ იქნებიან სიაში, კონკრეტულ კანდიდატებზე ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები განხილულია, მაგრამ საბოლოო სახე და ფორმა ჯერ არ არის. ეს ხომ დასამალად არ კეთდება? როგორც კი მსჯელობა დასრულდება, ყველასთვის ცნობილი გახდება და ეს მალე მოხდება," - აცხადებს სოციალისტი გია ჟორჟოლიანი.
ვინ სად იქნება მაჟორიტარი
მართალია, საპარლამენტო უმრავლესობიდან კონკრეტული გვარების დასახელება არავინ ისურვა, მაგრამ "მთელი კვირისთვის" კულუარებიდან ცნობილი გახდა ის გვარები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა.
მაგალითად, ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის ნაცვლად დასახელდება თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ხოლო თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი პოეტი დავით მაღრაძე იქნება.
ქუთაისში სამი მაჟორიტარიდან ერთ-ერთ კანდიდატად წარადგენენ ქუთაისის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიას, რომელიც მანამდე იმერეთის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
ქუთაისში მეორე კანდიდატად ასევე განიხილებოდა ახლანდელი მერი შოთა მურღულიაც, თუმცა, დიდი ალბათობაა, რომ ის არ დასახელდეს;
ხარაგაულ-ბაღდათში შერჩეულია ინტელექტ კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი დავით ლომინაძე.
ფოთში ორიდან ერთ-ერთ კანდიდატად გადაწყვეტილია სალომე ზურაბიშვილის დასახელება;
მარტვილი-აბაშის ოლქში ისევ სოსო დანელია უნდა იყოს, რომელიც გასულ წელს აირჩიეს;
ზუგდიდში ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია იქნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია.
ოზურგეთში იგეგმება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წარდგენა, ლანჩხუთი-ჩოხატაურში - თემურ ჭკუასელის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. ამ ორს თუ მაჟორიტარად არ წარადგენენ, პარტიულ სიაში ადგილები მაინც გარანტირებული აქვთ. ისევე, როგორც ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება სიაში.
ზაქარია ქუცნაშვილის დაყენება იგეგმება დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის გაერთიანებულ ოლქში;
ასევე გარკვეულია, რომ მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე იყრის კენჭს, გედევან ფოფხაძე კი ისევ ბორჯომში განიხილება.
მოქმედი მინისტრებიდან კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად უნდა დასახელდეს; სოზარ სუბარი - თბილისის რომელიმე რაიონში. ასევე განიხილება თეა წულუკიანის შესაძლო მაჟორიტარობაც თბილისის რომელიმე რაიონში.
შეთანხმება კონსერვატორებთან
საჩხერეში "ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და "კონსერვატორ" პაატა კვიჟინაძის გამარჯვებაზე იმუშავებს. საერთოდ შეთანხმებაა, რომ იმ ოლქებში, სადაც "კონსერვატორები" დააყენებენ კანდიდატებს, "ქართული ოცნება" მაჟორიტარს არ დაასახელებს. მაგალითად, რუსთავში ორი მაჟორიტარიდან ერთი "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური იქნება, მეორე - "ქართული ოცნებიდან".
ასევე სამეგრელოშიც - ხობში თითქმის გადაწყვეტილია, კენჭი "კონსერვატორმა" გიგა ბუკიამ იყაროს. თუმცა, ასევე განიხილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც.
ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" მხოლოდ "კონსერვატორებთან" აქვს კანდიდატების შეთანხმება გადაწყვეტილი, "რესპუბლიკელებთან" და "ეროვნულ ფორუმთან" კი მსგავს მოლაპარაკებას და დათმობას არ აპირებს.
სიის დეტალები
დადასტურებულია ის, რომ მომავალ დეპუტატებად განიხილებიან ყველა ისინი, რომლებიც პარტიის ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებად დასახელდნენ. ნაწილი მაჟორიტარებად იყრის კენჭს, ნაწილი პარტიული სიაში იქნება. პოლიტსაბჭოს წევრებიდან ერთადერთი დავით საგანელიძე არ იქნება არცერთ სიაში. როგორც თავად აცხადებს, ის დეპუტატობას საკუთარი სურვილით დაემშვიდობა.
მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მას შეცვლილი კანონით სიაში მოხვედრის გამო თანამდებობიდან გადადგომაც არ მოუწევს. განსხვავებით კალაძისგან, რომელიც სამტრედიაში კენჭისყრის გამო უნდა შეელიოს მინისტრის სავარძელს.
პოლიტსაბჭოს წევრებიდან პარტიულ სიაში აუცილებლად იქნებიან: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, თუმცა ბესელიაზე საუბარია, რომ შესაძლოა, მან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.
ასევე სიაში იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ტრიპოლსკი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ირაკლი სესიაშვილი. სესიაშვილს დიდი ხანია მედიაში თავდაცვის მომავალ მინისტრადაც განიხლავენ, რადგან ვარშავის სამიტის შემდეგ "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელის გადადგომის მოლოდინია, თუმცა, ასევე ვრცელდება ცნობა იმაზე, რომ ხიდაშელი შესაძლოა არა სესიაშვილმა, არამედ გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს, რომელიც მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა და ის პრემიერის უშუალო კანდიდატურა იყო. ამ ინფორმაციას სააგენტო "ექსპრესნიუსი" ავრცელებს.
ახალი სახეები
სიაში ძველ დეპუტატებს ახლებიც შეემატებიან: ბიზნესმენი, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი დავით კოღუაშვილი; ორგანიზაცია "ადვოკატთა ალიანსის" ექსთავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" წევრი ირინე ფრუიძე; ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან კაკულია; შს სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.
საუბარია იმაზეც, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დასახელება არ ისურვა, მაგრამ პარტიულ სიაში განიხილება თამარ ჩუგოშვილიც. ასევე განიხილებიან: "2030"-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძეც, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძეც და "ქართული ოცნების" საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილიც.
ასევე საუბარია იმაზეც, რომ არჩილ თალაკვაძეს შს სამინისტროდან პარტიის სიაში კიდევ რამდენიმე ადამიანი შეჰყავს.
ზოგადად, გაცხადებულია ის, რომ გუნდში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე ექნებათ განსხვავებული მოსაზრება. ასევე ნაკლები მსახიობი და სპორტსმენი იქნება მომავალ სიაშიც. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სიაში არ განიხილება ან ბოლო ნომრებად მიიჩნევა მოქმედი დეპუტატების ნაწილიც, მაგალითად, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ზაზა პაპუაშვილი, ომარ ნიშნიანიძე, ზვიად ზვიადაური და სხვები.