თაკო მათეშვილი
28.06.2016

 ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა ცივი წყალი გადაავლო მანამდე ჩატარებულ არაერთ კვლევას, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

ბრიტანულმა კვლევებმაც კი რეალურისგან განსხვავებული სურათი აჩვენეს, სოციოლოგების აზრით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჩატარებულ კვლევებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ და რომ ჩვენნაირ საზოგადოებასა და პირობებში იგი სანდო მითუმეტეს ვერ იქნება.

ამის მიზეზი კი, მათი აზრით, არაერთი შეიძლება იყოს - კვლევის მეთოდოლოგია, კითხვების ფორმულირება და თანმიმდევრობა, საზოგადოების მენტალიტეტი, უნდობლობა, შიში, სამიზნე ჯგუფის არასწორად შერჩევა და ა.შ.

ბრიტანული ცდომილება

კვლევები საზოგადოებრივი აზრის გასაგებად ბრიტანეთში რეფერენდუმამდე საკმაოდ ადრე დაიწყო. მათი უმეტესობის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობას ვეროკავშირის შემადგენლობაში დარჩენა სურდა.

მაგალითად, კვლევითი ორგანიზაცია შზთწთ ქწკშ-ის მიერ კამპანიის ბოლო დღეს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა რაოდენობა 8%-ით მეტი იყო გასვლის მომხრეთა რაოდენობაზე. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმზე დაფიქსირებული შედეგებით, ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეებისაზე დაახლოებით 4%-ით ნაკლები აღმოჩნდა. ანუ ამ შემთხვევაში ცდომილება დაახლოებით 12%-ია.ამავდროულად, პრაქტიკულად ყველა გავლენიანი ბრიტანელი ექსპერტი ევროკავშრში დარჩენას პროგნოზირებდა.

ამ ყველაფრის ფონზე, რეფერენდუმის შედეგები, როგორც ჩანს, თავად ბრიტანელებისთვისაც გასაოცარი აღმოჩნდა, რადგან მისი გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანული მედია აქტიურად ეძებს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ აღმოჩნდა პრაქტიკულად კვლევა რეალობას ასე აცდენილი.

როგორც სხვადასხვა გამოცემა ვარაუდობს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კვლევები ძირითადად ინტერნეტ და სატელეფონო გამოკითხვებით ჩატარდა და შესაბამისად, მან მთელი ქვეყნის მოსახლეობა, ყველა ფენა და რეგიონი ვერ მოიცვა.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ შესაძლოა ამის მიზეზი რეფერენდუმამდე ბრიტანეთში განვითარებული მოვლენები გამხდარიყო, რამაც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება მოახდინა.

"ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, იმას, თუ რა ტიპის გადაცემები გადიოდა ტელევიზიით მონიტორინგის წინ. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა განცხადებები კეთდებოდა იქ პოლიტიკოსების მხრიდან. ბევრმა ფაქტორმა შეიძლება შეცვალოს სურათი. მითუმეტეს, რომ გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის განსხვავება ძალიან პატარა იყო," - აღნიშნავს იგი.

საზოგადოების მენტალიტეტი

როდესაც სოციოლოგებს დავუსვით კითხვა, თუ რამ შეიძლება იქონიოს გავლენა სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე და რამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ობიექტურად ჩატარების შემთხვევაშიც კი მან რეალობას აცდენილი სურათი მოგვცეს, მათ პირველ რიგში საზოგადოების მენტალიტეტი დაასახელეს.

ამბობენ, რომ ეს ბრიტანეთის შემთხვევაში ნაკლებად იქონიებდა გავლენას, რადგან იქ საზოგადოებას არც საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინია და არც ჩამოუყალიბებლობის პრობლემა აწუხებთ, მაგრამ საქართველოში წლობით ჩანერგილი შიშისა და კომპლექსების ერთბაშად აღმოფხვრა რთულია.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი საზოგადოებაა, რა გარემოში ცხოვრობს, რამდენად დემოკრატიულია, არის თუ არა შიშის განცდა და ა.შ. თუ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა, სოციოლოგიურ გამოკითხვას აზრი საერთოდ არ აქვს.

"ასეთი იყო, მაგალითად, საქართველოში 2012 წელს არჩევნების წინ ჩატარებული კვლევები. საკვლევი ველი იმდენად იყო გამრუდებული, რომ ამომრჩეველთა 50 პროცენტი კითხვებზე პასუხს არ სცემდა. კონვერტისა და შავი ყუთის გამოყენება მოგვიწია, რათა საზოგადოება ანონიმურობაში დაგვერწმუნებინა. ანუ, ბიულეტენს დებდნენ კონვერტში და შავ ყუთში აგდებდნენ. ამით რწმუნდებოდნენ, რომ ჩვენ მათი ვინაობის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა.

"როცა ასეთ მეთოდს მივმართეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომელზეც მანამდე დუმილს ამჯობინებდნენ. ანონიმურად დარჩენა რესპონდენტებს სითამამეს მატებს," - ამბობს ზურაბ ბიგვავა.

იგივე მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ იმას, თუ რამდენად თამამია საზოგადოება, კვლევებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, თუ რესპონდენტს მიაჩნია, რომ სიმართლის თქმა შეიძლება ძვირი დაუჯდეს, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს და იმას იტყვის, რასაც მისგან ითხოვენ. დასძენს, რომ ეს ავტორიტარულ რეჟიმებში ხდება და "ავტორიტარიზმის პირობებში სოციოლოგიას აზრი არ აქვს".

"შემოგდებული თემები", ხმაურიანი ინციდენტები

როგორც ჩვენთან საუბრისას სოციოლოგები განმარტავენ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა სიტუაცია ვითარდება ქვეყანაში იმ მოვლენამდე, რასთან დაკავშირებითაც კვლევები ტარდება (არჩევნები, რეფერენდუმი და ა.შ.).

მათი თქმით, ისიც შეიძლება, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩატარებულმა კვლევამ იმ დროისათვის არსებული განწყობა მაქსიმალური სიზუსტით ასახოს, მაგრამ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე მოხდეს რაიმე ისეთი, რაც ამომრჩეველს აზრს რადიკალურად შეაცვლევინებს - არჩევნებზე მისვლას გადააწყვეტინებს, იმ პარტიის სასარგებლოდ გადახრის, რომლისთვის ხმის მიცემასაც არ გეგმავდა და ა.შ.

ამ ყველაფრის მაგალითად კი ისინი 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ციხის კადრების გავრცელებას ასახელებენ და დასძენენ, რომ სწორედ ეს კადრები იყო ის, რამაც ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვიტა.

"რაც მახსოვს, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, ყოველთვის ასე ხდებოდა - წინასაარჩევნოდ რაღაც ისეთს, სენსაციურს "შემოაგდებენ" ხოლმე, რომ ამას ხალხი არჩევნებზე მიჰყავს", - ამბობს თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ისეც ხდება, რომ ეს "შემოგდებული" თემა საპირისპირო შედეგს იძლევა და "შემომგდებთ" პირში ჩალა გამოვლებულს ტოვებს.

"გამსახურდიას არჩევნების დროს, არჩევნებამდე ერთი ადღით ადრე იმ დროისათვის აქტიური რამდენიმე პირი და მათ შორის ირაკლი წერეთელი ტელევიზიით გამოვიდნენ და მოსახლეობას მოუწოდეს, გამსახურდიასათვის ხმა არ მიეცათ. წინა დღეებში სოციოლოგიური კვლევა ჩატარებული იყო და აღმოჩნდა, რომ ამ გამოსვლამ გამსახურდიას ხმების 10% მიუმატა. ანუ, ხალხმა იფიქრა, რომ გამსახურდიას ებრძვიან და საარჩევნო უბნებზე მობილიზებულად მივიდა. ეს ყველაფერი დაახლოებით 24 საათში მოხდა," - ყვება რამაზ საყვარელიძე.

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგია, კითხვების თანმიმდევრობა და ფორმა, სწორად შერჩეული სამიზნე ჯგუფი - ეს ყველაფერი, ჩვენი რესპონდენტების აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კვლევამ ობიექტური და ჭეშმარიტებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შედეგი დადოს.

ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მეთოდოლოგია საეჭვო ნაკლებადაა, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი საკმაოდ კარგადაა ხოლმე ჩამოყალიბებული.

კითხვის ფორმას რაც შეეხება, მისი თქმით, შესაძლებელია, კითხვები ისე განალაგო და იმგვარად დასვა, რომ ამან პასუხებზე იმოქმედოს. მაგრამ აქვე დასძენს, რომ ეს დიდ სხვაობას ვერ მოგვცემს.

"აი, სამიზნე ჯგუფს და რესპონდენტთა შერჩევის წესს კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ადრე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ სატელეფონო კვლევა ჩაატარეს. შესაბამისად, ტელეფონიანი ხალხი გამოჰკითხეს. ეს ამბავი დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა, ტელეფონი ყველას არ ჰქონდა და მიღებული შედეგი რეალურისგან სრულიად განსხვავდებოდა, რადგან კვლევამ ვერ აჩვენა, თუ რას ფიქრობდა უტელეფონო ხალხი," - აცხადებს ბერძენიშვილი.

ვენდოთ თუ არა საქართველოში ჩატარებულ კვლევებს

ჩვენი თითოეული რეპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ, რაც უნდა ობიექტურად წარმართოს იგი ორგანიზატორმა, თითქმის შეუძლებელია რეალური სურათი ასახოს.

შესაბამისად, მათი აზრით, დიდი მნიშვნელობა არც იმ კვლევებს უნდა მივანიჭოთ, რომლებიც 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ გამოქვეყნდება და რომლებიც ცოტა ხნის წინ უკვე გამოქვეყნდა კიდეც.

თსუ-ს პროფესორი, სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ტიპის საზოგადოებაში კვლევები პროპაგანდის საშუალებაა, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის საგნად იყენებენ და არა ობიექტური სურათის წარმოსაჩენად.

როცა საზოგადოება მყარად არაა ჩამოყალიბებული და მითუმეტეს, როცა საკითხში მაინცადამაინც არაა გაცნობიერებული, ბერძენიშვილის თქმით, ვერ მოვთხოვთ, საკუთარ აზრზე დარჩეს და პასუხი არ შეცვალოს, რადგან თავადაც არაა გარკვეული.

"ამიტომ, ჩვენთან გამოკვლევებით მხოლოდ ის შეიძლება აჩვენო, თუ რა განწყობაა ახლა. არჩევნებზე მისვლის დროს კი შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაც ისეთს არ გააკეთებს, რაც მასობრივად ხალხს კონკრეტული გადაწყვეტილებისაკენ უბიძგებს.

"რას დაჰპირდებიან, როგორ დაჰპირდებიან და რა სიტუაცია შეიქმნება წინასაარჩევნოდ - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარმეტყველება კი ძნელია, რადგან ამომრჩეველი მერყევია.

"ამომრჩეველთა 40%-მა არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე, ან ვის მისცემს ხმას და ასეთ დროს ძნელია, სწორი პროგნოზები გააკეთო," - აცხადებს იგი.

წინასაარჩევნო კვლევებით, რამაზ საყვარელიძის თქმით, საზოგადოებას იმას აჩვენებენ, თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში, პოლიტიკური ძალების მომხრეთა რაოდენობა როგორია და ეს ზოგს გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება. "ჩვენთან კვლევები იმაზე ცოტაა, ვიდრე უნდა იყოს. წესით, ახლა კვლევების ცვენა უნდა იყოს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგი უკვე ყოველკვირა ქვეყნდება ხოლმე.

"ჩვენთან ეს ძალიან დელიკატური საქმე გახდა, რადან "ენდიაი"-სა და "აირაი"-ს კვლევებმა სრული უნდობლობა დაიმსახურეს. განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა მათი შედეგები და არჩევნების შედეგები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა. ეს უნდობლობა ახლაც არსებობს," - დასძენს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×