თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს - შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი უკვე მოაწერა.
"მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო.
"დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელმაც განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს. შესაბამისი კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსთან" გააკეთეს.
"პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე თვლის, რომ საკითხი უნდა იქნეს განხილული უშიშროების საბჭოს მიერ", - აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
უნდა გაეუქმებინა თუ არა ხიდაშელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი აზრით, თინა ხიდაშელი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი. ეს არის მთავრობის უდიდესი შეცდომა. იმიტომ, რომ არაფერი ესაქმება თავდაცვის სამინისტროში. ის კარგი სპეციალისტია იურისპრუდენციაში და ჯობია, იქ იმუშაოს.
"მეორეც, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად კრიჭაში უდგება "ქართულ ოცნებას". მას და მთავრობას სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ერთმანეთს 4 წელი იტანდნენ.
"კვირიკაშვილს ურჩევნია, იმაზე იფიქროს, როგორ მოიშორის "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები მთავრობიდან, თორემ ისეთ რაღაცებს გაუკეთებენ, მერე გვიან იქნება თითზე კბენა. ახლა ბოლო თვეებია და რას იზამენ, კაცმა არ იცის."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თავდაცვის მინისტრს მთავრობასთან კონსულტაციების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება. პირადად მე ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ ვარ საიმისოდ კომპეტენტური, რომ ვთქვა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს გადაწყვეტილება, მითუმეტეს, კონსულტაციების გარეშე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ საბავშვო ბაღთან გვაქვს საქმე, რომელიც არაპროფესიონალებითაა სავსე, სადაც არაფერს წყვეტენ ერთად და დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას.
"როგორ შეიძლება, ამხელა სამინისტროა, თავდაცვისუნარიანობას ეხება საქმე და ეს საკითხი ექსპერტებთან ერთად არ ყოფილიყო გააზრებული - რას მოგვიტანს სავალდებულო ჯარი, თუ საკონტრაქტო სისტემა?!
"რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ, როდესაც ისე წყდება ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში არ არის. ელემენტარულად, ჩვენ ფილმებს რომ ვიღებთ, მუშაობის პროცესში ყველა ინფორმირებულია და ეპიზოდებიც კი ყველამ ვიცით, ვინ რას აკთებს და ისინი ასეთ მნიშვნელოვან ამბავს ასე წვეტენ."
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):"სიმართლე გითხრათ, როგორია შიდა პროცესები, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ, კარგია დაქირავებულ ჯარზე გადასვლა. თუმცა, ვერ გეტყვით, რამდენად მზად არის ამისთვის ქვეყანა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე