ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სასულიერო პირთა ნაწილი, ე.წ. წმიდა მიტროპოლია, იმედგაცრუებულია საერთო მართლმადიდებელი დიდი კრების შედეგებით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ავტოკეფალიას თუ ავტონომიას ადგილობრივ ეკლესიას მხოლოდ დედაეკლესია ანიჭებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სტატუსს ვერ მიიღებენ, საქართველო ამაზე არასდროს წავა.
ქართველი თეოლოგები აცხადებენ, რომ ამ კრებისგდან სხვა მოლოდინი არც არსებობდა, თუმცა ნაწილი უშვებს იმ ალბათობას, რომ შესაძლოა, საქართველოს მიერ კრებაში არმონაწილეობის გამო, კონსტანტინოპოლმა აფხაზეთში საკუთარი ეპისკოპოსი გაუშვას და შემდეგ ნელ-ნელა სტატუსზე საუბარიც უფრო გააქტიურდეს.
აღსანიშნავია ის, რომ კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების პირველი დიდი კრება 16 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისს დასრულდა. მონაწილეობა 10 ეკლესიის 166-მა დელეგატმა მიიღო და შეკრებას 4 ეკლესია - რუსეთი, საქართველო, ანტიოქია (სირია) და ბულგარეთი არ დაესწრნენ.
დელეგატებმა მიიღეს 6 დოკუმენტი და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან, რომელიც ამ კრების მოწვევის ინიციატორი იყო, გაცხადდა, რომ მიღებული დოკუმენტების გათვალისწინება ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიისთვის სავალდებულოა.
იმ ეკლესიებს, რომლებმაც კრებაზე დასწრება არ ისურვეს, შეუძლიათ კრეტაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მოგვიანებით შეუერთდნენ და მათ წინ "კარი არ იხურება".
საქართველოს ეკლესია 2 საკითხს ეწინააღმდეგება. ესენია: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", ამდენად მოაწერს თუ არა ხელს და გაითვალისწინებს თუ არა კრების გადაწყვეტილებას, ამაზე ჯერ საპატრიარქოდან ოფიციალური საბოლოო არფერი გაცხადებულა.
თეოლოგების თქმით, თუკი საქართველოს ეკლესია კატეგორიულად უარს იტყვის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, შესაძლოა ამან სქიზმა, ეკლესიებს შორის ევქარისტული კავშირის გაწყვეტაც გამოიწვიოს, რაც ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს მოგვიტანს. ერთი, რომ ჩვენ მართლმადიდებელ სამყაროში იზოლაციაში აღმოვჩნდებით და მეორე - აფხაზეთის სტატუსი შეიძლება მსოფლიო საპატრიარქომ მარტივად განიხილოს.
ცნობისათვის, აფხაზეთის სასულიერო პირთა ნაწილს აფხაზური ეკლესიის სტატუსის განხილვაზე იმედი სწორედ იმის შემდეგ მიეცა, რაც საქართველოს საპატრიარქომ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქიის ეპისკოპოსი ოფიციალურად არის პატრიარქი ილია ||, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი სასულიერო პირები ვერ შედიან და იქ სამწყსოს ხელმძღვანელად საკუთარი თავი ბესარიონ აპლიამ დაინიშნა. აპლია მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება და წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ეპარქიებიდან ჩადიან მაღალი რანგის მღვდელმსახურები წირვა-ლოცვის ჩასატარებლად.
ამ რუსული გავლენის საპირწონედ 2011 წელს ათონის სამონასტრო კომპლექსში შეიქმნა ე.წ. წმინდა მიტროპოლია, კონსტანტინოპოლში განათლებამიღებული და კურთხეული სასულიერო პირების მიერ. ამ დაჯგუფებას დოროთე დბარი უდგას სათავეში და ის მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კანონგარეშედაა გამოცხადებული.
ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია მსოფლიო საპატრიარქოსგან უკვე რადენიმე ხანია აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვს, ხოლო რადგანაც სტატუსის საკითხი კრებაზე საერთოდ არ განხილულა, ამიტომაც დიდი კრების ჩატარების შემდეგ ამ ჯგუფმა იმედგაცრუება არ დამალა.
დოროთე დბარმა განაცხადა, რომ კრების გადაწყვეტილება სტატუსის არგანხილვის შესახებ მათთვის მიუღებელია, რადგან ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ადგილობრივ ეკლესიას, შეუძლია ავტონომიის სტატუსი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით მიიღოს, რადგანაც "აფხაზეთის რესპუბლიკის" ტერიტორია დეიურედ ყველა ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის კანონიკური ნაწილი.
როგორც დბარი აღნიშნავს, აფხაზები მომდევნო წმინდა და დიდ კრებას დაელოდებიან, რომელიც პროგნოზების მიხედვით რამდენიმე წელიწადში ისევ უნდა შეიკრიბოს.
განცხადებაში ის ასევე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ეკლესიის ავტონომიურობას ვერც მოსკოვის საპატრიარქო ვერ გადაწყვეტს, რადგან ისიც აღიარებს, რომ ეკლესიური კანონიკით აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და მით უფრო ახლა, როდესაც რუსეთმა და საქართველომ ამ კრებას ერთად გამოუცხადეს ბოიკოტი, ეს ქართულ-რუსულ საეკლესიო მეგობრობას უფრო გაამყარებს და რუსეთი შეეცდება აფახაზეთის საკითხი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ გადაწყვიტოს.
თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ კრეტაზე საქართველოს არჩასვლის გამო რაც არ უნდა გაფუჭებულიყო და დაძაბულიყო მდგომარეობა, ავტოკეფალიური ეკლესიები უფრო დიდ კონფლიქტს ერიდებიან, ამიტომაც რომელიმე ეკლესიის აღიარებული საზღვრების გადახედვა მოსალოდნელი არც იყო.
"კრებაზე, სადაც თითქმის ყველა ეკლესია შეიკრიბა, არ წავედით და ამდენად აფხაზეთში სტატუსის განხილვაზე მოლოდინიც ჩვენ შევქმენით.
"დბარის ფრთას გაუჩნდა სალაპარაკო და ირიბადაც ამას ეუბნება მსოფლიო პატრიარქს, რომ საქართველოს თავად არ სურს ერთიანობა, ლამისაა სქიზმაში გავიდნენ და ჩვენ პირიქით, ერთობაში ყოფნა გვსურს, გვაღიარეთ და თქვენთან კარგ ურთიერთობაში ვიქნებითო.
"დიახ, ჩვენი კრეტაზე არწასვლა აფხაზეთში ავტოკეფალიობის მომხრეებს აძლიერებს, მაგრამ მეორეს მხრივ ჯერ კიდევ სხვა ავტოკეფალიური ეკლესიები თავს იკავებენ და ერიდებიან ტერიტორიების გადახედვას", - ამბობს აბაშიძე.
მისი თქმით, საეკლესიო წიაღში თუ ჩვენ მყარად ვიქნებით და თუ ჩვენ ჩვენი უკიდურესი პოზიციის გამო თავად არ გავალთ სქიზმაში, რაზეც ბევრი იწერება, ამ მხრივ საფრთხე არ გველოდება. თუ გამოვაცხადებთ, რომ კრებას ვინც ესწრებოდა, მათთან არ ვართ და ეს რა დოკუმენტები მიიღეს, აფხაზეთი კი არა, შუაგულ საქართველოშიც შეიძლება გამოიყოს ჯგუფი და თქვას, რომ ისინი სხვა მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების გვერდით რჩებიან.
"მოაწერს თუ არა ხელს ჩვენი ეკლესია ამ დოკუმენტებს, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, ეკლესიაში ხანდახან ყველაფერი ძალიან ნელა ხდება, სხვა დროის განზომილებაა და შესაძლოა წელს არა, მაგრამ მაგალითად 20 წლის შემდეგ მოაწეროს ხელი.
"უთანხმოების მიუხედავად კრება მაინც შედგა, ჩვენ აღმოვჩნდით რუსეთის ეკლესიის მხარეს და ამით მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობა გავიფუჭეთ, მაგრამ ამ განაწყენების გამო აფხაზეთის ეკლესიის აღიარება არ მოხდება. ეს ასე იქნება, სანამ სხვა ავტოკეფალიურ ეკლესიებთან ერთობას შევინარჩუნებთ.
"ოკუპირებულ აფხაზეთში კი გაგრძელდება ის, რაც ადრე ხდებოდა. რუსეთიდან ჩავლენ სასულიერო პირები და ჩაატარებენ წირვა-ლოცვას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კონსტანტინოპოლმა აფხაზეთში მღვდლები გაუშვას. ის იქ ფეხს ვერ მოკიდებს, იმიტომ, რომ აფხაზეთი, ჯერ ერთი, რუსულად მოლაპარაკეა, რუსეთთან აქვს საზღვარი და მიმოსვლა და დიდი ალბათობით ისევ რუსეთიდან მოხდება სასულიერო პირების ჩასვლა", - დასძენს აბაშიძე.
თეოლოგ ვაჟა ვარდიძის თქმით, ჩვენმა არწასვლამ გარკვეული გაუგებრობა შექმნა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ კონფრონტაცია და ნიშნის მოგება არ მოხდება.
"ამ კრების თემატიკა წინასწარ იყო განსაზღვრული და მხოლოდ იმის გაფორმება უნდა მომხდარიყო, რაზეც წინასწარ შეთანხმდნენ. აფხაზეთში არაფერი შეიცვლება, როგორც ადრე იყო ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება. არაოფიციალურად ჩავლენ რუსი მღვდელმსახურები. რუსეთს არ აწყობს რადიკალიზაცია, იმიტომ რომ საქართველოს სადავეები ხელთ უპყრია და ამ აფხაზური ფაქტორითაც ლავირებს.
"ხოლო თუკი აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს საწინააღმდეგოდ გადადგამს ნაბიჯს, ეს ჩვენთან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს და რუსეთის გავლენაც შემცირდება, რაც ხელს არ აძლევს. მეორე მხრივ, არც კონსტანტინოპოლს აწყობს, დაუპირისპირდეს ვინმეს. ამიტომ ახლა რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები",- ამბობს ვარდიძე.
კანონიკური სამართლის სპეციალისტ, თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას განცხადებით, შესაძლოა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავიდანვე ხისტი ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყოს, მაგრამ აფხაზეთში საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნოს ეპისკოპოსის სახით და აფხაზეთში რუსული სასულიერო პირების გვერდით მალე წირვა-ლოცვა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებმაც წარმართონ.
"აფხაზეთის ეკლესიის აღიარება რთული თემაა, ის რუსეთის ეკლესიას არ აწყობს, რადგან მას უკრაინის სახით თავად აქვს პრობლემა და პრეცედენტი მისთვის სახიფათოა.
"ამიტომაც რუსეთი აფხაზეთის საკითხს არ დააყენებს. თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდანაც იყო გაცხადებული, რომ კრებაზე ავტოკეფალიის საკითხი არ განიხილებოდა. ამდენად, უახლოეს მომავალში აფხაზეთის ეკლესიის საკითხის განხილვა არ მოხდება.
"თუმცა დბარის შეფასება რელევანტურობას მოკლებული არ არის. აფხაზეთის ქრისტიანული სამწყსო ითხოვს, მათზე კანონიკური დაპურება განხორციელდეს და ახალგაზრდულმა ფრთამ, რომელიც ბესარიონ აპლიას არის დაპირისპირებული და რომელსაც დბარი მეთაურობს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართეს.
"შესაძლოა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავიდანვე ხისტი ნაბიჯების გადადგმა არ დაიწყოს, მაგრამ აფხაზეთში საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნოს ეპისკოპოსის სახით.
"ეს ჩემი ვარაუდია. ვფიქრობ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ამაზე ფიქრობს და მან აფხაზეთში დაზვერვითი სამუშაოც ჩაატარა ერთი წლის წინ და საკუთარი წარმომადგენელიც ჰყავდა გაგზავნილი. ეს არ გახმაურებულა, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
"ჯერ ეპისკოპოსს გაგზავნის და შემდეგ შესაძლებელია ისიც, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს კანონიკური საფუძვლების შექმნა აფხაზეთის მიწაზე. ეს ძალიან რთულად მისაღწევია, მაგრამ შესაძლებელი", - აცხადებს ნარსია.
მისი თქმით, დღეს არაოფიციალურად რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ჩადიან აფხაზეთში, მაგრამ ის ამის ვერ აფორმებს, ვერც მომავალში გადაწყვეტს ამას, ისევ უკრაინის პრობლემის გამო. ხოლო კონსტანტინოპოლს ამგვარი პრობლემა არ უდგას და ის უფრო თამამად შეძლებს საკუთარი სასულიერო პირების გაფორმებას.
"ის იტყვის, რომ მას რამე ინტერესი კი არ გააჩნია, არამედ წმინდა მამობრივი, მზრუნველობრივი დამოკიდებულება აქვს აფხაზური ეკლესიის მიმართ და მრევლი დაპურების გარეშე არ უნდა დარჩეს", - ამბობს ნარსია.