1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია იმართება. მას ის რუსი დეპუტატებიც დაესწრებიან, რომლებსაც, სავარაუდოდ, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი აქვთ დარღვეული.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათ მიმართ ეს კანონი არ უნდა ამოქმედდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეა საქართველოში იმართება, მიმღები ქვეყანა ეუთოა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის თქმით, ეუთო-ს შეჰპირდნენ, რომ საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებაში მონაწილეობენ.
"მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ეს არის ეუთო-ს ღონისძიება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ახლა ეუთო-ს ტერიტორიაზე ვიმყოფებით. როდესაც ჩვენ ეუთო-სთან ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როგორც მიღებულია საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკაში, ეუთოს შევპირდით, რომ ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც, ესპანეთის დელეგაციასაც, აშშ-ის დელეგაციასაც და საერთოდ ყველას. თუკი ვინმეს კანონი აქვს დარღვეული, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ, მაგრამ ამავე დროს აქ მუშაობის პროცესში ხელი არავის შეეშლება," - განაცხადა უსუფაშვილმა.
სწორია თუ არა ხელისუფლების დამოკიდებულება რუსი დელეგატების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): რა პრობლემა უნდა იყოს, რატომ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა?! ისინი ეუთოს მოწვევით ჩამოდიან და არა საქართველოსი. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთოობა - გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ არა ეუთოსთან.
ჩვენ რომ მათ დელეგატზე რაიმე პრეტენზია გამოვთქვათ და არ შემოვუშვათ, ამ შემთხვევაში კონფლიქტში ეუთოსთან შევდივართ, რადგან რუსეთის დელეგატები არა ჩვენთან, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოდიან.
გია როინიშვილი (მსახიობი): საქართველოს კანონი არ უნდა დაირღვეს, ეს არის ჩემი პასუხი. არავის აქვს ამის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვინ იქნება, პოლიტიკოსი თუ სხვა ვინმე. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, ეს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს და ამის უფლება არც არავის არ უნდა მისცეს.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): დელეგატი, როგორც ზავის დროს პარლამენტარი, ხელშეუხებელია. მათი ჩამოსვლა, პირიქით, ძალიან კარგია. აქ იქნებიან და მოახსენონ ყველა ის პრეტენზია, რომელიც რუსეთთან გვაქვს.
თვითან თვემდე არ გვახსენდება ეს პრობლემა და ახლა დელეგატები არიან ყველაზე დიდი ბოროტება?! პირიქით, ამ დროს ყველაზე მეტად უნდა იყოს საქართველო მომზადებული, რომ სხვა დელეგატებთან ერთად ყველა პრობლემაზე ისაუბრონ.
ქეთი ბექაური (იურისტი): რა ფორმატით მოხდება მათი მონაწილეობა, ამას მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტს. როგორც კარასინ-აბაშიძესთან შეხვედრის დროს აღინიშნა, რუსეთთან ურთიერთობა დათბა. ურთიერთობის მოწესრიგებისკენ მოუწოდებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები.
ახლა რომ საქართველომ რამენაირად დაუშვას, რომ რუს დელეგატებს მონაწილეობა არ მიაღებინოს, ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება იმ გზაზე, რაც საქართველომ აირჩია. ჩვენ ყველასთან ცივილური და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გვქონდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე