ანზორ საკანდლელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
დაახლოებით ერთი თვის წინ გაზეთმა "რეზონანსმა" გამოაქვეყნა ერთ-ერთი ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის სტატია აუდიტორულ დასკვნებზე დაფუძნებული ასეთი გამაოგნებელი სტატისტიკით: ამჟამად ეკონომიკის სამინისტროში არის 14 დეპარტამენტი, 11 სსიპ-ი, მრავალი სააგენტო, ბიურო, სამსახური, სადაც მუშაობს 804 კაცი და წლიური ბიუჯეტია 85 მილიონი ლარი. რაც მთავარია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას ამუშავებს 275 კაცი წლიური ბიუჯეტით 16 მილიონი ლარი. ჩვენი აზრით, ამ უზარმაზარი რესურსის მიუხედავად, უკუგება ნულოვანია, რადგან საქართველოს დღესაც არ გააჩნია არანაირვადიანი ეკონომიკური განვითარების არც პოლიტიკა და არც რამე კონკრეტული სამოქმედო პროგრამა.
გვაქვს მხოლოდ 2013 წელს დაწერილი, ზოგადი ფრაზებით უხვად გაჯერებული და კონკრეტიკისაგან დაცლილი, "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020". აგრეთვე 2016 წლის 26 თებერვლის მთავრობის #100 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-20 წლებისთვის", სადაც მცირე მეწარმეობის განვითარების კონკრეტულ სამოქმედო რამე პროგრამაზე ასევე არაფერია ნათქვამი და აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ვრცლადაა საუბარი პირველ, ძირითად სტრატეგიაში "საქართველო 2020". ამ 85-გვერდიან "ვაისტრატეგიაში" კი მსოფლიოში დასაქმებულთა 90%-ის დამსაქმებელ მცირე და საშუალო მეწარმეობაზე საუბარია მხოლოდ ნახევარგვერდიან 3 წინადადებაში!
ამ დროს ეკონომიკის სამინისტრო 5 თვეა ჯიუტად არ განიხილავს პარლამენტიდან ოფიციალურად დასკვნისთვის გადაგზავნილ, ჩვენი ასოციაციის მიერ აკადემიურ დონეზე დამუშავებულ-დაპატენტებულ (საქპატენტის მოწმობა #6333), აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებულ, 57-გვერდიან, ასოციაციის წევრთა მიერ პრესაში გამოქვეყნებული 700-ზე მეტი პუბლიკაციით, 64 გამოყენებული ლიტერატურითა და ინტელექტუალური საკუთრების "საქპატენტის" 6 მოწმობით გამყარებულ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომს: "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა". დიდი მადლობა გვინდა მოვახსენოთ "რეზონანსის" რედაქციას, რომელმაც პატივი დაგვდო და ჩვენი "კონცეფცია-პროგრამის" თემაზე გამოგვიქვეყნა 3 ათეულამდე სტატია.
ამ კონცეფცია-პროგრამის ყველა ექვსივე ახალი ეკონომიკური რეფორმა კარგა ხანია გამზადებულია პრაქტიკული დანერგვისათვის და მე-4 წელიწადია ამაოდ ველოდებით ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას. 6 ეკონომიკური რეფორმიდან 5 რეფორმა ემსახურება ქართველი ხალხის 2 უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის - მცირე მეწარმეობის, ანუ დასაქმებისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების კომპლექსური რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ასეთი უნიკალური რეფორმების დაწყება კი ჩაშალა ეკონომიკის სამინისტრომ, როცა 5 თვეა არ ასრულებს პარლამენტის მოთხოვნას ჩვენი კონცეფცია-პროგრამის განხილვის თაობაზე, განსხვავებით ფინანსთა სამინისტროსგან, სადაც პარლამენტის ასეთივე მოთხოვნას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. 2016 წლის 25 თებერვალს მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით შექმნილმა სამინისტროს უაღრესად კომპეტენტურმა 9-კაციანმა კომისიამ ყურადღებით მოგვისმინა და განიხილა ჩვენი პროგრამა.
2016 წლის 7 ივნისს კი, გამოქვეყნდა ელზა წიკლაურის სტატია: "საქართველო ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევში", რომელიც მთავრდება მსოფლიო ბანკის, ავსტრიული კომპანია "ეუობსერვიზის", კომპანია "ვაის ევროპის", ლინცის უნივერსიტეტის პროფესორ ფრიდრიხ შნაიდერისა და ქართველი სპეციალისტების მონაცემებით დადასტურებული, გამაოგნებელი დასკვნებით:
"სახელმწიფო, რომელიც რეფორმატორი ქვეყნის სტატუსით, დაბალი კორუფციის დონითა და ჯანსაღი კონკურენციის არსებობით ამაყობს, კვლავ ჩრდილოვანი ეკონომიკის მორევშია ჩაშვებული და იქედან ამოსვლას ვერ ახერხებს. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მშპ-ის უფრო მეტად ზრდას უშლის ხელს. სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის საკმაოდ დიდი მასშტაბები აღიარონ და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ".
ეს სტატია მნიშვნელოვანია იმით, რომ საბოლოოდ დაამსხვრია მითი ჩვენი საგადასახადო კოდექსის სიკარგის შესახებ. დადასტურდა 20 წლით ადრე პარლამენტში და საჯაროდ გამოთქმული ჩემი პროგნოზები, რომ არ შეიძლება ასეთი საგადასახადო კოდექსის მიღება, რადგან ამ კოდექსით განადგურდება ეკონომიკა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეობა და ქვეყანაში დამკვიდრდება 70-80%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა, რაც უკვე სახეზეა!
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მთავრობაც, წინამორბედების მსგავსად, ამართლებს ფშაველი პოეტ როსტომ მაჩხოშვილის ამ სიტყვებს: "ამპარტავნობა დაჯირითობს სამსახურებში, ქვეყნის ბედს წყვეტენ "ყოვლის მცოდნე" ბაიყუშები". არ ხართ, ბატონებო, "ყოვლის მცოდნე", დაუგდეთ ყური სხვებსაც, აღიარეთ ქვეყანაში 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკის არსებობა და ერთად დავიწყოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა. გახსოვდეთ ქართული ანდაზა: შუბი ხალთაში არ დაიმალება!
ბენდუქიძის მიერ არარეგულირებადი ველური კაპიტალიზმის დამამკვიდრებელ ლიბერალურ-მაფიოზურ რელსებზე გადაწყობილ დღევანდელ ეკონომიკის სამინისტროს კი ამის გაკეთების არც თავი აქვს და არც სურვილი. ალბათ 5 თვეა, ამიტომ ამბობს უარს რეგულირებადი ცივილური კაპიტალიზმის დამამკვიდრებელი ჩვენი კონცეფცია-პროგრამის განხილვაზე. როგორც ჩანს, ამ რეფორმების გასატარებლად აუცილებელია "ეკონომიკური ბენდუქიზმისაგან" თავის დასაღწევად თვითონ ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდეს რადიკალური სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები. 85 მილიონი ლარის ბიუჯეტისა და 804 საშტატო ერთეულის მქონე დღევანდელ ეკონომიკის სამინისტროში ბიუჯეტის გაზრდის გარეშე ასეთი სტრუქტურული რეფორმების ჩატარება შეიძლება უპრობლემოდ.
ამ გზით მივალთ იმ შედეგებამდე, რასაც 2000 წელს გვირჩევდა ცნობილი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიშერი და ამ რჩევების შესაბამისი რეფორმების ჩატარებას 2006 წელს საქართველოში რეალურად აპირებდა სააკაშვილის მრჩეველი, ასევე ცნობილი ესტონელი ეკონომისტი ლაარი, ნოღაიდელს რომ არ შეეშალა ხელი. აი, ფიშერის ეს რჩევაც: 2-ჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და 3-ჯერ გაგეზრდებათ საგადასახადო შემოსავლებიო!
რის ხარჯზე? რა თქმა უნდა, 2-ჯერ შემცირებული ოპტიმალური საგადასახადო ტვირთიანი ახალი კოდექსის მიღების ხარჯზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება 5 სამეურნეო წელიწადში დღევანდელი 70%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 20%-იან მაჩვენებელზე და ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მხოლოდ ბიზნესის გათეთრების ხარჯზე, მშპ გავზარდოთ 100-150%-ით, რაც ქვეყნის 20-30 წლიანი გიგანტური ეკონომიკური ნახტომის ტოლფასია!
ეს ყველაფერი ჩადებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ განსახილველად უარყოფილ ჩვენს კონცეფცია-პროგრამაში, რომლის 6 ეკონომიკური რეფორმიდან პირველი და ძირითადია სწორედ საგადასახადო რეფორმა. ეს რეფორმა კი ეფუძნება ჩვენს მიერ დამუშავებულ - დაპატენტებული, თავისუფლად მიშვებულ ოპტიმლურ საგადასახადო ტვირთებზე დაფუძნებული ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს, რომელიც მცირე მეწარმეებისათვის კარგა ხანია დამუშავებული გვაქვს და მცირე მეწარმეებთან აპრობაციის შემდეგ შეიძლება გავავრცელოთ მსხვილ მეწარმეებზეც. აი, რა რეფორმების განხილვაზე ამბობს უარს ეკონომიკის სამინისტრო.
მიუხედავად ამისა, მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს არა უსასრულო, არამედ დროებითი შეცდომაა, რადგან გენიალური აინშტაინის სიტყვები, რომ მოვიშველიოთ: მხოლოდ სამყარო და სიბრიყვეა უსასრულო. სიბრიყვემდე კი ეკონომიკის სამინისტრო, ალბათ, არ მივა...