"რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია პალ-მა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7% მისცემდა.
ამასთან, შეკითხვაზე: "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"? - რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს.
ამავე კვლევების მიხედვით, კითხვაზე - შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი - 12,6%, დავით ბაქრაძე - 9,9%, მიხეილ სააკაშვილი - 7,1%, პაატა ბურჭულაძე - 5,4%, ირაკლი ალასანია - 5,0%, შალვა ნათელაშვილი - 3,1%, გიორგი კვირიკაშვილი - 2,6%, ბიძინა ივანიშვილი - 2%, ნინო ბურჯანაძე - 2%, ირაკლი ღარიბაშვილი - 1,1%.
გამოკითხვის შედეგები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 ათას 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ასახავს თუ არა პალ-ის კვლევის შედეგები საზოგადოების განწყობას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): არ მგონია, საზოგადოების განწყობას ასახავდეს. 20% "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან ბევრი მეჩვენება. საერთოდ, ამ კვლევების დროს გამოკითხულთა უმრავლესობა გულწრფელი არ არის. ბევრიც ჩამოუყალიბებელია. საველე სამუშაოებს ორგანიზაციები ადგილობრივებს უკვეთავენ, რომლებმაც კარგად იციან, სად უნდა გამოიკითხონ, რომ მათთვის სასურველი შედეგი დადონ.
"ძალიან კარგად გვახსოვს, რომ გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს ასწრებდა რეიტინგით, თუმცა, რეალური შედეგი არჩევნების შემდეგ ვნახეთ.
"საერთოდ, "ქართული ოცნებისთვის" ბევრი რამ ნიშანდობლივი უნდა იყოს. უამრავი შეცდომა იყო, თუმცა, დღევანდელ პერემიერს, წინასთან შედარებით, საზოგადოებაში დადებითი განწყობა აქვს".
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ვერ ასახავს ვერანაირ რეალობას. კვლევაში გარკვეული ეშმაკობა არის, როცა ბაქრაძე და სააკაშვილი ცალ-ცალკე არიან. რომ შეაერთონ მათი პროცენტები, "ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოსდის, რაც არარეალურია.
"ეს კვლვები წინასწარ გაყალბებული შედეგებია და არავითარ ლოგიკაში არ ჯდება ის, რომ პარტია უფრო ნაკლებ ხმას იღებდეს და მისი 2 წევრის პროცენტი უფრო მაღალი იყოს."
გიგი თევზაძე (სოციოლოგი): "მე არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო, რომ კვლევა პოპულისტურად არის ჩატარებული. როგორც ყველა კვლევისთვისაა დამახასიათებელი, პლუს-მინუს 2 პროცენტი შესაძლოა, ცდომილება იყოს. თუმცა ვთვლი, რომ საერთო სურათს ასახავს."
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "თუ ამ ორგანიზაციის წინა კვლვებს გადავავლებთ თვალს, მათი ნდობის არანაირი საფუძველი არ უნდა გვქონდეს.
ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია - 2012 წელს ამ ორგანიზაციის შედეგები რადიკალურად განსხვავებული იყო არსებული რეალობისგან. ამიტომ თავიდანვე მათი კვლევა არადამაჯერებელია. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, საქართველოში რაიმე კვლევა ჩაატარონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე