ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთლის კანდიდატურა "ევროპის სახალხო პარტიამ" წარადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. როგორც პოზიცია აცხადებს, ისინი გიგი წერეთელს მხარს არ დაუჭერენ.
"მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გვარის ადამიანია, ჩვენი ეროვნების ადამიანია, არა მგონია, ერთპიროვნულად და ბრმად ხელები უნდა ავწიოთ მის მხარდასაჭერად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ. მისივე თქმით, წერეთელი თანამონაწილეა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის.
გიგი წერეთლის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კი პრეზიდენტის პოზიციას ადეკვატური უწოდა.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურას უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი "ქართულმა ოცნებამ?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ეს ისეთი საქმეა, რომ ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი კონკრეტულად ამ ადამიანს. რადგან გიგი წერეთელი წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დასავლეთთან დასაახლოებლად და მე პირადად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ.
ერთადერთი, ვინც შეიძლება მხარი არ დაუჭიროს, წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტობას, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ საქართველოში, სხვა მხრივ, წესით, ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "რამდენიმე კანდიდატურა მაინც უნდა მოეთხოვათ, "ევროპის სახალხო პარტიას" შემოეთავაზებინა თავის კანდიდატი, მაგრამ საშუალება მოეცა ჩვენთვის, სხვა კანდიდატიც წარგვედგინა. შემდგომ უკვე გადაწყვეტილება და საბოლოო არჩევანი ერთად მიეღოთ.
თანაც ვინ ჰკითხავთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელს პატივს ვცემ, მგონია, რომ "სახალხო პარტიას" არავინ ჰკითხავს."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ქართული ოცნება" დაუჭერს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ანსამბელის პრეზიდენდობის კანდიდატურაზე გიგი წერეთელს მხარს, ეს მათი გადასაწყვეტია. პირადად მე, თუ ვინმე ქართველი იქნება, მივესალმები, ოღონდ ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც მიუკერძოებელი იქნება და ნებისმიერ პარტიულ ამბიციურობაზე მაღლა დააყენებს საქართველოს ინტერესებს."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე და განსაკურებით ბოლო წლებში აჩვენებს, რომ ის არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტია, არამედ - პარტია, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელისუფლებო აქციებს აწყობს. ამიტომ მათი ყოველგვარ თანამდებობაზე დანიშვნა, მხედველობაში მაქვს საერთაშორისო სივრცე, გაუმართლებლად მიმაჩნია.
ვეთანხმები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ გიგი წერეთელს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, მხარი არ უნდა დაეჭიროს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობაზე.
საქმე ისაა, რომ ჩვენ ვერ ვენდობით, "ნაციონალების" წარმომადგენელს, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს და როგორ დააყენებს საქართველოს საკითხს ეუთოს ასამბლეაზე."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "გარდა იმისა, რომ მე ერთ-ერთი პიონერი ვიყავი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოვიდა, კონკრეტულად გიგი წერეთელზე რატომ ატყდა ამხელა ამბავი, არ ვიცი.
"ქართულმა ოცნებამ" ხომ 12 "ნაციონალი" გადაიყვანა თავისკენ, რომლებიც ბევრად უფრო "შავრაზმელები" არიან, ვიდრე გიგი წერეთელი ოდესმე ყოფილა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ფრთა იყო "ნაციონალებში", ყოველ შემთხვევაში, მე ასე მახსენდება.
იქ, სადაც მარიკა ვერულაშვილსა და სხვებს იერთებ, გიგი წერეთლის ეუთოს საპარლამენტო ასამბელეის პრეზიდენტობის კანდიდატურაზე ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა ყოფილიყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე